ევროკავშირის გარდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, - ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ, იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის.
"რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება "ყყ|"-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მიესალმება. თუმცა მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანა დაიცალოს.
"გაისმის შიში, რომ ქვეყანა დაიცლება. მესმის ეს შიში, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი ეთნოსი აქ მინიმუმ 6 000 წელია ცხოვრობს და მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ მილიონი კაცი 20 წლის მანძილზე ერთიანად წასულიყოს ქვეყნიდან", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება გამოიწვევს თუ არა ქართველების მასობრივ გადინებას? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): ეს რეჟიმი, რომელიც ევროპასთან იქნება შემოღებული, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაგალითად, მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტად დარჩენის საშუალება არ ექნებათ. ასე რომ, თუ ლაპარაკია ლეგალურად წასვლაზე და იქ ყოფნაზე, მაშინ რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მასობრივი გასვლა იქნება, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ეს ნაკადი შემცირდება, იმიტომ, რომ იქ მუდმივ სამუშაო ადგილს ვერ იპოვიან. თანაც, თუ ამ წესს დაარღვევ, ამას შესაბამისი სანქციები მოჰყვება. 3 თვით წასვლამ კი არა მგონია, დიდი პრობლემები შექმნას დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა გარკვეულ პრობლემებს აუცილებლად გამოიწვევს.
ბაია დვალიშვილი (მსახიობი): ვისაც ეს გაუხარდა, ყველაზე მეტად, როგორც ვიცი, ახალგაზრდები არიან. სწავლა უნდოდათ უცხოეთში და ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ. ახლა წავლენ თავისუფლად და კარგ განათლებას მიიღებენ. ზოგადად კი ჩემს გარშემო ვინც წავიდა, ყველა დაბრუნდა. ასე რომ, არ მგონია, ამან ამ მხრივ პრობლემები შექმნას. მთავარია, მოხდა ეს ამბავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წამსვლელი ვინც იყო, უკვე წასულია, ხოლო ვისაც წასვლა უნდოდა, ისედაც წავა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): ევროპა გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და იქ არალეგალურად დარჩენას ვერ შეძლებენ. ასე რომ, ევროპაში სამუშაოდ წასვლა უფრო ძნელი გახდება. მე მგონი, რუსეთში უფრო წავლენ.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): სამწუხაროდ, სავიზო რეჟიმი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. სოციალური გაჭირვების ფონზე მოსახლეობის მასობრივი გადინება მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი გარკვეული შეზღუდვებით გვექნება. ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ მშობლიური ქვეყნიდან გაქცევა არ სურდეთ, თუმცა არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც "ქართულმა ოცნებამ" ეს არ გაითვალისწინა და სოციალური მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე