"მოსკოვის ინტერესებში შედის მთელი საკომუნიკაციო სივრცის დაპყრობა, რაც ცოტა ხნის წინათ მოახერხა კიდეც სომხეთში"
ელზა წიკლაური
24.11.2015

 რუსებმა საქართველოში, შესაძლოა, კიდევ ერთი სტრატეგიული სეგმენტის - ინტერნეტ-სატელეკომუნიკაციო ბაზრის - მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაიგდონ ხელში. იმ შემთხვევაში, თუკი "კავკასუს ონლაინი" არჩევანს რუსულ "მობიტელზე" გააკეთებს და საკუთარ აქტივებს სწორედ ამ კომპანიას მიყიდის, ჩრდილოელი მეზობელი ქართული ინტერნეტის 39%-ს, ინტერნეტ-ტელევიზიის -17%-ს, ფიჭური და ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25%-ს გააკონტროლებს. ეს კი, სპეციალისტების აზრით, სამომავლოდ გარკვეული საფრთხის შემცვლელი შეიძლება აღმოჩნდეს, რამდენადაც ტელეკომუნიკაცია 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრ იარაღად ითვლება.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას "კავკასუსის" შეძენის თხოვნით რუსულმა "ვიმპელკომმა", იგივე "მობიტელმა" 13 ნოემბერს მიმართა. კანონის შესაბამისად, კომისია აღნიშნულ საკითხს 15 სამუშაო დღეში განიხილავს, დაიწყებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, რის შემდეგად გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ნებართვა.

ამასობაში მარეგულირებელმა "მაგთიკომს" "კავკასუს ონლაინთან" შერწყმის უფლება მისცა. კომისიამ დაადგინა, რომ "მაგთის" მიერ "კავკასუსის" აქტივის შეძენა კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს. "მობიტელსა" და "მაგთიკომსაც" "კავკასუსის" საცალო აქტივების შეძენა სურთ.

თუ მარეგულირებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ "მობიტელის" მიერ "კავკასუს ონლაინის" საცალო ბაზრის სეგმენტის შეძენისას კონკურენციის პირობები არ დაირღვევა, მაშინ "კავკასუსს" მოლაპარაკების გამართვა ორ კომპანიასთან მოუწევს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას იმის სასარგებლოდ მიიღებს, რომელიც უფრო სარფიან წინადადებას შესთავაზებს.

"კავკასუს ონლაინში" იმედი აქვთ, რომ მარეგულირებელი კომისია "მობიტელის" შემთხვევაშიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ ისინი უახლოეს პერიოდში, ერთი მხრივ, "მაგთიკომთან" და მეორე მხრივ, "მობიტელთან" აქტიური მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გეგმავენ.

რა აქტივს უმიზნებენ რუსები

იმ შემთხვევაში, თუკი "კავკასუს ონლაინი" არჩევანს არა ქართულ "მაგთიკომზე", არამედ რუსულ "მობიტელზე" ("ვიმპელკომი") გააკეთებს, მაშინ ეს უკანასკნელი საქართველოს ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. "ვიმპელკომი" გახდება ინტერნეტის 39%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის - 17%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 0,4%-ის მფლობელი. თუ ფიქსირებული კავშირგაბმულობის აბონენტებს "მობიტელის" ანუ იგივე "ბილაინის" ქართულ აბონენტთა რაოდენობას მივუმატებთ, გამოვა, რომ სამომავლოდ "მობიტელი" ფიქსირებულ-მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის 25%-ზე მეტის მფლობელი გახდება.

ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში. 21-ე საუკუნეში კი ინტერნეტ-სატელეკომუნიკაციო ბაზარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა თუ ინფორმაციის კონტროლის საკმაოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დღეს "კავკასუსის" ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 154 558 აბონენტს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების 38,7%-ის დღეს ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 398 928-ს უტოლდება.

სამაუწყებლო სივრცეში "კავკასუს ონლაინის" წილი დაახლოებით 17%-ია, ანუ "კავკასუსის" ტელევიზიით 44 675 აბონენტი სარგებლობს, მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიას 264 693 აბონენტი ჰყავს.

