ევროკავშირი ყოველწლიურად საქართველოში მილიონობით ევროს დებს, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა რეფორმების განხორციელებისთვის იხარჯება. აღნიშნული თანხები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება, რომელსაც სახელმწიფო თავად ადგენს. ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ყოველწლიურად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაცია იმართება. მიმდინარე წლის ანგარიში კი "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორმა ელენე გოცაძემ 14 დეკემბერს წარადგინა. გოცაძემ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ, სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ესაუბრა.
როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე გოცაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირი საქართველოს თითქმის ყველა სფეროში მილიონობით ევროს დებს.
დახმარების პროექტები მრავალფეროვანია. ევროკავშირის დახმარებებს როცა ვახსენებთ, მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობთ. გარდა ფინანსურისა, ევროკავშირის დახმარებები ტექნიკური და ექსპერტული ხასიათისაა.
"პროექტები ხორციელდება ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის განვითარების, მართლმსაჯულების განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, სასჯელაღსრულების სისტემის გამართვის, საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ევროკავშირის დახმარებები, პრაქტიკულად, ყველა სფეროზე აისახება.
"სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარებების კუთხით ნომერ პირველი დონორია, რომელიც იმაში გვეხმარება, რომ ჩვენი ცხოვრების დონე ევროკავშირთან უფრო თავსებადი გახდეს, სტანდარტები ამაღლდეს და ქვეყანაში კეთილდღეობა უფრო სტაბილური გახდეს."
მისი თქმით, 2016 წლისათვის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებიც წინ წლის მსგავსი იქნება, თუმცა ევროპული ღირებულებების შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაემატება, რომელსაც ასევე ევროკავშირი დააფინანსებს.
"ყველა დახმარება კონკრეტულ პრიორიტეტზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი პრიორიტეტებს არ გვკარნახობს, ევროკავშირმა შეიძლება მხოლოდ რეკომენდაცია გაგვიწიოს, მაგრამ პრიორიტეტებს, თუ რომელ სფეროში ქვეყანას, რა ტიპის დახმარება სჭირდება, ეროვნული ხელისუფლება თავად განსაზღვრავს. ეს არის სწორედ ევროპული ღირებულება და ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობაც ამ პრინციპზეა აგებული," - აღნიშნა გოცაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ ამოცანებზეა გათვლილი.
"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ფართო დოკუმენტია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა 1300-გვერდიანი დოკუმენტი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, შიგნით რა წერია. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოიცავს, რომელიც საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება. ამ შეთანხმების მიზანი მდგრადი ეკონომიკის შექმნა და სოფლის მეურნეობის განვითარებას წარმოადგენს.
"ჩვენ სხვა ქვეყნის მაგალითები გვაქვს, თუ როგორ გაიარეს ასოცირების ხელშეკრულება და დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, მაგალითად ესტონეთი. ესტონეთის სოფლის მეურნეობის რეფორმა წარმატებული მაგალითია. ის სამეცნიერო ტექნოლოგიებშიც ძალიან წარმატებული ქვეყანაა. ეს ყველაფერი ესტონეთმა სწორედ ევროკავშირის წევრობით შეძლო," - განაცხადა გოცაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გუგული მაღრაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებით დასტურდება, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სწორი მიმართულებით მიდის.
"საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი წარმატებები აქვს, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან, რაც კეთდება ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირის მოთხოვნებთან ძალიან გვაახლოებს.
"ამის გარდა, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატეთ ის, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, რეალური საკანონმდებლო და სხვა რეფორმები გავატარეთ, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს," - განაცხადა მაღრაძემ.
როგორც ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა უმჯობესია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდეს.
"იმ დახმარებებს, რაც ჩვენთვის 2014-17 წლებისთვისაა გამოყოფილი, ემატება მეტი მეტისათვის დახმარება, რომლის მიზანია იმ ქვეყნებს უფრო მეტად დაეხმაროს, სადაც რეფორმების განხორციელება უფრო თვალშისაცემია.
"ევროკავშირის დახმარებების საერთო თანხა განსაზღვრულია, რომელსაც იღებენ საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ყველაზე დიდი დახმარება უკრაინაზე, საქართველოზე და მოლდოვაზე მოდის, რადგან ეს ქვეყნები შედარებით მეტ რეფორმებს აკეთებენ.
"ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ევროკავშირი უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს, რადგან ეს მის ცნობადობას უფრო გაზრდის, მითუმეტეს, როდესაც საქმე რეგიონებს ეხება. იმისათვის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, რომ ევროკავშირი გვეხმარება, კონკრეტული ინფრასტრქტურული პროექტებთ უნდა გაკეთდეს, მაგალითად გზები, ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და ა.შ." - განაცხადა ჩხიკვაძემ.