სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს აგრობარათებს მომავალ წელსაც დაურიგებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, "მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის" პროექტი 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა ეს თანხა უფრო შედეგიანი პროექტებისთვის დახარჯულიყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის 3-წლიანი პროექტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს არის ძალიან კარგი სტიმული გლეხისთვის.
"ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამა გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით. ვფიქრობთ, ასეთი სტიმული ჯერ კიდევ საჭიროა. საუბარია დამატებითი 40 მილიონი ლარის გამოყოფაზე, რომელიც მოხმარდება მცირემიწიანი ფერმერების მიწების დამუშავების პროგრამას ისევე, როგორც ეს იყო გასული 3 სეზონის განმავლობაში", - განაცხადა დანელიამ.
მისი განმარტებით, პრიორიტეტულ მიმართულებად ასევე რჩება კოოპერირება, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება და სურსათის უვნებლობა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის, პროფესორ პაატა კოღუაშვილის თქმით, პროექტის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო მომენტია. მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა ეს ფული ხელისუფლებას უფრო ეფექტიან პროექტებში დაებანდებინა.
"ეს უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. უხნავენ მიწას იმას, რომელსაც 1,25 ჰექტარი აქვს. პრაქტიკულად, ეს მაჩვენებელი უკვე შეცვლილია. მოხნული მიწების რაოდენობაც დიდად არ გაზარდილა.
სახელმწიფოს შეუძლია, სხვა უფრო კარგი ღონისძიებები განახორციელოს ამ ფულით, რომელიც მეტად წაადგება ქართველ გლეხს. ვფიქრობ, ამ პროგრამისთვის გახარჯული თანხა არც ისე ეფექტური იყო", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
საპირისპირო მოსაზრება აქვს სოფლის მეურნეობის სპეციალისტს ანზორ მესხიშვილის, რომელიც თვლის, რომ კარგია თუკი ხელისუფლება გლეხებს დაეხმარება. თუკი სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პროექტებს ჯერჯერობით მასშტაბური შედეგი არ მოყოლია, ეს იმის ბრალია, რომ დარგი წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"საერთოდ, უფასო ხვნა-თესვა ცუდი არ არის, მაგრამ უმჯობესია, სოფელი მომარაგებული იყოს საწვავითა და მცენარეთა მოვლის საშუალებებით, შესაბამისი ტექნიკით. გლეხს საშუალება უნდა ჰქონდეს თავისი პროდუქცია გაყიდოს. თუკი სოფელი მოძლიერდება, იგი სახელმწიფოს იქეთ დაეხმარება. სამი წლის განმავლობაში გარკვეული წანსვლა არის, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი არ გვაქვს. როგორც იქნა დაიწყო კოოპერატივების შექმნა და იმედია, ეს მიმართულება წარმატებული იქნება", - ამბობს ანზორ მესხიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის სამწლიანი პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად დახმარებას 800 000-მდე გლეხი იღებს და 220 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება.
რაც შეეხება 2016 წელს, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25-ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად). ის ბენეფიციარები კი, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50-ლარიანი აგრობარათით ისარგებლებენ.
გლეხები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთები, მიიღებენ აგრობარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.
მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ აგრობარათი" შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები ერთიანად, ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან.
"2013 წელს, მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა, პირველადი წარმოების ზრდის სტიმულირება და სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამწლიან პროგრამაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ბენეფიციარი ჩაერთო", - აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ოფიციალური ინფორმაციით, 3 წელიწადში "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში 2013 წელს 710 479 ბენეფიციარმა მიიღო 190 466 914 ლარის სარგებელი. საერთო ჯამში დამუშავდა 208 375 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
2014 წელს ამ პროექტით 757 145 ბენეფიციარმა მიიღო 69 954 923 ლარის სარგებელი. შარშანდელი პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220 466 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. წლეულს კი, პროექტის ფარგლებში, 767 017 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იყო 56 858 420 ლარი. 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი შეადგენს 212 141 ჰექტარს და პროცესი ჯერაც გრძელდება.