ნინო ქეთელაური
14.12.2015

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბესელიას განცხადებით, მისი გაღიზიანება პოლიტპატიმართა სიის მიმართ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იგი ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების იმ ნაწილს არ ეხება, სადაც ელისაშვილი მასზე ზეწოლაზე საუბრობს.

"შეფასება იყო შეურაცხმყოფელი. აქ მაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ვითხოვ, მან ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით და ისინი თავად ითხოვენ ბოდიშის მოხდას ბატონი ელისაშვილისგან.

"ბოდიში უნდა მოუხადოს კომისიის ყველა წევრს. იქ ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ. ეს არის ნინო გვენეტაძე, კახი კახიშვილი, ია მეტრეველი, უჩა ნანუაშვილი, მერაბ ტურავა, ზაზა ხატიაშვილი, აგიტ მირზოევი, ქვარაია, ჩიტაია და ასე შემდეგ. დაახლოებით 15 ადამიანი იყო და ყველას მიაყენა შეურაცხყოფა. მათ შორის მთელ პარლამენტს. იყო კოლექტიური შეურაცხყოფა, რაც ყველამ მიიღო", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უნდა მოიხადოს თუ არა ალეკო ელისაშვილმა ბოდიში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "თუ არავითარი საბუთი არ აქვს იმისა, რომ ეს ხალხი კორუფციული საფუძვლით გათავისუფლდა, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს".

 

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "რთულია ამაზე საუბარი. თუკი ალეკომ ეს თქვა, მაშინ უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი საბუთი. ტყუილად არ იტყოდა, რაღაც ალბათ იცის. რთულია თქვა, იყო ასე თუ არა, მაგრამ კაცი ტყუილად ხომ არ აუხირდებოდა ვინმეს?! ალბათ, რაღაც იცის... და თუ იცის, მაშინ მხოლოდ დეკლარაციების დონეზე ამაზე საუბარი არ არის საკმარისი, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ეს ნამდვილად ასე იყო.

"ხომ გაგიგიათ, კვამლი ცეცხლის გარეშე არასდროს ჩნდება და ალბათ, ეს მომენტი აქაც არის. მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება, რადგან ვთვლი, რომ მერე უკვე ნაკლებად იქნება ასეთი ბრძოლა და ურთიერთბრალდებები".

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "რა თქმა უნდა, არ უნდა მოიხადოს არანაირი ბოდიში. ის უბრალოდ ამბობს იმ ფაქტებს, რაც მას შეემთხვა და მის ხელში გაიარა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ბოლომდე არც ამბობს.

"ელისაშვილს არცერთი გვარი არ დაუსახელებია და ეკა ბესელიამ რატომ მიიღო თავის თავზე და რატომ თვლის, რომ თავი უნდა იმართლოს - არ ვიცი. მაგრამ თუკი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დამტკიცდება, რომ ამ საქმეში ვიღაცამ მართლა აიღო ფული, მაშინ უნდა დაისაჯოს, ვინც გარეულია საქმეში.

"მაგრამ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ალეკო ელისაშვილმა მოიგნა ეს ამბავი, მაშინ ბოდიშიც უნდა მოიხადოს და სხვაგვარადაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე".

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "საერთოდ, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ასე დაუსაბუთებლად ბრალს სდებს სხვა ადამიანს, ბოდიში უნდა მოიხადოს, რა თქმა უნდა, თუ ამის შინაგანი მზაობა და ზნეობა აქვს. ვისაც ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, უნდა მოითხოვოს, რომ გადაიხედოს ამ ადამიანების საქმეები. ეს იქნებოდა ჯანსაღი მოთხოვნა. მაგრამ როდესაც ასე უაპელაციოდ ასეთ რამეებს აცხადებს, ეს უკვე სცილდება ზნეობის ფარგლებს.

"მოითხოვოს და დაისვას საკითხი, რომ ხელისუფლებამ გადახედოს ყველა პოლიტპატიმრის საქმეს და ნახონ - არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. სხვა შემთხვევაში, ასეთი განცხადებები ცილისწამებაა და დანაშაული".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×