ეკატერინე ბასილაია
19.11.2015

 "შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა," - კვლევის შედეგებს ამჯერად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილი მოსახლეობის 61%-ს აქვს და ეს მონაცემი ზუსტად იმდენია, რამდენიც ერთი თვის წინ ენ-დი-აის კვლევაში დაფიქსირდა.

თუმცა მოიმატა იმის შიშმა, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ სურათის მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია და მთავრობას და მედიას მოუწოდებენ, უფრო მეტი ისაუბრონ და მეტი დებატები შედგეს ევროკავშირის კონკრეტულ სიკეთეებსა თუ უპირატესობაზე. ამავე კვლევის მიხედვით, ევრაზიულ კავშირს 27% უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 61%-მდე იყო შემცირებული, ევრაზიულ კავშირს კი მხარს 31% უჭერდა.

ერთი თვის შემდეგ ახლა უკვე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, სადაც აღნიშნუილია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 17%-თაა შემცირებული.

ამავე კვლევაში მოქალაქეებს აქვთ შიში, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. თუ ასეთი შიში 2013 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა 30% ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 45%-მდეა გაზრდილი.

კითხვაზე, ვის შეუძლია, უკეთ დაეხმაროს საქართველოს, 33% ევროკავშირს ასახელებს; 24% - რუსეთს; 17% კი აშშ-ს.

გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%-ს სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - მხოლოდ 26%-ს. შესაბამისად, ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - 35%.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფონდი ევროკავშირთან დაკავშირებით კვლევებს 2009 წლიდან აწარმოებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას რესპონდენტებს 108 შეკითხვა დაუსვეს. კვლევის საბოლოო შედეგსა და ფონდის მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოკვლეულ ძირითად ტენდენციებზე ანგარიშს საზოგადოება 25 ნოემბერს იხილავს, სადაც ასევე გაცხადდება ფონდის ხედვა და რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურების, ევროკავშირის, არასამთავრობოებისა და მედიის მიმართ.

მანამდე კი, საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს.

"ტენდენცია გვაჩვენებს, რომ იმ ადამიანთა რაოდენობამ იკლო, რომელიც ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს. ასევე ვხედავთ იმას, რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა," - აცხადებს ფონდის პრეზიდენტი.

ქეთევან ვაშაკიძე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის კლება 2013 წლის შემდეგ ჩანს და მკვეთრად გაზრდილია იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის.

ამბობს, რომ ეს კლება შესაძლოა, რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას დავუკავშიროთ.

იმაზე, კონკრეტულად რომელ ტრადიციებს ემუქრება საფრთხე, შეკითხვები არ დასმულა და ფონდი ამ საკითხზე მომავალში დამატებითი კვლევის ჩატარებას აპირებს.

"კვლევაში ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ საზოგადოებაში ხშირად არის ლაპარაკი, რომ ევროპა უკავშირდება გეების პროპაგანდას, რომ რაღაც ისეთი კანონები და წესები მივიღოთ, რომელიც ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება.

"სწორედ ამაზეა მარტივი პრორუსული პროპაგანდა აგებული. თუმცა ასეთივე დებატები ევროპაშიც მიდის, არის თუ არა ერთსქესიანი ქორწინება მათი ტრადიციის რღვევა," - ამბობს ვაშაკიძე.

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობის კლების მიზეზად ვაშაკიძე მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებას ასახელებს და ამ საკითხში მედიის წვლილზეც საუბრობს. მიუხედავად კრიტიკისა, რომ ხელისუფლება პროდასავლურ კურსს არ მიჰყვება, ის ამის ნიშნებს ვერ ხედავს, თუმცა პრობლემად პოლიტიკოსთა კონსერვატიულ განცხადებებს ასახელებს.

"კვლევაში ჩანს, რომ ძირითადად ჩვენი მოსახლეობა ამბავს ტელევიზიებიდან იღებს. უმეტესად უსმენს იმას, რას და როგორ ამბობენ პოლიტიკოსები. მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ არის "ოფინიონ მეიკერი", ის, ვინც ქვეყანაში აზრს ქმნის. როდესაც მოსახლეობაში არ იციან, ევროპა რა არის, ამ დროს კი ძალაუფლებაში მყოფი პირებისგან სხვადასხვა, ხშირად კონსერვატიული მესიჯი მოდის, ეს ხალხის შიშს აძლიერებს.

"თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურია. დიდი ხანია ევროინტეგრაციის საკითხების მონიტორინგზე ვმუშაობ, ვაკვირდები როგორ მიდის პროცესი. მესმის, როდესაც კოალიციური მთავრობაა, იქ არიან სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი ადამიანები. ამიტომაც როდესაც ძალიან კონსერვატორი პოლიტიკოსი ამბობს, რომ სტალინი უდიდესი ბელადი იყო და ამ დროს ევროპა ტრადიციებს მოგვიშლის, ეს რა თქმა უნდა კონსერვატორ აუდიტორიაზე გავლენას ახდენს. თუმცა მთავრობა და ასევე წამყვანი პარლამენტარები კონსერვატორები არ არიან," - მიიჩნევს ვაშაკიძე.

ფონდის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობას მეტი და სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ისე, როგორც მაგალითად ეს ხდება ვიზის ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით.

"ვიზის ლიბერალიზაციის მსგავსად სხვა კონკრეტული საკითხების გაშუქება უნდა მოხდეს. ისეთის, რომელიც ჩვენს სტანდარტებს, მდგომარეობას, კეთილდღეობას გააუმჯობესებს. ბევრი ასეთი საკითხია, ხალხმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. მაგალითად, სურსათის უვნებლობის საკითხზე ჩვენი ფონდი აქტიურად მუშაობს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გვეხმარება ევროკავშირის სტანდარტები ამის გაუმჯობესებაში. ბევრია ასეთი არაპოლიტიკური საკითხი. ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია, რა დახმარება მოდის ევროკავშირიდან, ძირითადად განწყობა ასეთია: დახმარება მოდის, მაგრამ ის ელიტისთვისაა მხოლოდ და ხალხამდე არ აღწევს. ამ დროს კი ევროკავშირის დახმარება სისტემებისა და სტანდარტების აწყობა-განვითარებაზე მიდის და ამას ხალხი ვერ ხედავს," - ამბობს ვაშაკიძე.

"უნდა იყოს ბევრი საუბარი იმაზე, რას წარმოადგენს დასავლეთი და რატომ უნდა გვინდოდეს ის. იდეოლოგიურადაც უნდა ვაჩვენოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისტორიულად პატივს ვცემთ, ყოველთვის ესმოდათ ის, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. იმიტომ, რომ ჩვენი ძირითადი ღირებულებები საერთოა. უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს იმაზეც, დოვლათის სახით რას მოიტანს ევროპა. ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის გახსნამ დიდი შესაძლებლბა მოგვცა და აუცილებელია ამაზე მეტი საუბარი იყოს, ვასწავლოთ ბიზნესმენს და მოქალაქეს, ეს შესაძლებლობა როგორ გამოიყენოს. მეტი დებატი უნდა ტარდებოდეს. სახელმწიფო, რომელმაც დასავლური გეზი აიღო, ვალდებულია, წარმოადგინოს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად რას აკეთებს და რიგით ადამიანს როგორ შეუძლია ამ პროცესის მონაწილე იყოს," - ამბობს ვაშაკიძე.

ფონდის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ არა მარტო ბევრი ისაუბროს ევროკავშირის სიკეთეებზე, ასევე გადადგას ნაბიჯები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

"აუცილებლად რაღაც უნდა იღონოს როგორც ხელისუფლებამ, ისე ევროკავშირმაც. ევროკავშირს გეგმებიც აქვთ და ახორციელებს კიდეც. ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია - რუსეთი მარტივი ლოზუნგებით ცდილობს პროპაგანდა, იგივე ტრადიციების თემაზე, მოახვიოს ხალხს. ეს ხდება ევროპაშიც. საქართველოში პროპაგანდა განსაკუთრებით სოფლად მუშაობს. ევროკავშირმა მითების დამსხვრევა და სინამდვილის პოპულარიზაცია უნდა შეძლოს. შეძლოს იმის ჩვენება, როგორ ცუდად ცხოვრობენ იგივე რუსეთსა თუ მის მოკავშირე სომხეთში. ხელის შეწყობა მედიიდანაც უნდა მოხდეს. მთელი წელია მაუწყებელთან მოლაპარაკება გვაქვს, რომ ევროინტეგრაციის პროცესზე გადაცემები მომზადებულიყო, მაგრამ ვერაფერს ვხედავთ," - ამბობს ვაშაკიძე და დასძენს, რომ იმედი აქვს, ხელისუფლება მათ კვლევებს და ანალიზს უფრო მეტად გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×