ქვეყნიდან უფრო მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის
მაკა ხარაზიშვილი
15.12.2015

 ბოლო წლებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება. ეკონომისტები ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ. ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 5,543 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა და 6,307 მლრდ დოლარის კაპიტალი გავიდა, ანუ საინვესტიციო დისბალანსი 800 მლნ დოლარია.

თუკი შემოსულ ინვესტიციებს შევადარებთ საინვესტიციო მოგებისა და რეზიდენტების მიერ უცხოეთში გატანილი კაპიტალის საერთო მაჩვენებელს, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი თანხა გაედინება, ვიდრე შემოდის. პრობლემის საილუსტრაციოდ ბოლო 5 წლის მაჩვენებლის მოყვანაც საკმარისია.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს ქვეყანაში 814 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო ქვეყნიდან 872 მილიონი დოლარის კაპიტალი გავიდა (საინვესტიციო მოგება და კაპიტალი). ეს კი შემოსული ინვესტიციების 107%-ია. 2011 წელს კი უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 1,117 მილიარდი დოლარი შეადგინა, ქვეყნიდან გასული კაპიტალი - 1,320 მილიარდი დოლარი (118%) იყო.

ამ მიმართულებით, საგანგაშო ვითარება იყო 2012 წელს, როდესაც შემოსული ინვესტიცია 912 მლნ დოლარის არ აღემატებოდა, ხოლო ქვეყნიდან 1,535 მილიარდი დოლარი გავიდა (168%). 2013 წელს აღნიშნული თანაფარდობა ცოტა შემცირდა - შემოვიდა 942 მილიონი დოლარი, ხოლო გავიდა 1,315 მილიარდი დოლარის კაპიტალი. შარშან ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულმა დაზუსტებული ინვესტიციების მაჩვენებელმა. 2014 წელს ქვეყანაში 1,758 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აღინუსხა, ხოლო ქვეყნის გარეთ მხოლოდ 1,265 მლრდ დოლარის (71,9%) კაპიტალი გავიდა. 2015 წლის პირველ ნახევარში პროპორცია ისევ დაირღვა - შემოსულია 530 მილიონი დოლარი, ხოლო ამ პერიოდში ქვეყნიდან 671 მილიონი დოლარის გადინება მოხდა (126%).

"ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და რესურსების სიდიდის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო უცხოეთიდან შემოტანილი ინვეტიციები, არამედ მათი შემდგომი ბედიც. კერძოდ ის, რომ წარმოების მომდევნო ეტაპზე ამ ინვესტიციებიდან მიღებული მოგება რჩება საქართველოში თუ გაედინება ფარგლებს გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი რეზიდენტები გარკვეული რაოდენობის თანხის ინვესტირებას უცხოეთში ახდენენ, ანუ საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც ხდება. ამიტომ ეს ფაქტორები სასწორზე უნდა დავდოთ - ერთ მხარეზე უცხოური ინვესტიციები და მეორე მხარეს ამ უცხოური ინვესტიციების უკან მდგარი კომპანიების მიერ მიღებული მოგებას დამატებული ჩვენი მოქალაქეების მიერ უცხოეთში გატანილი რესურსები.

ამ ყველაფერს, რომ დავაჯამებთ, აღმოჩნდება, რომ ცალკეული წლების მიხედვით საქართველოდან მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ყველაზე კარგი და ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი ინვესტორები ამ უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული მოგების რეინვესტირებას მოახდენდნენ საქართველოში.

 "მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ეს კაპიტალი დარჩეს საქართველოში. 90-იანი წლების შუა ხანებში, 2 წლის განმავლობაში, მიღებული იყო კანონი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ქვეყანაში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ უცხოელი ინვესტორები. მერე ეს კანონი გაუქმდა, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები ისევ თანაბარ პირობებში მოექცნენ. მე ასეთი კანონის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ შეიძლება სხვა შეღავათი გაკეთდეს. მაგალითად, შემცირდეს მოგების გადასახადი", - აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს საკანონმდებლო დონეზეც უნდა გაუჩინოს ინტერესი.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ მოგების გადასახადით ლავირება კარგი სიგნალი იქნებოდა ინვესტორისთვის, თანაც ამ გადასახადიდან ბიუჯეტი არც ისე ბევრ თანხას იღებს.

"ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა გადის უცხოეთში - ასეულობით მილიონი დოლარი. ამ ფულის ბრუნვაზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს, რათა ქვეყანამ ეს კაპიტალი შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნება თუკი ხელისუფლება მოგების გადასახადზე დაფიქრდება", - დასძენს ავტო სილაგაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმალობაში საქართველოში 11 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. ერთი შეხედვით, ამ რაოდენობის კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკა ბევრად წინ უნდა წაეწია, ვიდრე ამჟამადაა. რეალურად კი ქვეყანაში არც უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირებულა და არც სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულა. სპეციალისტების ნაწილი ასევე თვლის, რომ საქართველოში, ძირითადად, სპეკულაციური ინვესტიციები შემოდიოდა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, 2005-14 წლებში, საქართველოში 10,909 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს - 450 მილიონი დოლარი, 2006 წელს - 1,190 მლრდ დოლარი, 2007 წელს - 2,014 მლრდ დოლარი, 2008 წელს - 1,564 მლრდ, 2009 წელს - 660 მლნ, 2010 წელს - 814 მლნ, 2011 წელს - 1,117 მლრდ, 2012 წელს - 911 მლნ, 2013 წელს - 942 მლნ, 2014 წელს - 1,758 მლრდ დოლარი, 2015 წლის სამ კვარტალში კი 1,09 მლრდ.

ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციების ცნებაში უპირველესად პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური საწარმოების მშენებლობა მოიაზრება. მიუხედავად ტექნოლოგიის მიღწევებისა, საწარმოო ძალების განმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადამიანები რჩებიან. ამდენად, დაბანდებული კაპიტალის მოცულობა პირდაპირ კავშირშია დასაქმებულთა რაოდენობასთან. რაც მეტია ინვესტიციის მოცულობა, მით მეტი სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს ქვეყანაში.

ავთო სილაგაძის აზრით, საქართველოში შემოსული ინვესტიციები, ძირითადად, მოკლევადიან სამუშაო ადგილებს ქმნის. გარდა ამისა, ჩვენთან სტატისტიკურად დასაქმების მაჩვენებლები იმდენად არარეალურია, რომ შეიძლება მოსახლეობის ნაწილი მართლაც დასაქმდა, თუმცა არსებული მეთოდოლოგიით ეს ადამიანები უკვე ისედაც აღნუსხული იყო დასაქმებულებში.

"ბუნებრივია, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელში აისახოს. თუკი ინვესტორი უძრავ ქონებას შეიძენს, დამატებით ინვესტიციებს არ განახორციელებს და ამ ყველაფერს დააკონსერვებს, სამუშაო ადგილი არ შეიქმნება", - ამბობს ავთო სილაგაძე.

ეკონომისტთა გაანგარიშებით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25-30 ათასი დოლარის ინვესტიცია. 2005 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388,9 ათასიდან 534,9 ათას კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 146 ათასი კაცით. 11 მილიარდი დოლარის ინვესტიციის პრობებში კი დასაქმებულთა რაოდენობა უნდა გაზრდილიყო 400 ათასი კაცით.

ამგვარ კვლევაზე დაყრდნობით ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა იყო არა პირდაპირი, არამედ სპეკულაციური კაპიტალდაბანდება. სავარაუდოდ, მოხდა კონკრეტული ობიექტების აქტივების ყიდვა და ერთი-ორი წლის შემდეგ მათი გადაყიდვა, როგორც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, მეტალურგიული ქარხნის, ფოთის ტერმინალის, ბათუმის პორტისა და სხვა შემთხვევებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×