ვახტანგ შამუგია
19.12.2015

 აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის პარლამენტმა 18 დეკემბერს გამართულ სხდომაზე რუსულ-აფხაზურ სამხედრო გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის რატიფიცირება მოახდინა. დე ფაქტო პარლამენტარებმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აფხაზური პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილება ვერ დამალა სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ. მისი თქმით, "რესპუბლიკის" მწირი ფინანსური შესაძლებლობის გამო სოხუმს არ შეეძლო დამოუკიდებლად უზრუნველეყო საკუთარი უსაფრთხოება.

ქიშმარიამ დასძინა, რომ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მოვალეობაში საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების კონტროლი, მნიშვნელოვანი სამხედრო თუ სამთავრობო ობიექტების დაცვა, აგრესორის მოგერიება, დაზვერვა და იმ სხვა ამოცანების შესრულება იქნება, რომელთაც მათ წინაშე "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა დასახავს.

"მიმაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებითა და სამხედრო ძალთა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შემდეგ ჩვენი სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა ერთიათად გაიზრდება და ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. ეს პროცესი შეეხება აფხაზური არმიის მოდერნიზებას, გადაიარაღებასა და აღჭურვას. სამწუხაროდ, ჩვენი მწირი ეკონომიკური საშუალებების გამო დამოუკიდებლად, რუსეთის ძმური დახმარების გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ," - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს მერაბ ქიშმარიამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ გარკვეული კითხვები გაუჩნდა.

კერძოდ, დეპუტატმა ალმას ჯოპუამ განაცხადა, რომ პარლამენტისათვის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო წარმოდგენილი.

"ჩვენ ვერ ვიხილეთ ხელშეკრულების დაფინანსებისა და მოდერნიზაციის შესახებ არსებული ნაწილები, რაც კითხვებს ბადებს. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. მიუხედავად ამისა, თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ მას მხარი არ დავუჭირო, ვიცი რა, თუ როგორ სჭირდება მისი ამოქმედება ჩვენს რესპუბლიკას," - განაცხადა პარლამენტარმა ალმას ჯოპუამ.

აფხაზი დეპუტატის ეჭვების გაფანტვა პარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას სპეციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი შამბამ სცადა.

"ეს შეთანხმება არ არის პუნქტებად დაყოფილი, რადგანაც 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამხედრო კუთხითაც. იგი გამომდინარეობს ძირითადი შეთანხმების იმ შვიდი პუნქტიდან, სადაც ამ დაჯგუფების დაფინანსების საკითხი ცალკე პუნქტადაა გაწერილი," - განმარტა შამბამ.

სხვა დეპუტატების აზრით კი საუბარი იმაზე, რომ ეს ხელშეკრულება და მისი რატიფიცირება ხელყოფს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, უსაფუძვლოა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აფხაზურ არმიაში ამ ხელშეკრულების გაფორმებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ოფიცერთა ნაწილი ხელმძღვანელობას "სამშობლოს ინტერესთა ღალატსა" და "აფხაზური არმიის მოსპობის მცდელობაში" სდებდა ბრალს.

"ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ. არმია არის სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანი და გარანტი. თუ ის აითქვიფა რუსულ სამხედრო სტრუქტურაში, გამოვა, რომ აფხაზეთი არის არა ქვეყანა, არამედ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სუბიექტი. ჩემი ძმა ამის გულისთვის არ დაღუპულა მდინარე გუმისთის ნაპირებზე 1993 წელს..." - დაწერა რუსულ სოციალურ ქსელში "ვ კონტაქტე" საკუთარ გვერდზე აფხაზური არმიის ერთ-ერთმა ოფიცერმა ინალ თხაიცუკმა.

საგულისხმოა, რომ მსგავსი პოსტების დიდი ნაწილი რუსულმა სპეცსამსახურებმა წაშალეს, ავტორებს კი ადგილობრივი ჟურნალისტები "დიდ პრობლემებს" უწინასწარმეტყველებენ.

საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზური არმიაში ახლა 2 200 სამხედრო პირი მსახურობს. ის სამი მოტორიზებული ბრიგადისაგან, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან შედგება.

ცნობისთვის, გუდაუთაში დისლოცირებულ მე- 7 სამხედრო ბაზაში 4 000 რუსი სამხედრო მსახურობს. აფხაზეთის ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" მონაკვეთს მდინარე ენგურის გასწვრივ უკვე წლებია, რაც თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ჯერ უცნობია, თუ როდის მოახდენს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (დუმა) რუსულ-აფხაზური ჯარის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას. თუმცა აფხაზი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ პროცესი 2018 წლის დამდეგს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×