შურისძიება ტერაქტებისათვის - საფრანგეთი "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქს ბომბავს. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ომის დაანონსების შემდგომ სირიის ქალაქმა რაქამ საჰაერო ძალების 10 თვითმფრინავიდან 20 ჭურვი მიიღო.
სამხედრო ექსპერტები საფრანგეთს ამ ქმედებას პროპაგანდისტულ ნაბიჯად უთვლიან და ამბობენ, რომ ეს უფრო ხალხის დასამშვიდებლადაა გაკეთებული, ვიდრე რეალური შედეგის მისაღებად, რადგან მსგავსი ოპერაციები "აისის"-ს დიდ ზიანს არ აყენებს. ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის პოზიციების შესარყევად კი, მათი აზრით, სახმელეთო ოპერაციებია საჭირო, რომელსაც შედეგიც მეტი აქვს და მსხვერპლიც.
რაქას დაბომბვის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. საფრანგეთის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით იგი ავრცელებს ცნობას, რომ ავიადარტყმის ერთ-ერთი სამიზნე "ისლამური სახელმწიფოს" სამეთაურო პუნქტი იყო, რომელიც ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობად გამოიყენებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც ავიაიერიშის დროს გაანადგურეს, ჯიჰადის საწვრთნელი ბანაკია.
"გარდიანის" ცნობით კი, იერიშების შედეგად ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი პროვინციის ორი ქალაქი განადგურდა. აღნიშნული ავიაიერიშების განხორციელების თაობაზე შაბათსა და კვირას ტელეფონით ისაუბრეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა.
მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი წლის წინ აშშ-მა რადიკალური სუნიტური დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, რომელმაც 2014 წლის ივნისში სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე "ხალიფატის" შექმნის შესახებ გამოაცხადა, ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო.აშშ-ს ხელმძღვანელობით "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციაც შეიქმნა, რომელსაც საფრანგეთი ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.
2014 წლის 19 სექტემბერს ავიადარტყმების განხორციელება ერაყში დაიწყო. რაც შეეხება სირიას, საფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" შეიარაღებული მებრძოლების პოზიციებზე სირიაში იერიშების მიტანა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო - საფრანგეთმა დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა. საფრანგეთის პრემიერი ამას თავდაცვით ხსნიდა და ამბობდა, რომ შეიარაღებული დაჯუფება სირიის ტერიტორიას ევროპაში თავდასხმების განსახორციელებლად წვრთნებისათვის იყენებდა.
რაქა, რომელსაც საფრანგეთმა ავიაიერიშებით შეუტია, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქად მოიაზრება. მასზე სრული კონტროლი შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 2014 წელს დაამყარა.
პარიზში განხორციელებული ტერაქტები და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა თურქეთში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტის უმთავრესი თემაა. როგორც სამიტის პირველ დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე საპასუხო ავიაიერიშების მიტანა "თავდაცვის ფარგლებში" მოხდა.
ევროპის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ იგეგმება. საფრანგეთში უწყვეტ რეჟიმში ტარდება ანტიტერორისტული რეიდები, რომლის შედეგადაც უკვე 130-მდე ადამიანი დააკავეს და რამდენიმეს შინაპატიმრობაც მიუსაჯეს.
"ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება, არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა.
სტამბოლში კი, სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ტერაქტი აღკვეთეს. სამართალდამცველებმა 13 ნოემბერს 5 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მასშტაბური ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.
როგორც სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, თურქეთის ხელისუფლება იძიებს, ჰქონდა თუ არა კავშირი დაკავებულებს პარიზში მომხდარ ტერაქტებთან. სააგენტოს წყარომ არ გამორიცხა, რომ დაკავებულები ევროპაში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.
