"სირცხვილია, ასეთი რანგის პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი რომ ასეთი აზრისაა"
გვანცა ღვედაშვილი
25.11.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თემურ ჭკუასელს ქალისა და მამაკაცის აზროვნების თავისებურებაზე გამოთქმული მოსაზრების გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ფრაზა, რომელიც მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარმოთქვა, ასე ჟღერდა: "მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება".

ჭკუასელს სიტყვა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ეს იყო სექსიზმი, რის შემდეგაც ჭკუასელმა განაცხადა, რომ არავის აყენებდა შეურაცხყოფას.

"წარდგენილ სიაში სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ჩემი აზრით, მამაკაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება და მცირე დეტალებს, რომელსაც..." - ამ დროს ჭკუასელს სიტყვა ბაია პატარაიამ გააწყვეტინა და მის განცხადებას სექსისტური უწოდა, რის შემდეგაც ჭკუასელმა განაცხადა:

"არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ქალებს აქვთ უფლება მიაქციონ დეტალებს ყურადღება, რომელსაც კაცები ვერ ამჩნევენ... რატომ მეჩხუბებით, რა ვთქვი ისეთი?"

ამ თემაზე დამატებითი კომენტარისთვის "რეზონანსი" თემურ ჭკუასელთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

როგორც ბაია პატარიამ "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, გენდერული სტერეოტიპები ქალს სუსტ და დაქვემდებარებულ ადამიანად წარმოაჩენს და სწორედ საზოგადოება ანიჭებს მას მეორეხარისხოვან როლს.

"გენდერული სტერეოტიპები ქალს წარმოაჩენს უფრო სუსტ და დაქვემდებარებულ ადამიანად. სინამდვილეში ქალს საზოგადოება ანიჭებს მეორეხარისხოვან როლს, თორემ ქალების გონებრივ მონაცემებში არასერიოზულია გვეპარებოდეს ეჭვი მაშინ, როცა უამრავი ჭკვიანი ქალია ჩვენ გარშემო. ასეთი სტერეოტიპები კი ქალის გონებრივ შესაძლებლობებზე საფუძველს ქმნის გენდერული დისკრიმინაციისათვის.

"კაცები უფრო გლობალურად აზროვნებენ, ვიდრე ქალები" - ეს არის სექსისტური და დისკრიმინაციული გამოთქმა. მით უმეტეს, როცა მთელ ჯგუფზე აზოგადებს ამ გამონათქვამს. ქალებს ისევე შეუძლიათ აზროვნება, როგორც კაცებს. სქესი არ განსაზღვრავს აზროვნების უნარს ადამიანში", - განაცხადა ბაია პატარაიამ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის "რეზონანსმა" საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს მიმართა. თამაზ მეჭიაურის აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება არსებობდეს მცირე განსხვავება. რაც შეეხება უმრავლესობის წევრ ანა მიროტაძეს, ის აღნიშნავს, რომ სქესის მიხედვით გონებრივ შესაძლებლობებში განსხვავებას ვერ ხედავს.

"მე არ ვიცი, რა იგულისხმა თემურ ჭკუასელმა გლობალურ აზროვნებაში, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ქალისა და კაცის გონებრივი შესაძლებლობები.

"ამ საკითხების ექსპერტი არ ვარ. შტერი ქალიც მინახავს და კაციც, თუმცა, ამის სტატისტიკა არ მიწარმოებია, თუ რომელში რომელი უფრო ჭარბობს. მე მგონი მათი შესაძლებლობები მაინც თანაბარია", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"არავის უთქვამს, რომ შეზღუდული აზროვნება მაქვს. ვერაფერს გეტყვით ამის გარდა. მე არ მინახავს და არ მომისმენია ჭკუასელის განცხადება. ასე რომ, არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს.

"თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, არის თუ არა განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის აზროვნების საკითხში, მიმაჩნია, რომ არ არის. მგონია, რომ როგორც მამაკაცი შეიძლება იყოს გონიერი და განათლებული, ისე ქალი შეიძლება იყოს განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალი. ასე რომ, განსხვავებას სქესის მიხედვით გონებრივ შესაძლებლობებში პირადად მე ვერ ვხედავ", - განაცხადა ანა მიროტაძემ.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ სირცხვილია, როცა პარლამენტის წევრს ასეთი აზრი აქვს ქალებთან დაკავშირებით.

"როდესაც სახელმწიფო აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობა მისი პოლიტიკის ნაწილია და ის ისწრაფვის, სახელმწიფოში გენდერული თანასწორობის დამყარებისკენ და საქართველოს ორიენტირი აქვს აღებული დასავლურ ღირებულებებზე, სირცხვილია ასეთი რანგის პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი რომ ასეთი აზრისაა. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნებოდა მას დაესაბუთებინა თავისი მოსაზრება.

"სამწუხაროდ, ეს ბატონი ეტყობა კიდევ ვერ გადასცდა მეოცე საუკუნეს და სადაც ცხოვრობს, 1815 წელია. ამიტომ ამაზე კომენტარი 21-ე საუკუნეში ძალიან გაჭირდება.

"მთელ რიგ სახელმწიფოებში, როდესაც მთავრობას აკომპლექტებენ, გენდერული თანასწორობა იქ აბსოლუტურად არის გათვალისწინებული. ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ახლა 2015 წელია და სამწუხაროდ, ამ ბატონს ჯერ კიდევ 1815 წელში უწევს ცხოვრება. ძალიან სამწუხაროა, რომ ის 2015 წლის პარლამენტის წევრია", - განაცხადა მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×