"ქართული ოცნების" რეიტინგი ისევ თავდაღმართშია, "ნაციონალები" კი მომავალ არჩევნებში ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის გეგმებს უკვე აწყობენ. "ოცნებისათვის" ნდობადაკარგული "ენ-დი-აის" შემდეგ უკვე მეორე კვლევა აჩვენებს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება შემცირებულია - ბოლო 2 წელიწადში 36%-ით და მათ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ახლა უკვე "თავისუფალი დემოკრატებიც" უსწრებენ.
"ოცნების" ლიდერები რეიტინგის კლების ტენდენციას აღიარებენ, ოღონდ აცხადებენ, რომ უმნიშვნელო კლება აქვთ და იქვე კატეგორიულად გამორიცხავენ "ნაციონალების" რეიტინგის თუნდაც 1%-ით მატებასაც კი. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ზეიმობენ და აღნიშნავენ, რომ მომავალ არჩევნებში უდიდესი შანსი აქვთ, ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდნენ.
"ჯერჯერობით არც ერთი კვლევა არ მახსოვს, რომელიც არჩევნების შედეგებს დაემთხვა. ასე რომ, მეტს ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი.
"ფაქტია, დღეს კვლევებით პირველ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" და მეორე ადგილზე - "ქართული ოცნება". სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩანს ტენდენცია, რომ ჩვენ არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.
ა/ო "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოსახლეობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულებასა და ცოდნას ასახავს და სადაც ერთი შეკითხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ამომრჩევლების დამოკიდებულებასაც შეეხებოდა.
კვლევაში ნაჩვენებია, რომ "ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 18%-ს, ხოლო "ნაციონალებისა" და "დემოკრატების" მიმართ - 19-19%-ს.
ფონდი მსგავს კვლევებს ორ წელიწადში ერთხელ ატარებს და, 2013 წლის მონაცემით, "ქართული ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა 54%-ს, "ნაციონალების" მიმართ კი - 13%-ს.როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დადგენა, აქ მხოლოდ პარტიების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება გამოხატული. თუმცა, კვლევა ტენდენციას აჩვენებს და ეს ტენდენცია ისაა, რომ 2 წელიწადში "ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება 36%-ით არის შემცირებული, ხოლო "ნაციონალების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება 6%-ით გაზრდილი.
2015 წლის კვლევით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს - 18%-ს; ნეიტრალური - 36%-ს; უარყოფითი - 33%-ს.
"რესპუბლიკური პარტიის" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს - 10%-ს; კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ დადებითი განწყობა კი არ აღემატება 7%-ს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს - 19%-ს; ნეიტრალური - 31%-ს; უარყოფითი 37%-ს;
"თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ დადებითი - 19%; ნეიტრალური - 39, ხოლო უაყოფითი - 26%.
"პატრიოტთა ალიანსის" მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს - 13%-ს; ხოლო "დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოს" მიმართ - 10%-ს.
ამ კვლევამდე ზუსტად ერთი თვით ადრე აშშ-ის "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (ენ-დი-აი) მიერ გამოქვეყნდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, სადაც კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 14%-მა "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი, 13%-მა კი "ნაციონალურ მოძრაობას". ხოლო შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას, "ქართული ოცნება" 11%-მა დაასახელა, "ნაციონალური მოძრაობა" კი - 13%-მა.
გია ვოლსკის მსგავსად არც "ქართული ოცნების" წევრი მანანა კობახიძე ეთანხმება კვლევებში მოცემულ პროცენტებს. მიიჩნევს, რომ "ოცნებას" ცოტათი დააკლდა მხარდამჭერები, მაგრამ ალოგიკური იქნებოდა ის "ნაციონალებს" მიმატებოდა.
მანანა კობახიძე: "ევრაზიული თანამშრომლობის ფონდი" პატივსაცემი ორგანიზაციაა, თუმცა, არ ვიცით ეს კვლევა ადგილზე ვინ შეასრულა, რომელი ქართული კომპანია იყო უშუალოდ ინფორმაციის მომპოვებელი. ჩვენ ხშირად ვხედავდით, რომ კვლევა სხვას წინასწარმეტყველებდა და არჩევნებზე სხვა შედეგს ვიღებდით, ამიტომ ამ კვლევებით გატაცება და ამ პროცენტებზე გამოკიდება სწორი არ მგონია".
