უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 118%-ით გაიზარდა
ელზა წიკლაური
08.12.2015

 საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის 11 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 141,4 მლნ ლარით, ანუ 56,2%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი დაახლოებით 50% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შარშან იანვარ-ნოემბერში ასეთი სესხების მოცულობა მხოლოდ 14,1%-ით იყო გაზრდილი.

გამორიცხული არ არის, რომ პრობლემები საბანკო სექტორსაც შეექმნას და მათ ფინანსური სტაბილურობა გარკვეული საფრთხე დაემუქროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრობლემური სესხების მოცულობა კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3%-ს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,5%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარიდან ნოემბრის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 56,2%-ითაა გაზრდილი და 393,2 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 654 000 ლარს შეადგენდა, ნოემბერში ეს რაოდენობა 393 108 000-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერც დაფაროს. იანვართან შედარებით, ნოემბერში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თითქმის 118%-ით გაიზარდა. თუკი წლის პირველ თვეს უცხოურ ვალუტაში აღებული ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 120 მლნ ლარს შეადგენდა, ნოემბერში ის უკვე 261,4 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ადამიანებს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ. გამორიცხული არ არის, პრობლემები საბანკო სექტორსაც შეექმნას და მათ ფინანსური სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა ამბობს რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორც განვითარდება ქვეყანაში ეკონომიკური მოვლენები.

"ჩემი ვარაუდით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საბანკო სექტორს არ ემუქრება რაიმე სერიოზული პრობლემა, ხოლო სამომავლოდ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. თუკი გაგრძელდა ინფლაციის ზრდა, ლარის კურსის ვარდნა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, კომერციული ბანკები ვეღარ მოახერხებენ სავალუტო სპეკულაციების შედეგად მიღებული ამონაგებით გადაფარონ დაუბრუნებელი სესხების მოცულობა. შესაბამისად, მათაც და მოსახლეობასაც გაუჭირდებათ.

რაც შეეხება მსოფლიო გამოცდილებას, ზოგადად ითვლება, რომ თუკი კომერციულ ბანკებში უმოქმედო სესხები 5%-ს აჭარბებს, ეს უკვე განგაშის საბაბი უნდა გახდეს მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუმცა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ვადაგადაცილებული დავალიანება დამახასიათებელი ფაქტორია. მაგალითად, აზერბაიჯანში უმოქმედო სესხების წილი არის 32%, თუმცა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჯერჯერობით არ არის შერყეული.

საქართველოში თუკი კომერციულ ბანკებს შეექმნებათ რამე პრობლემა, ვვარაუდობ, რომ ეროვნული ბანკი ისეთივე ღონისძიებას გაატარებს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა ევროპაში 1 მლრდ დოლარი იშოვა იმისათვის, რომ კომერციული ბანკები გაკოტრებისგან გადაერჩინა", - განაცხადა ელიავამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პრობლემამ მკვეთრი ნეგატიური გავლენა ჯერჯერობით მხოლოდ რიგით მოქალაქეებზე მოახდინა, რაც თავისთავად უკვე აისახა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაში.

"ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უმოქმედო სესხების მოცულობაზე, ანუ მოსახლეობის უნარი, მოემსახუროს თავის საბანკო ვალდებულებას, დაქვეითებულია. ეს ხდება რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, არის სავალუტო კრიზისი, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე კვალი დატოვა. მოსახლეობისთვის გაძვირდა პროდუქტი, მოსახლეობის ხარჯმა მოიმატა, მათ შორის, საკრედიტო დავალიანებაზე. ამ დროს კი შემოსავალი არ გაზრდილა. შესაბამისად, ყველას უწევს მეტი ხარჯის გაწევა საკუთარი ოჯახის საჭიროებაზე და ნაკლებად რჩება თანხა საბანკო ვალდებულების მომსახურებისთვის", - დასძინა ელიავამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ თუკი ბანკების მიერ გაცემულ მთლიან სესხებში ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების მოცულობა 3%-ს არ აღემეტება, ეს არ არის საგანგაშო.

"3-დან 6%-მდე არ არის კარგი მაჩვენებელი, მაგრამ ეს დასაშვებია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიცაა საქართველო. 6%-ზე ზემოთ არის საგანგაშო. საქართველოში ამ დროისთვის მთლიან სესხებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2,5%-ს არ აჭარბებს, ანუ მდგომარეობა არ არის ცუდი.

თუმცა, ცუდი და დამაფიქრებელი ისაა, რომ ასეთი სესხების მოცულობა მუდმივად იზრდება - წლიურად უკვე 50%-საც კი გადააჭარბა. ეს კი ნიშნავს, რომ კომერციული ბანკების პორტფელი მთლად ჯანსაღი არ არის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაშიც არ არის კარგად საქმე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ დევალვაცია სესხების სრულფასოვან მომსახურებაზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენდა", - აცხადებს თუთბერიძე.

რაც შეეხება პროგნოზს, გოჩა თუთბერიძის თქმით, თუ ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზაციას, მაშინ მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

"ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც აქვს, რათა კურსის გამყარება მოხდეს. ის ერთი წლის განმავლობაში ხელს არ ანძრევდა, ბოლოს დაიწყო გარკვეუღლი ღონისძიებების გატარება. თუ არ იქნება აქტიური, სებ-ი საბანკო სექტროში მიიღებს ნეგატიურ შედეგებს. საერთოდ, პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან ბრძოლას არ უნდა გადააყოლონ ეკონონომიკა, თორემ მერე ყველა ერთად დაზარალდება", - დასძინა თუთბერიძემ.

მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, ხალხი საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის აღების თხოვნით სულ უფრო ხშირად მიმართავს. შესაბამისად, კრედიტის აღების მსურველთა რიცხვიც მუდმივად იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×