გვანცა ღვედაშვილი
18.12.2015

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ.

ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყვნენ. როგორც თავად ამბობს, მაღალჩინოსნები პატიმართა ოჯახის წევრებისგან იღებდნენ დიდი ოდენობით თანხებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარო მოხელე კონკრეტული პატიმრების საქმეების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენდა. ელისაშვილისა და ქორიძის განცხადებებით პროკურატურაც დაინტერესდა, სადაც შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები დაკითხეს.

როგორც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, ელისაშვილის განცხადება, რომ პოლიტიკოსები პატიმრებისგან ფულს იღებდნენ და არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ მათ შეწყალებასთან დაკავშირებით, ტყუილია.

"ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი. ასე შეიძლება ყველაფერი დააბრალო ადამიანს. ეს ცნობილი მეთოდია, რომ ჩააყენო თავის მართლების პოზიციაში. ამით ჩვენი ენერგიის წაღებას ცდილობენ, რომ გამოგვიყვანონ წყობიდან, მოახდინონ ჩვენი დემორალიზაცია და ხალხის თვალში ნდობა დაგვიკარგონ."-განაცხადა კობახიძემ.

შეწყალების სკანდალში დაპირისპირებული მხარეებიდან რომლის არგუმენტებია მისაღები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ვისაც ბრალი ედება გარიგებაში, არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია. ისინი უბრალოდ თავის მართლებაზე არიან გადასულები.

"პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ნანახი აქვს ის მესიჯები, რომელსაც წერდნენ ელისაშვილს, როცა ის იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი აზრი იხრება იქითკენ, რომ მართლაც არ არის ისე სუფთად საქმე, როგორც უნდათ, წარმოაჩინონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.

"ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტებსაც, რომ სამშობლოს ღალატისათვის, ჯაშუშობისათვის გასამართლებული ადამიანები არიან გამოშვებული, როგორც პოლიტპატიმრები, მგონი, ყველაფერი ნათელი ხდება. თუმცა, ალბათ ესეც გამოძიების საქმეა.

"ამ ხელისუფლების თუ არა, შემდეგი ხელისუფლების პირობებში მაინც იქნება ეს საქმეები გამოძიებული და ყველაფერს ფარდა აეხდება."

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "საქმე ისაა, რომ ელისაშვილმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ მისი, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, საქმიანობაში ერეოდნენ, ზეწოლას ახდენდნენ და აიძულებდნენ, პატიმრები გაეთავისუფლებინათ. ეს თუ ვერ წარმოადგინა, მაშინ ეს იქნება სიცრუე, ტყუილი და შანტაჟი. სასამართლო პროცესმა ეს უნდა გამოარკვიოს.

"ელისაშვილის საუბარი - რომ მე მართალი ვარ და პოლიტიკოსები ტყუიან - არ არის არგუმენტი. არგუმენტი არის მტკიცებულებები. მე დავდგები იმის მხარეზე, რომელიც იქნება მართალი.

"გულახდილად რომ გითხრათ, კობახიძე უფრო მართლად მეჩვენება. ის, ერთი მხრივ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვალდებული იყო, მოეთხოვა ელისაშვილისგან ეს მასალები და დაეჩქარებინა მოვლენები."

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი. მე არ მგონია, მანანა კობახიძეს ეკადროს მსგავსი რამ. ეს ისეთი საკითხია, რომლის განხილვაც ჭორის დონეზე არ უნდა მოხდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ საქმის განხილვას.

"მე მჯერა როგორც ელისაშვილის, ისე კობახიძის, მაგრამ მათ შორის დავა სასამართლოს გასარკვევია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს. ასე რომ, გამორიცხული არაფერია."

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  "ვერაფერს ვიტყვი, სანამ არ იქნება პროკურატურის მიერ გამოძიებული ეს საქმე, ძალიან სერიოზულად გამოძიებული, რადგან ყველა არგუმენტი არის ძალიან საინტერესო, მათ შორის ელისაშვილის და ქორიძის განცხადებები.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ზარების დარეკვით და მსგავსი ფაქტებით საქმეების მოგვარება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×