ნინო ქეთელაური
15.12.2015

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ევროკომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დათანხმდებიან თუ არა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ამის წინაპირობა ევროკომისიის ანგარიში გახდება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, ანგარიში "მაქსიმალურად პოზიტიური" იქნება.

როგორ ფიქრობთ, საქართველო მიიღებს თუ არა უვიზო რეჟიმის შემოღებაზე თანხმობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ღმერთმა ქნას, რომ ეს დადებითად გადაწყდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის ზოგიერთი ქვეყნის მკაცრი მოთხოვნა ლტოლვილებთან და ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, რომ დროებით ეს ყველაფერი დარეგულირდეს.

ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე და 2016 წელს გვქონდეს უვიზო მიმოსვლა. ეს აუცილებელია, რადგან ადამიანების ნაწილს ძალიან დიდი წვალების ფასად უჯდება საზღვრებს მიღმა გასვლა".

 დავით მაღრაძე (პოეტი): "მე ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე გვექნება და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან სასარგებლო".

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გამოქვეყნებული შეფასება იმდენად დადებითი იყო, რომ მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა ძირითადი მოთხოვნა შესრულებული აქვს და წესით, უნდა მივიღთ ევროკავშირისგან ეს ბენეფიტი.

თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და წევრი სახელმწიფოების მოლაპარაკების დონეზე არ გაიწელა პროცესი, ჩემი აზრით, საკმაოდ მალე დავიმსახურებთ წამახალისებელ ნაბიჯს ევროკავშირისგან, რომელიც ასევე გახდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დამაჩქარებელი ნაბიჯიც. მთავარია საქართველომ სწორად გამოიყენოს და შეასრულოს ყველა ვალდებულება.

ეს არის ის, რაც დავიმსახურეთ იმიტომ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები ეტაპობრივად და საკმაოდ წარმატებით შესრულდა".

 გია როინიშვილი (მსახიობი): "ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სჭირდება უვიზო მიმოსვლა. ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება დაიმსახურა".

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ჩემი სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. მიმაჩნია, რომ საქართველომ შეასრულა ის მესიჯები, რაც ეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის დარეგულირებას. ჩვენ კარგად ვიცით, ამ კუთხით, წინა ხელისუფლების პერიოდი როგორ იქნა შეფასებული. ჩემი აზრით, ეს გამოცდა საქართველომ ჩააბარა. ასევე, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც დაწყებულია და იმაზე მეტია გაკეთებული, რაც მანამდე. სასამართლო სისტემის კუთხითაც საქართველომ ჩააბარა ეს გამოცდა და ხშირად გვესმის, რომ სასამართლო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არასდროს ყოფილა. მე მგონია, რომ ძირითადი პუნქტები შესრულებელია და ისღა დაგვრჩენია ევროკავშირს დაველოდოთ. საქართველომ თავის მხრივ, დემოკრატიისკენ ღირსეული ნაბიჯები გადადგა. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყოს ვიზალიბერალიზაცია, ყოველ შემთხვევაში საქართველო გამოცდებს წარმატებით აბარებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×