რაც შეეხება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, აქ "კავკასუსის" წილი მინიმალურია, დაახლოებით 0,5%. თუმცა თუ გავითვალისწინებთ "მობიტელის", იგივე "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობას, ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ "მობიტელი" ფიქსირებულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზეც შემოვიდა, მისი წილი ფიქსირებულ-მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე მთლიანად 25%-ს გადააჭარბებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, დღეს "ბილაინს" 1 201 628 აბონენტი ჰყავს, სულ კი ფიჭვური კავშირგაბმულობის აბონენტთა რაოდენობა 4 862 714-ს შეადგენს.

საფრთხე თუ უბრალოდ ბიზნესი

ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, მადნეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ-სატელევიზიო სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია "ვიმპელკომზე", რომელსაც "კავკასუს ონლაინის" ყიდვის სურვილი აქვს და რომელმაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას განაცხადით უკვე მიმართა. რუსების სურვილი, შეიძინონ ქართული ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია, სერიოზულ ეჭვს აჩენს და გამორიცხული არ არის, სამომავლოდ ეს საფრთხის შემცლელიც აღმოჩნდეს.

ეკონომისტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გეოპოლიტიკურ თამაშში ხშირად გამოიყენება ეკონომიკური ბერკეტი, რაც სტატეგიული სფეროების კონტროლს გულისხმობს. ასეთ სფეროებს კი განეკუთვნება ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, ამას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ძალიან სერიოზულად უყურებენ და შესაბამისად, რისკების მონიტორინგისა და შემდგომი რეაგირებისთვის საკანონმდებლო-ადმინისტრაციული მექანიზმებიც კი აქვთ შექმნილი.

"მოვიყვან ამერიკის მაგალითს, სადაც არსებობს ე.წ. საგარეო ინვესტიციების კომიტეტი, რომელიც სტრატეგიულ სფეროებში, რასაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან, გარკვეული გაირიგებების ტესტირებას და მონიტორინგს ახდენს. თუკი რამე ისე არ არის, პრეზიდენტს, შესწორების საფძველზე, უფლება აქვს ვეტო დაადოს თუნდაც ეს იყოს კერძო გარიგება. რამდენიმე წლის წინათ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კომპანიისთვის უნდოდათ 7 პორტის მიყიდვა, მაგრამ ბუშმა ამას ვეტო დაადო და გარიგების ანულირება მოხდა.

რაც შეეხება "კავკასუსისა" და "მობიტელის" შემთხვევას, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, თუ რა მოხდება და როგორ. ყველა საკითხს აქვს თავისი ინდივიდუალური განზომილება. რა დონისაა ეს საფრთხე, ამაზე საუბარი გამიჭირდება, ეს არის კონკრეტული შესწავლის და მოკვლევის საგანი. თუ ეს საფრთხის შემცვლელია, ხელისუფლებას ასეთი ტიპის გარიგებაზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან კანონმდებლობა ამ მიმართულებით არაფერს ამბობს, შესაბამისად, ეს ჩინოვნიკებს აძლევს უფლებას, რომ ილაპარაკონ რაღაც ფსევდოლიბერალური რიტორიით, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მოძველებული მიდგომაა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გია ხუხაშვილმა.

მასვე ენერგეტიკის მინისტრის მიერ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც მოჰყავს და ამბობს, რომ "სტრატეგიულ სფეროებს არ აქვს მხოლოდ კომერციული განზომილება და ტესტირება სხვა მხრივაც უნდა ჩატარდეს".

"ვფიქრობ, უნდა არსებობდეს შესაბამისი შემაკავებელი, დამაზღვეველი საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული მექანიზმი, რაც რისკის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის ასეთი ტიპის გარიგების ჩაშლას.

