შეწყალების სკანდალური საქმე სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და ახალ-ახალი დეტალებით მდიდრდება. საქმეზე მოწმის სახით რამდენიმე დღეში უკვე 30-მდე ადამიანია დაკითხული, ძირითადად ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. ასევე ახლო მომავალში პროკურატურამ, შესაძლოა, პრეზიდენტიც დაკითხოს.
ამის პარალელურად შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისიაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლა და არაჯანსაღი ინტერესი მხოლოდ მისი წინამორბედის, ალეკო ელისაშვილის თავმჯდომარეობისას არ ყოფილა. ქორიძის თქმით, მან რამდენიმე ასეთი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა გამოძიებას.
რაც შეეხება კონკრეტულ სიახლეებს გამოძიებაში, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ელისაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული რამდენიმე განცხადება არ დასტურდება. კერძოდ, საქმის პროკურორის, მამუკა კაციტაძის თქმით, ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. მისი თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში სმს-ები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან."მოწმის სახით დამატებით დაიკითხა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც გამოძიებას წარრუდგინა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ელისაშვილის განმარტებით, სწორედ ამ მობილურ ტელეფონში ჰქონდა მას შენახული ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ მისთვის გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
"მობილური ტელეფონი დათვალიერებული იქნა ალექსანდრე ელისაშვილის თანდასწრებით, რომელშიც არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მის მიერ დასახელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
"დათვალიერების შემდეგ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა ექსპერტიზის ჩატარებაზე. მისი თანდასწრებითვე დაილუქა წარმოდგენილი მობილური ტელეფონი და მონაცემების აღდგენის მიზნით კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადაიგზავნა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში", - განაცხადა კაციტაძემ.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, ელისაშვილი პროკურორის მოადგილეს შეხვდა პირად საქმეზე და არა შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საკითხზე.
სუხიაშვილის განმარტებით, ალეკო ელისაშვილმა მას გიორგი გოგაძესთან შეხვედრის ორგანიზება "პირად საკითხზე" დახმარების მიზნით სთხოვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის წართმეული თანხის დაბრუნებას უკავშირდებოდა.
"როგორც იცით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დავიკითხე მოწმის სახით. მოვყევი ის, რაც იყო რეალურად - რომ ალეკო ელისაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა შემეხვედრებინა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან, რომელთანაც ჰქონდა თხოვნა პირად საკითხზე. ის აპირებდა გოგაძისთვის ეთხოვა, რომ პროკურატურა მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც იყო დაზარალებული, თანხის დაბრუნებაში დახმარებოდა. მე რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ჩავაყენე საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას.
"პირადად მე დავუშვი ალეკო ელისაშვილზე ელექტრონული საშვი, დავხვდი პირველ სართულზე, ის იყო მარტო. ავიყვანე გიორგი გოგაძის კაბინეტში, სადაც დაგვხვდნენ ბატონი გიორგი, ვაკე-საბურთალოს რაიონული პროურორი ნიკოლოზ სანიკიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილის მტკიცებით, ერთი წლის წინ შესაბამისი ინფორმაცია სწორედ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა თავად გოგაძე აღნიშნულს არ ადასტურებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულებს უკავშირდება. საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
თავად ზაუტაშვილი კი ვინმესთვის რაიმე თანხის მიცემას უარყოფს. მისი თქმით, "ზღაპარია ის ინფორმაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ქორიძემ გამოძიებას მიაწოდეს".
"არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.
მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად, წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.
"ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია", - განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, ზაუტაშვილის განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან ბესელია მათ საქმეზე უმოქმედო იყო.
"რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.
შეწყალების კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე ზვიად ქორიძეს კი მიუკერძოებული გამოძიების იმედი ჯერ კიდევ აქვს. უფრო მეტიც, მისი თქმით, შოთაძის უწყებას პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტი კიდევ მიაწოდა, რომელზედაც, წესით, მისი თქმით, პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.
"ის ჩვენება, რაც მივეცი პროკურატურას, არის კონფიდენციალური და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ საჯაროდ არ ვილაპარაკებ. მითუმეტეს, რომ ინფორმაციის ნაწილი შეეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ საპატიმროში იმყოფება.
"ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ გამოძიება წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე და მიუკერძოებლობის მაღალი ხარისხი აჩვენოს საზოგადოებას. თუ პროკურატურას არ აქვს უნარი გაუძლოს რაიმე ტიპის პოლიტიკურ ზეწოლას, მაშინ ამის შესახებაც უნდა განაცხადოს.
"ამ წუთისთვის კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა საქმეს ობიექტურად გამოიძიებს", - უთხრა "რეზონანსს" ქორიძემ და დასძინა, რომ იმ საქმეზე, რომელზეც ელისაშვილი საუბრობს, არაჯანსაღი ინტერესი მის დროსაც გამოავლინეს.
"საკმაოდ არაჯანსაღი ინტერესი ამ საქმის მიმართ თავს იჩენდა შემდეგაც. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მე ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით ვესაუბრე მთავარი პროკურატურის გამომძიებელს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაზეც პროკურატურამ უნდა შეინარჩუნოს კონფიდენციალობა და დაიწყოს გამოძიება.
"მე მივაწოდე ფაქტები, რომელზეც მოკვლევა უნდა დაიწყოს. თუმცა, გახდება თუ არა ეს სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი, ეს შოთაძის უწყებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ პროკურატურას ამით ყველა საფუძველი გამოვაცალე, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც შეიძლება ესა თუ ის საქმე აღმოჩნდეს ასეთი ფორმით განვითარებული, იქ უკვე არ მითხრას პროკურატურამ - სად იყავი მაშინო, რაზეც ახლა აქტიურად საუბრობენ. ელისაშვილი ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ეს კითხვა ჟურნალისტებმა გიორგი ბადაშვილს უნდა დაუსვან", - გვითხრა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკრატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითაა აღძრული, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი კი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ მისი კომისიაში მუშაობის პერიოდში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ფულის სანაცვლოდ კონკრეტულ პატიმართა შეწყალებას სთხოვდნენ და ამის გამო მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.