ევროპის ცენტრში სასაზღვრო კონტროლის შემოღება სურთ
სალომე სარიშვილი
24.11.2015

 ჰოლანდიის მთავრობა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად შენგენის ზონაში ლტოლვილთა და მიგრანტთა შეკავების მიზნით "მინი-შენგენის" შექმნის იდეას განიხილავს, რომლის თანახმადაც, 5 ქვეყანაში (ავსტრია, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები) საპასპორტო კონტროლი დაწესდება.

თუმცა ეს ინიციატივა ჯერ იდეის დონეზე არსებობს, ვინაიდან მის ავტორებს ევროკავშირის უმაღლესი ორგანოსთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

ექსპერტები კი ამ იდეას არა მიგრაციულ კრიზისს, არამედ უსაფრთხობაზე კონტროლის გაძლიერებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ "მინი-შენგენის" შექმნის არსი ისლამური სახელმწიფოს გააქტიურებას უკავშირდება."მინი-შენგენის" შექმნის იდეის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს და წერს, რომ ჰოლანდიის მთავრობის ინიციატივა შენგენის ხელშეკრულებას კვეთს, რომელიც ევროპის 26 ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილების გარანტს იძლევა. სააგენტო წერს, რომ ევროპა ამ იდეით ცდილობს, მიგრაციულ კრიზისს გაუმკლავდეს, თუმცა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ევროკომისიისთვის ამ იდეის ავტორებს ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

ექსპერტების შეფასებით, შენგენის ხელშეკრულება სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების უფლებას იძლევა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ რისკებზე არგუმენტირებულად საუბრობს.

ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში ვანო ჩხიკვაძე ასეთი ტიპის პრეცედენტსაც იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება გარკვეულ ვადებს მოიცავს, შესაბამისად, "მინი-შენგენის" მუდმივად შექმნის იდეა ნაკლებად დასაშვებია.

 "საქმე ისაა, რომ შენგენის ხელშეკრულება აწესებს გამონაკლისს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დასაბუთებულად ამბობს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რამე რისკები არსებობს. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია, გარკვეული ვადით სასაზღვრო კონტროლი შემოიღოს და ამის სრული უფლებაც აქვს.

"მსგავსი შემთხვევა უკვე ყოფილა და მაგალითისთვის გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს გერმანიამ დროებითი სასაზღვრო კონტროლი შემოიღო. ასევე, ყოფილა შემთხვევა, როდესაც დროებითი კონტროლი საფრანგეთსაც შემოუღია.

"ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ფაქტში არაფერი უცნაური არ არის იმდენად, რამდენადაც შენგენის ხელშეკრულება ამის უფლებას იძლევა, თუმცა არის ხაზგასასმელი გარემოება - ხელშეკრულების თანახმად, ეს არ შეიძლება იყოს პერმანენტული ხასიათის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩხიკვაძე და დასძენს, რომ ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო, რაც ასევე გარკვეულ ვადებს მოითხოვს.

ამბობს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას კონკრეტული ქვეყნები უსაფრთხოების გაძლიერების იდეას აფუძნებენ, თუმცა, როგორც წესი, ეს ინფორმაცია საჯარო ნაკლებადაა ხოლმე.

"რამდენადაც ვიცი, ეს ინიციატივა მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, რომელსაც დამტკიცება სჭირდება, ეს კი ასე ადვილად ვერ მოხდება, ვინაიდან ჯერ პროცედურული ეტაპების გავლაა საჭირო. პირველ რიგში, ამის შესახებ მათ ევროკავშირს უნდა მიმართონ, შემდეგ მინისტრთა საბჭოს, რომელმაც უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღოს.

"თუკი ევროკომისია ამაზე დათანხმდება და მათ არგუმენტებს მისაღებად ჩათვლის, მაშინ შესაძლებელია, რომ ამ ქვეყნებმა თავიანთ საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესონ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ეს მხოლოდ გარკვეული ვადით შეიძლება მოხდეს.

 "როგორც უკვე აღვნიშნე, ამგვარ გადაწყვეტილებას როგორც წესი, უსაფრთხოებას, აფუძნებენ, თუმცა არ მგონია, რომ უსაფრთხოების რისკებზე ინფორმაცია ღია იყოს, ვინაიდან ამ ინფორმაციას ისინი მხოლოდ და მხოლოდ საბჭოს აწვდიან. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება პარიზის ტერაქტებს უფრო შეიძლება უკავშირდებოდეს, ვიდრე მიგრაციულ კრიზისს, ვინაიდან ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა.