შესაძლო ტერაქტების შესახებ საფრანგეთს, ირანს, აშშ-სა და რუსეთს ერაყული სპეცსამსახურებიც აფრთხილებენ. სააგენტო "ესოშიეთედ პრესის" ცნობით, ერაყის დაზვერვამ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებს ინფორმაცია პარიზში მომხდარ ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა.
მუქარა გაავრცელა თავად "ისლამურმა სახელმწიფომაც" და ახალი ტერაქტები ვაშინგტონში დააანონსა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ისლამისტებმა კიდევ ერთი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა "საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".
პასუხად დიდი ოცეულის ქვეყნები ტერორს ომს უცხადებენ. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თურქეთში, "დიდი ოცეულის" სამიტზე გააკეთა.
"ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა მერკელმა.
გამოცხადებული ომის პირველ ნაბიჯს - რაქას დაბომბვას 13 ნოემბრის ტერაქტებისათვის შურისძიებას უწოდებს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ ამ ტერორისტული აქტების შემდეგ საფრანგეთი საპასუხო ქმედების განხორციელებას სწორედ ამ ქალაქის დაბომბვით შეეცდებოდა, სადაც აისისი-ის ძირითადი დაჯგუფებებია განლაგებული.
მისი თქმით, დაახლოებით ასეთი რამ მოხდა 2001 წელსაც - როცა ალ-ქაიდამ აშშ-ში ტერაქტები განახორციელა, ცოტა ხანში პენტაგონმა ავღანეთზე საჰაერო დარტყმები მიიტანა და სპეცდანიშნულების ჯგუფებიც გადასვა.
"მე რომ მკითხოთ, რაქას დაბომბვას უფრო პოლიტიკური და პროპაგანდისტული ელფერი აქვს, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ ხელისუფლება უმოქმედოდ არაა და ცდილობს, ტერორისტების წინააღმდეგ შური იძიოს.
"ამ ქალაქში გამაგრებული მებრძოლების წინააღმდეგ ეს ერთჯერადი საპასუხო ქმედება დიდ შედეგს ვერ გამოიღებს. აქ საერთაშორისო კოალიციის მუდმივი და კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო, რათა "ისლამურ სახელმწიფოს" არა მხოლოდ ჰაერიდან შეებრძოლონ, არამედ ხმელეთიდანაც. საბოლოო გამარჯვება სწორედ სახმელეთო ოპერაციების შედეგად მიიღწევა, რომელიც საჰაერო ძალებით იქნება მხარდაჭერილი", - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, თუკი სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, კოალიციიდან მსხვერპლი ბევრად მეტი იქნება. ამბობს, რომ ერთია საჰაერო დაბომბვა, რომელსაც ერთი ან ორი პილოტი ახორციელებს და მისი ჩამოგდებით ადამიანური მსხვერპლის რაოდენობა ნაკლებია და მეორეა ჯავშანტრანსპორტიორების კოლონის აფეთქება, ან სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, როცა მხვერპლი ბევრად დიდია.
ასე რომ, ალადაშვილის თქმით, თუკი საფრანგეთი გადაწყვეტს, ამ ყველაფრისათვის შური სახმელეთო ოპერაციით იძიოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ბევრად დაიძაბება.
კითხვაზე, რამდენად შეასუსტებს ეს ყველაფერი ჯიჰადისტების პოზიციებს და შესაძლებელია თუ არა ამ გზით მათი დამარცხება, ალადაშვილი გვპასუხობს, რომ მთავარი პრობლემა შენიღბვაა.
"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ხალხი მთელი მსოფლიოდან მიდის. შეიძლება სირიასა და ერაყში არც წავიდნენ, თავიანთ ქვეყნებშივე შექმნან ერთგვარი ჯგუფები და ტერორისტული აქტები ადგილზევე ჩაატარონ. ამიტომაც არიან ძალიან საშიშები - ტანკებისაგან განსხვავებით, ისინი არც ჩანან, ინიღბებიან როგორც ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა. მოულოდნელად კი ხალხს თავს ესხმიან", - აცხადებს ალადაშვილი.