თიკო ოსმანოვა
16.12.2015

"ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.

კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში სმს-ები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი პროკურატურაში ხელმეორედ დაკითხვაზე ორი დღის წინ იმყოფებოდა, სადაც მობილური ტელეფონი მიიტანა. მისი თქმით, მობილურში კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით "ესემეს" შეტყობინებებია შენახული.

ამასთან, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრა მართლაც შედგა, თუმცა პირად საკითხზე და არა შეწყალების თემაზე.

ელისაშვილის განცხადებით კი, თუ დაინახავს, რომ შოთაძის უწყება "საქმის ჩაფარცხვას" ცდილობს, აუცილებლად გაასაჯაროებს იმ მტკიცებულებს, რომელიც აქვს და იმ მაღალჩინოსნის ვინაობასაც დაასახელებს, ვინც პატიმრებისგან ფულს იღებდა და შემდეგ ელისაშვილს მის გათავისუფლებას სთხოვდა.

უნდა გასააჯაროოს თუ არა ელისაშვილმა მტკიცებულებები, რომელიც აქვს და დაასახელოს კონკრეტული ჩინოსნის სახელი და გვარი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "როგორც ვიცი, ელისაშვილის მთავარი მტკიცებულება მობილურში არსებული შეტყობინება იყო. ასე რომ, კიდევ რა მტკიცებულებები აქვს, არ ვიცი. თანაც, მოწმე ზაუტაშვილიც ამბობს, რომ ფული არავისთვის მიუცია. ასე რომ, თუ აქვს კიდევ რამე მტკიცებულება, აქამდეც უნდა მიეტანა, ან ახლა გაასაჯაროოს. სიმართლე აუცილებლად უნდა გაირკვეს."

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი):  "აუცილებლად. ისეთ დონეზე დატრიალდა ყველაფერი, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ან ერთი მხარე იტყუება, ან - მეორე. საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს. ჩემი აზრით კი, არ მგონია, ელისაშვილი იტყუებოდეს."

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): "მოვუსმინე პროკურორის განცხადებას და რა ვთქვა, არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. ალეკო არ არის პატარა ბავშვი, აფერისტი, რომ ეს მოეტყუებინა. მეორე მხრივ, არ მინდა დავიჯერო, რომ "ოცნების" გამოჩენილი წევრები კორუფციაში არიან ჩართულნი.

ამიტომ დიდი ინტერესით ველოდები მოვლენების განვითარებას, სიმართლის გარკვევას.

"არ არსებობს, რომ ელისაშვილს დაეწყო ტყუილი ლაპარაკი. თუმცა არც ის არსებობს, რომ პროკურატურას წაეშალა მესიჯები."

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "არ ვიცი, სიმართლე სად არის. ამიტომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამას დაადგენს. თორემ წინასწარი საუბარი არც ერთი და არც მეორე მხრიდან არ შეიძლება. პროცესი რომ უნდა დასრულდეს, ამას საუბარიც არ არის, მაგრამ ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ეს მხოლოდ კომისიის საშუალებით იქნება შესაძლებელი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×