"მიგრაციული კრიზისი მეორე წელია გრძელდება, თუმცა არცერთ ამ ქვეყანას ეს საკითხი ასე მკაცრად აქამდე არ დაუყენებია, საუბარი კი, რა თქმა უნდა, იყო. ვფიქრობ, ეს იდეა აისისის გააქტიურებასა და ტერაქტებს უფრო უკავშირდება, ვინაიდან მათი განცხადებით, ისინი შემდეგ სერიებს სწორედ ევროპის ქვეყნებში გეგმავენ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

"საბოლოოდ, "მინი-შენგენის" სამუდამოდ შექმნა ძალიან გაჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის უდიდესი მონაპოვარი სწორედაც რომ თავისუფალი გადაადგილებაა და ამას ყველა აღიარებს, აქედან გამომდინარე, ეს მეტად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამას ჩემზე კარგად ევროკავშირის ლიდერები აცნობიერებენ და, შესაბამისად, მგონია, რომ "მინი-შენგენის" პერმანენტულად შექმნა ვერ მოხდება, ვინადიან ამის უფლებას მათ ხელშეკრულება არ აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები შენგენის ზონიდან უნდა გავიდნენ, რისი ალბათობაც დაბალია", - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

იგივეს ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომლის თქმითაც, "ევროპა" ისლამური სახელმწიფოს გააქტიურებასა და არსებულ საფრთხეებს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. ცინცაძის თქმით, "მინი-შენგენის" შექმნის იდეა გარკვეულწილად პრევენციული მიზნით გაჩნდა. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამ ინიციატივაზე არ წამოვა და ტერორიზმთან საბრძოლველად სხვა მექანიზმებს შეიმუშავებს.

"როდესაც ევროპის არაოფიციალური დედაქალაქი - ბრიუსელიც კი ასეთ გაუგონარ ზომებს მიმართავს და ტურისტებიდან მილიონობით თანხას კარგავს, აქედანაც ჩანს, რომ ევროპა არსებულ საფრთხეს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.

"ყველაფერი, რაც დღეს ვეროპაში ხდება და მათ შორის "მინი-შენგენის" შექმნის იდეაცა და კონტროლის გამკაცრებაც, საფრთხეებისადმი მოუმზადებლობითაა განპირობებული. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შენგენის ხელშეკრულებაში საუბარია თავისუფალი მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე და, შესაბამისად, ამ ქვეყნებს სრული უფლება აქვთ, დროებით კონტროლი გაამკაცრონ.

 "ეს კი ისეთ შემთხვევებში ხდება, როდესაც საქმე უსაფრთხოებას, რამე დიდ კატასტროფასა და ომს ეხება. როდესაც საკითხს გავეცანი და ვნახე, რას ნიშნავს მეოთხე კატეგორიის საფრთხე, რაც ბელგიასა და საფრანგეთში ხდება, ეს პრაქტიკულად ომის ტოლფასი საფრთხეა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ევროპის ქვეყნები სწორედ ამ მიზნით მსჯელობდნენ კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ იდეის დონეზეა და ამაზე ინფორმაცია ჯერ ევროკომისიისთვის ოფიციალურად არ მიუწოდებიათ. "ეს ერთი ქვეყნის იდეაა და შესაბამისად, ამის აღსრულება მოსალოდნელ საფრთხეებზეა დამოკიდებული. ვგულისხმობ ტერორისტულ აქტებს, რომელიც ღმერთმა ნუ ქნას და შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოხდეს.

"ამ იდეის ფონზე შემიძლია რამდენიმე წლისწინანდელი შემთხვევა გავიხსენო, როცა სილვიო ბერლუსკონი ევროპას შენგენის ზონიდან გასვლით დაემუქრა და განაცხადა, რომ ბოშების მასობრივად შემოდინების გამო ზონას საერთოდ დატოვებდა. საბოლოოდ, მაინც მიმაჩნია, რომ ევროსაბჭო ამ იდეაზე არ წამოვა და არსებულ საფრთხეებთან საბრძოლველად სხვა მექანიზმებს შეიმუშავებს", - გვითხრა სოსო ცინცაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×