ნამდვილად არ ვაპირებდით პასუხს ბატონი გიორგი შენგელაიას არაერთ ცილისმწამებლურ და დაუსაბუთებელ გამოსვლებზე, თუნდაც მისი გადაღებული ფილმის - "ალავერდობის" ხათრით, მაგრამ...
სამწუხაროდ, ბატონ გიორგის "ვნების სიმძაფრე" შენებაში კი არა, უკვე ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებებში გადაიზარდა და ისეთ "ალავერდებს" გადმოდის, რომ საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილი შეიძლება დააეჭვოს კიდეც მისთვის საყვარელი ფილმების გადამღები რეჟისორის უკიდეგანო შერისხვებმა.
ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით გული რომ ვერ იჯერა, უკვე მუქარის წერილებს უგზავნის მისგან "შერისხულებს".
უცვლელად მოვიყვანთ მისი ერთ-ერთი ბოლო "მოსაკითხი ბარათის" ტექსტს და ნათქვამში საზოგადოება თვითონ დარწმუნდება...
ხოტივარს, კოკოჩაშვილს, ლითანიშვილს და ბადურაშვილს
ალბათ გახსოვთ, ქსნის ციხეს ზედმეტი სახელი რომ ჰქვია?
მაგ ციხეში თურქმა და სპარსელმა მტერმა ალყაში მოიმწყვდია ჩვენი გულადი მეფე ერეკლე.
მტარვალმა უთხრა: "ჩამბარდი, სიცოცხლეს შეგინარჩუნებო."
ერეკლემ ციხის გალავნიდან დამპყრობელს გადასძახა ის, რაც დღეს ამ ციხის ზედმეტი სახელია.
ეს იყო კახური პასუხი.
მე ჩემგან გეტყვით: "თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს სიკვდილი მიღირს ცდაზედა!"
თქვენთვის უკეთესი იქნება, რომ დროზე მოძუძგოთ კინოსტუდიიდან (ასე იტყოდა ხოლმე გოგია კენკიშვილი, "მოძუძგეთო").
გიორგი შენგელაია 1.08.2015
ზ.თ. მოისმინეთ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "მე კიდევ მოვალ"!
(სტილი დაცულია)
რა კომენტარი შეიძლება გააკეთო ასეთ "მოკითხვის ბარათზე"? როგორც გოგია კენკიშვილის ერთი თანამებრძოლი იტყოდა - "ჩორტ იო ზნაეტ!.."
მაგრამ სახუმაროდ რომ არის საქმე?...
ბატონი გიორგი "რეზონანსში" დაბეჭდილ ინტერვიუში კი აცხადებს, რომ "ჩემზე ამბობენ, გიორგი შენგელაია ივანე მრისხანეაო", მაგრამ უფრო მეტად ერეკლე მეფის უადგილო ხსენებაშია, ვითომ "კახური პასუხის" ხიბლით, მას ეტოლება და აცხადებს, რომ "დანებებას არ აპირებს!.."
ეეჰ, სად ერეკლე და სად ბატონი გიორგი შენგელაია... ბოლო-ბოლო ისეთი პარტიის დამფუძნებელია, რომელსაც "საქართველოს ვაზის პარტია რუსეთთან ერთად" ჰქვია.
ზოგადად, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებების ავტორების ცუდად შენიღბული მიზანია, თავის მართლების პოზაში ჩააყენოს თავისი "ნიშანში ამოღებული" - ტალახს ვესვრი და მერე იმართლოს თავი, თუ ბიჭიაო, მაგრამ ამ სიამოვნებას მას ვერ მივანიჭებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავის სამართლებელი არაფერი გვჭირს საზოგადოდ და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. წერილში მოყვანილი "ფაქტები" საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
ბატონი გიორგი ინტერვიუში აცხადებს, რომ კინოსტუდია "ქურდების ორგანიზაციაა" და რომ "იქ დანაშაული ხდება". ასეთ შემთხვევაში უპრიანია, მიმართოს პროკურატურას, ხოლო თუ ვინმესთან სამართლებრივი პრეტენზიები გააჩნია, ამისთვის არსებობს სასამართლო.
ვწუხვართ, რომ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც მოგვიწია მცირე გამოხმაურება მის საგაზეთო ინსინუაციებზე.
თქვენი გაზეთის მკითხველებს კი ვპირდებით, რომ ბატონი გიორგის მედიაოპუსებს აღარ ვუპასუხებთ, ნამდვილად გვირჩევნია, კიდევ ბევრჯერ ვნახოთ მისი "ალავერდობა", რადგან ვნების სიმძაფრე სხვაგან გვეგულება.
ირაკლი ტრიპოლსკი
სოსო ჯაჭვლიანი