კობახიძის თქმით, მათი რეიტინგი მცირედით დაკლებულია და მიზეზად ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ბევრ გასაკეთებელ საქმეს მიიჩნევს. ამბობს, რომ მათ ბევრი დაასაქმეს, იგივე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მაგრამ "3 წელიწადში რადიკალური ცვლილების შეტანა რეალისტური ვერ იქნებოდა, ამიტომ უკმაყოფილება და საყვედურები არის".
მისივე თქმით, ასევე არსებობს მოქალაქეების მეორე ნაწილი, რომელიც მათ იმის გამო საყვედურობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აკრძალეს და გაასამართლეს. პლუს პრეტენზიებია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომ ტემპები სახარბიელო არ არის. თუმცა, კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ოცნების" მიმართ უკმაყოფილების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ "ნაცონალურ მოძრაობას" მხარდამჭერები მოემატოს.
"ამ პოლიტიკურმა პარტიამ ხალხს თავი როგორც მოძალადე და აგრესიული ძალა, ისე დაამახსოვრა. მათი რეიტინგის ზრდა ალოგიკური და წარმოუდგენელია. ეს იგივეა, რომ საზოგადოებას ძალადობა და წამება მოენატროს.
"ხელისუფლების მიმართ კრიტიკის მატების გამო არ მგონია "ნაციონალებს" მოემატოს ხმები. ძალიან კარგია, რომ "პატრიოტთა ალიანსი", ასეთი აქტიური პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მარტო "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ამ ქვეყანაში ოპონენტი და ხელისუფლებას სხვა ოპონენტებიც ჰყავს", - დასძენს კობახიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივანი სერგო რატიანი კვლევებს ენდობა და აცხადებს, რომ ორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ნომერ პირველი პარტიაა და მათ მომავალ არჩევნებში ხელისუფლების გასტუმრება შეუძლიათ.
სერგო რატიანი: "ადამიანები ხედავენ, რომ ჩვენი პარტია არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნარი შესწევს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ხელისუფლების მთავარი ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობაა". ამიტომაც ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის რეიტინგის მატება შეიმჩნევა.
"თავად "ოცნებაც" ხედავს, რომ მათი რეიტინგი იმდენად მცირდება, პლურალისტურ გარემოში დამარცხდებიან, ამიტომაც ღიად დაუპირისპირდნენ მედიას - იგივე "რუსთავი 2"-ს. გიგი უგულავას გამოშვების ერთმა დღემ და "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების გასტუმრება შეგვიძლია".
ექსპერტები კონკრეტულ კვლევებზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ, თუმცა პოლიტიკურ ველზე არსებულ ტენდენციებზე საკუთარი დაკვირვებების მიხედვით საუბრობენ.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას თქმით, მის ორგანიზაციას დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთ რეგიონში აქვს კვლევა ჩატარებული, სადაც "ოცნების" რეიტინგი შემცირებული იყო, თუმცა მაინც 3-ჯერ მეტი დაფიქსირდა, ვიდრე "ნაციონალების".
"ნაციონალების" რეიტინგი 10%-საც არ აღწევდა. ზუსტად ციფრებს ვერ ვიტყვი, დამკვეთს ამის ნებართვა არ მოუცია", - აცხადებს ბიგვავა.
მისი განმარტებით, მისი ბოლო კვლევა მხოლოდ ერთ რეგიონში ჩატარდა და ამის გავრცელება მთელ საქართველოზე არ შეიძლება. მაგრამ უახლოეს ერთ თვეში ორი ახალი კვალიფიციური კვლევის გასაჯაროებას აანონსებს, რაც, მისი თქმით, უკეთ შედარების საშუალებას მოგვცემს.
ზურაბ ბიგვავა: "ოცნებას" რეიტინგი აკლდება, მაგრამ "ნაციონალებს" არ ემატება. ის ნაწილდება სხვა პარტიებზე. მაგალითად, მოემატა ხმები იგივე "პატრიოტთა ალიანსს".
"ამომრჩეველი უფრო რადიკალიზმისკენ იხრება და ეს კარგ შედეგს არ მოიტანს. თუმცა, არჩევნებამდე დიდი დროა და ახლანდელი მონაცემები კიდევ შეიცვლება".
