სულ მალე საქართველოს, როგორც ჩანს, უვიზო რეჟიმი არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ რუსეთთანაც ექნება. ევროკავშირი საკუთარ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს, რუსეთმა კი სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან "საეჭვო" დამთხვევას სპეციალისტები მარტივად ხსნიან - რუსეთმა დაინახა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები რეალურად იხსნება და ახლა ცდილობს ქართველებს ალტერნატიულ სივრცედ რუსეთი შესთავაზოს და ამით მათი გული ხელახლა მოიგოს, ხელახლა დაიახლოოს. მათი შეფასებით, რუსეთი "რბილი ძალის" გამოყენებას აქტიურად განაგრძობს.
საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს, რომელსაც 15 დეკემბერს ველოდით, ევროკომისია ხვალ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.
პარალელურად კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე უკვე რუსეთიც ფიქრობს.
"ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
2008 წლის ომზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას "ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო" და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.
"რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ. ეს მათი ისტორიული ბრალია", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, იგი აღადგინოს.
"რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან "სიგნალებს ხედავს" და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ ქართული მხარე მზად არის მოსკოვთან პრაგმატული კურსი გააგრძელოს.
მისივე თქმით, რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია. ღარიბაშვილის აზრით, მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.
მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, იგი ამბობს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შეძლო ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაედგა და შესაბამისად, ამ კურსის გაგრძელებას აპირებს.
"უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება.
"ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები", - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ექსპერტების აზრით, პუტინის განცხადება სწორედ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების შესაძლებლობის ზრდამ გამოიწვია. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, პუტინის შეშფოთებას იწვევს ის, რომ თუკი ევროპაში საქართველოს მეტი მოქალაქე იმოგზაურებს, ეს ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან უფრო დააახლოვებს და მათ შორის ურთიერთობები განმტკიცდება.
ამ დროს კი რუსეთში ქართველები გართულებული სავიზო რეჟიმის გამო ვერ ჩადიან. სწორედ ამიტომ, ჩიტაძის აზრით, რუსეთს ე.წ. "რბილი ძალის" გამოყენება სურს. ამბობს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებით პუტინი ქართველების გულის მოგებას ცდილობს. უნდა ამით საქართველო უფრო რუსეთს დაუახლოვდეს და არა ევროკავშირს.
"პუტინი აცნობიერებს, რომ თავის დროზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღება შეცდომა იყო, რამაც საქართველო რუსეთს დააშორა. შედეგად, დღეს საქართველო რუსეთზე არაა ისე დამოკიდებული, როგორც ადრე იყო. უვიზო რეჟიმის დაბრუნების შემდეგ კი რუსეთში მეტი ქართველი ჩავა. მოგეხსენებათ, ენობრივი ბარიერი რუსეთთან უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირთან და ამით, პუტინის გათვლით, ბევრი ისარგებლებს.
"რუსეთში ჩასასვლელად მეტი წინაპირობის შექმნას ცდილობენ - რომ იქ მეტი ქართველი ჩავიდეს, დასაქმდეს და ამით, ამ ქვეყანაზე დამოკიდებული გახდეს. ამას კი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება - მეტი ადამიანი მისცემს არჩევნებში ხმას პრორუსულ ძალებს", - აღნიშნავს ჩიტაძე.
ზემოხსენებული ორი თემის ურთიერთკავშირზე საუბრობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილიც და ისიც აღნიშნავს, რომ სავიზო მიმოსვლის საკითხი რუსეთის "რბილი ძალაა".
ამბობს, რომ რუსეთს საქართველოზე გავლენის დაკარგვა არ უნდა და ევროკავშირს ეჯიბრება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე - მოლდოვაზე, უკრაინაზე, საქართველოზე, გავლენა რამენაირად შეინარჩუნოს.
მისი აზრით, უვიზო მიმოსვლის საკითხს რუსეთი იმ მიზნით ინახავდა, რომ შემდგომში ამის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე დაეთანხმებინა, რომელიც 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ინიციატივით გაუქმდა.
შესაბამისად, გოგოლაშვილის თქმით, რუსეთისათვის სავიზო რეჟიმი ერთგვარი ბერკეტი იყო, რომელსაც მისთვის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში გაცვლიდა, რადგან მას კარგად ესმის, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთთან საქართველოს მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"მეორე მიზიეზი, რის გამოც, როგორც ჩანს, რუსეთი უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე აქამდე თავს იკავებდა, ის იყო, რომ ეს მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეების ნაწილში რუსული პასპორტების აღების სურვილს ბადებდა.
"განსაკუთრებით ეთნიკურ მოსახლეობაში ხშირად იღებენ რუსულ პასპორტებს. ამით კი, ბუნებრივია, საქართველოს მოქალაქეობას თმობდნენ, რადგან საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია. პუტინს უნდა საქართველოში რაც შეიძლება მეტი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდეს, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ამ სიტუაციაში კი, როცა ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხი სერიოზულად დააყენა და როგორც ჩანს, საქართველო მას მიიღებს, მისი თქმით, რუსებს შეეშინდათ, რომ გავლენას დაკარგავენ და პუტინმა გადაწყვიტა, საპასუხო ნაბიჯი სასწრაფოდ გადადგას. ეს კი, გოგოლაშვილის აზრით, ჩვენი მოქალაქეებისათვის კარგია, რადგან რუსეთში წასვლის მსურველებს ზედმეტი პრობლემები მოეხსნებათ და საქართველოს მოქალაქეობის დათმობაც აღარ მოუწევთ.
"მესამე, მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც რუსეთი ისახავს, შესაძლოა 2016 წლის არჩევნები იყოს. მასში პრორუსულ ძალებს გამარჯვების ნაკლები ძალა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა, რომელიც პრორუსულად არ ითვლება, თავის რეიტინგს კარგავს.
თუ არჩევნები რუსეთშიც ჩატარდა და ურნები იქაც დაიდგა, სადაც გაყალბებისა და შედეგებზე ზემოქმედების საშუალება იქნება, შესაძლოა პრორუსულ ძალებს "წაეხმარონ" და რუსეთის მთავრობამ თავისი წარმომადგენლობა ჩვენს პარლამენტში მაქსიმალურად გაზარდოს", - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.