ვხედავთ, რომ რუსეთის ამბიციები ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება. ეჭვი არავის ეპარება ეს ქვეყანა საქართველოს თავისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს და ბუნებრივია, შეეცდება ყველა მექანიზმი ჩართოს. არსებობს სფეროები, სადაც რუსული ბიზნესი არ არის საფრთხის შემცველი, მაგრამ რაც შეხება ტელეკომუნიკაციების ბაზარს, იგი, რა თქმა უნდა, სერიოზული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. ჩვენ ვიცით 21-ე საუკუნეში რამდენად მძლავრი იარაღია ინფორმაცია და მისი ფლობა", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ეკონომისტი სოსო ცისკარიშვილი რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე შესაძლო შემოსვლას ნეგატიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ "კავკასუსი" გადაწყვეტილების მიღებამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.

"შემთხვევით არაფერი ხდება. რუსეთის ინტერესებში შედის მთელი საკომუნიკაციო სივრცის დაპყრობა, რაც ცოტა ხნის წინათ უკვე მოახერხა სომხეთში და იქ შედეგი აშკარაა.

გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომი. იმ დროს იბომბებოდა არაბების ხელში მყოფი ფოთის პორტი, გერმანელების კასპის ცემენტის ქარხანა და სხვა ასეთი ობიექტები, მაგრამ ზარალი არ მიუღია არც ერთ სადენს, არც ერთ ენერგეტიკულ ობიექტს, რომლის მფლობელი იყო რუსული კაპიტალი. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ საქართველოში თავს მშვიდად მხოლოდ რუსული კაპიტალი იგრძნობს.

ამიტომ, დაფიქრება გვმართებს, როდესაც საკითხი რუსულ კომპანიას ეხება, მით უმეტეს, როცა საუბარია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. მართალია, რუსული რადიო "სპუტნიკი" აღარ მაუწყებლობს, მაგრამ "კავკასუს ონლაინი" იმდენად მრავალფეროვანი და ძლიერი სუბიექტია საინფორმაციო ველში, რომ თუკი რუსეთმა მისი საკუთარ ნებაზე აწყობა მოახერხა, მერე ასე მარტივად აღარ დათმობს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი "კავკასუს ონლაინის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიამ მეტი ტრანსფარენტულობა უნდა გამოიჩინოს. საზოგადოების ინტერესი ამ კომპანიის მიმართ და მით უფრო, რუსული ბიზნესის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია, ამიტომ საჭიროა, არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

"როდესაც საუბარია იმ ქვეყნის კომპანიაზე, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ცხადია, უმრავი კითხვა, ეჭვი და შიში ჩნდება. აუცილებელია "მობიტელმა" მეტი ტრანსფარენტულობა გამოიჩინოს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. ჯერჯერობით არ გამიგია, რომ მათ განცხადება გაეკეთებინოთ და საკუთარი არგუმენტები წარმოედგინოთ. დღეს ამ ორგანიზაციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ ჩათვალა საჭიროდ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ზოგადად სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია და საფრთხის შემცველია, მაგრამ ეს მაინც დამოკიდებულია კომპანიის პოლიტიკაზე. შეიძლება არსებობდეს რუსული კომპანია საქართველოში, რომელიც არ ერთვება პოლიტიკაში და ვერ მოხერხდეს მისი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. "მობიტელის" შემთხვევაში კითხვები არსებობს და კომპანიამ ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს", - განაცხადა პირმისაშვილმა.

რუსული ბიზნესის საქართველოში შემოსვლას ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ელიტა საკმაოდ კრიტიკულად აღიქვამს. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, როდესაც ენერგეტიკის მინისტრმა ბუნებრივი აირის დივერსიფიცირებაზე დაიწყო საუბარი და გაცხადდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის "გაზპრომის" წარმომადგენელს შეხვდა, ოპონენტებმა კალაძე მწვავედ გააკრიტიკეს. დღეს კი, როდესაც არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რუსული გიგანტი შემოვიდეს, ოპონენტები ამაზე ხმას არ იღებენ. არადა, ბუნებრივი აირის თემა სატელეკომუნიკაციო ბაზრის დიდი ნაწილის გაკონტროლებაზე საშიში ნამდვილად არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×