ზვიად მახარაძე ბრიუსელიდან

ევროკავშირის 22 ქვეყანა, პლუს შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი - ამ 26 ევროპულ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულიდან უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. ევროკომისიამ საქართველოს მწვანე შუქი უკვე აუნთო. ახლა ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მმართველმა საბჭომ და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. იურიდიული პროცედურების გავლას 3-დან 7 თვემდე დასჭირდება. მომავალი წლის შემოდგომამდე უვიზო რეჟიმი უკვე უნდა ამოქმედდეს.
"შემიძლია, მხოლოდ დაახლოებითი დრო გითხრათ იმისა, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას. ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება დისკუსიები. პროგრესი ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების ხელშია. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გვქონდა მოლდოვას შემთხვევაში, დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო დაახლოებით 4-5 თვე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს", - განმარტა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა.
ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშები, რომელიც საქართველოს გარდა უკრაინასა და კოსოვოსაც ეხებოდა, ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა წარადგინა.
საქართველო უვიზო მიმოსვლის ერთადერთი კანდიდატი-ქვეყანა იყო, რომელმაც სრულად შეასრულა განსაზღვრული მოთხოვნები და, როგორც ევროკავშირში აცხადებენ, საქართველომ გადადგა "კიდევ უფრო შორს მიმავალი ნაბიჯები სასამართლო სისტემისა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით."
საქართველომ უზრულველყო "სათანადო საკანონმდებლო ბაზის ეფექტური და მდგრადი ჩამოყალიბება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტიკები, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობა, მოქალაქეთა უფლებები... "კომისია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში ყველა მოთხოვნის შესრულების აქტიურ მონიტორინგს, არსებული სტრუქტურებისა და დიალოგების საშუალებით და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საკონტროლო მექანიზმებით," - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც კომისარმა ავრამოპულოსმა განაცხადა, უკრაინამაც ასევე შეასრულა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მითხოვნა, თუმცა საჭიროა კიდევ მეტი პროგრესი რეფორმებში, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო საქმიანობა. სწორედ ამიტომ, უკრაინამ ევროკავშირს დამატებითი გარანტიები წარუდგინა დარჩენილი ვალდებულებების შესასრულებლად 2016 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში. საკითხი ეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დაწყებას, ანტიკორუფციული პროკურატურის ჩამოყალიბებას და, ასევე, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას.
სავარაუდოდ, სწორედ უკრაინის მიმართ არსებული შენიშვნები გახდა ანგარიშის გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი. იგივე დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟან-კლოდ იუნკერის გუშინდელი განცხადებიდან, რომელშიც მან დაადასტურა რა დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, აღნიშნა, რომ 7 დეკემბერს იგი შეხვდა უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკს, ოთხშაბათს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და პრეზიდენტ პოროშეკონსთან ერთად გამართა მინი-სამიტი და სწორედ ამ შეხვედრაზე მოიხსნა ვიზალიბერალიზაციის გზაზე არსებული საბოლოო წინააღმდეგობა.
რაც შეეხება კოსოვოს, კომისარმა განაცხადა, რომ არსებული 95 ვალდებულებიდან ჯერ კიდევ შესასრულებელია 8 და ევროკომისია კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას მთავრობასთან უახლოეს ხანში მათი შესრულების მიზნით, და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს ევროპულ საბჭოსა და პარლამენტს უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. აღსანიშნავია, რომ რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია-ნოვოსტის" შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე გათვლები, თუ რამდენი ადამიანი შევა შენგენის ზონის ქვეყნებში, კომისარმა ავრამოპულოსმა უპასუხა:
"ჩვენ არ ვართ ტურისტული სააგენტო. მე მგონია, რომ ტურიზმის ან სწავლის მიზნით ჩამოსვლის სურვილი ბევრს ექნება. ისინი დიდი ხანი ელოდნენ მწვანე შუქს. რაც უფრო მეტი ჩამოვა, მით უფრო მეტად დადასტურდება ჩვენი თანამშრომლობის წარმატებულობა. ჩვენ მათ მივესალმებით ევროპასა და შენგენის ზონაში."
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძის შეფასებით, "ანგარიშში დეტალურადაა ახსნილი, თუ რამდენი საქმე გაკეთდა და რა სამუშაო შეასრულა ქართულმა მხარემ. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამის შესრულება დამოკიდებული იყო ჩვენზე."
"სანუკვარი ოცნების ახდენად" აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკომისიის ანგარიშს, თუმცა აქვე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ პასპორტებიდან ვიზა ჯერ არ ამოხიონ.
"ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, გირჩევთ, არ ამოხიოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. მაგრამ 2016 წელი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება ხაზგასმული ჩვენს ცხოვრებაში. გისურვებთ ყველას მეტ წარმატებას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თსუ პროფესორის, კორნელი კაკაჩიას თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი არ არის ჩვენს სასარგებლოდ მომართული, ამიტომ ხელისუფლებას საგარეო ფრონტზე კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, შესაძლოა ამან ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეაფერხოს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, არა მგონია, რომ რამე სერიოზული პრობლემა შეიქმნას, თუმცა ალბათ, რაღაც გართულებები იქნება. მაგალითად, ჰოლანდიის საზოგადოება და პარლამენტი ეწინააღმდეგება ევროპის გაფართოებას. აქედან გამომდინარე, ევროპის ზოგიერთი ქვეყანის საზოგადოების აზრი არ არის ჩვენს სასარგებლოდ მომართული, ამიტომ ხელისუფლებას მეტი მუშაობა მოუწევს. ახსნა-განმარტებების თვალსზრისით იქნება ბევრი სამუშაო ჩასატარებელი. თანაც შეიძლება დროში გაიწელოს, ამას ალბათ 6-7 თვე მაინც დასჭირდება. გერმანიამ და საფრანგეთმა არა მგონია, პრობლემები შეგვიქმნას. თუმცა ზოგადად ამის პოლიტიკური ნება არსებობს," - უთხრა კაკაჩიამ "რეზონანსს".
ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის გათვლებით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შეძლებენ.
"ახლა ევროკომისიამ უნდა მიმართოს ევროპულ საბჭოს მოთხოვნით, რომ შეიტანოს ცვლილებები საკანონმდებლო ნორმაში, რომელიც არეგულირებს სავიზო საკითხებს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. ამის შემდეგ ევროპის მინისტრთა საბჭო, სადაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შედიან, კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და, დადებითი შედეგის შემთხვევაში, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, საქმე ევროპარლამენტში გადაინაცვლებს, რომელიც პრაქტიკულ თანხმობას აძლევს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ეს გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და დაახლოებით 20 დღეში გადაწყვეტილება შევა ძალაში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, მთლიანად ამ პროცედურებს, სავარუდოდ, დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. ასე რომ, თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა, ქართვე-ლები უვიზოდ შეძლებენ ფეხბურ-თში ევროპის ჩამპიონატზე დასწრებას, რომელიც საფრან-გეთში 2016 წლის ივნის-ივლისშია დაგეგმილი.
"ზუსტი თარიღის თქმა ძალიან ძნელია, საბოლოოდ როდის ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან, რაც გვაქვს მოლდოვის მაგალითის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ყველაფერს 6 თვე დასჭირდება. თუმცა ეს არ არის ზუსტი ვადა, შეიძლება ამას დასჭირდეს ნაკლები, შეიძლება მეტიც.
"თეორიულად ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, ვინმე არ დაეთანხმოს და რომელიმე ქვეყანა იყოს წინააღმდეგი, თუმცა კენჭი ეყრება უბრალო უმრავლესობით. პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. არ მახსენდება შემთხვევა, რომ დადებითი დასკვნის გამოტანის შემდეგ ქვეყნებს უარი ეთქვათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე. როგორც წესი, (სწორედ ევროკომისიის) დასკვნაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი ექნება ვიზალიბერალიზაციას," - უთხრა "რეზონანსს" ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს კი ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა.
სამოქმედო გეგმა იმ მოთხოვნებს შეიცავდა, რომლებიც ქართულ მხარეს უნდა შეესრულებინა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დასამყარებლად.
იგი ოთხი ბლოკისგან შედგება: 1)დოკუმენტური უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით; 2) საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; 3) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; 4) საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პერიოდულად ევროკავშირის შემფასებელი მისია სტუმრობდა, რომელიც ამოწმებდა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველომ ევროპისგან მიიღო. შემფასებელმა მისიამ სულ 4 ანგარიში გამოაქვეყნა და ახლა ჯერი ევროკაშვირის უმაღლეს ორგანოს, ევროპული საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. ეს უკანასკნელი ორგანო წევრი ქვეყნების ლიდერებისგან შემდგარ ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე საბოლოო სიტყვა ეთქმის.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს ბიომეტრიული პასპორტით თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
აღსანიშნავია, რომ შენგენის ზონაში არ შედის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ასე რომ, ამ ქვეყნებთან კვლავ სავიზო რეჟიმი დარჩება.