მისი პროგნოზით, პირველ ადგილზე ისევ მმართველი კოალიცია გავა. "ნაციონალები" კი ბოლო ხნის აქტივობების გამო ცუდ შედეგს მიიღებენ, რეიტინგის კლების ტენდენცია უფრო ექნებათ, ვიდრე მატების და ის 10%-მდე იქნება.
"სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით "რუსთავი 2"-ის წინ ვნახეთ რამდენი კაცი იყო მხარდასაჭერად მისული. ეს არის რეალური მხარდაჭერა და ის ძალიან მცირე იყო. ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირველ ადგილზე გადაინაცვლოს, ამის შანსი ნულია.
"ვფიქრობ, რომ "ოცნებას" აქვს შანსი, ისევ უმრავლესობით მოვიდეს, ოღონდ აქ არის რამდენიმე "თუ". თუ წინასაარჩევნო კამპანიას სწორად და ორგანიზებულად ჩაატარებს; თუ გამოცვლის სახეებს და ბევრ ახალს მოიყვანს; თუ ახსნის უარყოფით შედეგებს და რაც დადებითი აქვთ გაკეთებული ამას ეტყვის ხალხს. შედეგები არსებობს, იგივე ჯანდაცვაში, იგივე ინფრასტრუქტურაში და რატომ არ ამბობს, ეს არ ვიცი," - აღნიშნავს ბიგვავა.
მისივე განცხადებით, ის მონაცემები რაც აქვს და ის ტენდენციები, რასაც სწავლობს, აჩვენებს, რომ კოალიცია არჩევნებში პირველ ადგილზე გავა.
"გამორიცხული არ არის კიდევ სხვა პარტიებიც შევიდნენ პარლამენტში. "ქართული ოცნება" იმდენ ხმას ვერ მოაგროვებს, "ნაციონალური მოძრაობაც" დაკარგავს ხმების რამდენიმე პროცენტს და ეს ხმები სადღაც ხომ უნდა წავიდეს. მგონია, რომ დარჩენილი პროცენტები უფრო რადიკალური პარტიების სასარგებლოდ გადანაწილდება", - დასძენს ბიგვავა.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ტენდენციაა, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერამ იკლო და სწორედ ამითია გამოწვეული "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის ზრდა.
"თვალს ნუ დავხუჭავთ იმ ფაქტზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებიც უფრო აქტიურები არიან და თავად პოლიტიკური ბირთვიც ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე "ოცნების". საიდუმო არავისთვისაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ტყუილ-მართალი გზავნილებით დაახლოებით 10-ჯერ მეტი სივრცე აქვს დაფარული, ვიდრე ამის შესაძლებლობა გააჩნია "ქართულ ოცნებას" და ესეც ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია იმ დაბეჩავებისა, რასაც "ოცნების" რეიტინგებში ვამჩნევთ.
"ოცნება" დაბეჩავებულია ჩვენს პარტნიორებთან უცხოეთში, მაღალი გავლენის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სიღარიბით. რატომღაც მათთან ურთიერთობა აღმოჩნდა ყველაზე ზედმეტი "ოცნების" მთავარი მეოცნებისთვის და შედეგი სახეზეა," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.
ის აცხადებს, რომ თუკი მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება, ჩვენ კოალიციური მთავრობის მომსწრეები გავხდებით, რადგან ვერც "ოცნება" და ვერც "ნაციონალები" შეძლებენ უმრავლესობისთვის სამყოფი სავარძლების მოპოვებას.
სოსო ცისკარიშვილი: "თუ არჩევნებზე დასწრება მაღალი იქნება, ჩვენ კოალიციაური მთავრობის მომსწრე გავხდებით. ამ ორ გაფურჩქნილ პოლიტიკურ ძალას უმრავლესობაში ვერ ვიხილავთ, თუ არჩევნების შემდეგ რაიმე ერთიანი კოალიციის დაკომპლექტება ვერ შეძლეს.
"ვფიქრობ, ისეთი კოალიცია შეიქმნება, რომლის შექმნის მოლოდინი დღეს ქვეყანაში ნაკლებია და ეს სიურპრიზი იქნება, მანამდე კი ფარული თუ თვალსაჩინო კომუნიკაცია არაერთი იქნება. მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზი კი მომავალი წლის ზაფხულში გაკეთდება".