ეროვნული ვალუტის დევალვაციამ კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 2,7 მლრდ ლარით გაზარდა. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ლარის კურსი 2,4-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში, მსესხებლები კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი 36,3%-ით გაუფასურდა. თუკი შარშან ნოემბერში ერთი ამერიკული დოლარი 1,76-1,77 ლარი ღირდა, ერთი წლის თავზე კურსი 2,39-2,40 ლარის ფარგლებში მერყეობს. 36%-ით გაუფასურებულმა ლარმა კი მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა აღებული, დიდი დარტყმა მიაყენა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის ნოემბერში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 7 123 821 ათასი ლარი იყო. 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი, ეს თანხა 10 214 505 ათას ლარამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამ ზრდაში იგულისხმება არა მარტო კურსთა ცვლილება, არამედ ახალი სესხიც, თუმცა სპეციალისტთა გათვლით, ასეთი ვალდებულება ამ მაჩვენებელში ძალიან მცირე იქნება.
რაც შეეხება კურსთა სხვაობის შედეგად მოსახლეობის ზარალს, ის საკმაოდ დიდია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შეადგენს 10 214 505 ათას ლარს, რაც დღევანდელი კურსით 4 256 044 ათასი დოლარის ტოლფასია, ანუ ეს არის მიმდინარე დავალიანება უცხოურ ვალუტაში. იმ შემთხვევაში თუ კურსი იქნებოდა ისევ 1,76 ლარი, მაშინ უცხოურ ვალუტაში საერთო დავალიანება იქნებოდა არა 10 214 505 ათასი ლარი, არამედ ბევრად ნაკლები, 7 490 637 ათასი ლარი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავაც ადასტურებს, დღეს რომ ძველი კურსი ყოფილიყო, უცხოურ ვალუტაში საერთო დავალიანება იქნებოდა არა 10,2 მლრდ, არამედ 7,4 მლრდ დოლარი.
"ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა არის 2 723 868 ათასი ლარი, ანუ ეს არის ზედმეტი თანხა, რომელიც გადასახდელი აქვს მსესხებლებს. პირდაპირ ვამბობ, ესაა მომავლის ზარალი. თუ კურსი არ შეიცვალა, მოსახლეობას 2,7 მლრდ ლარით მეტის გადახდა მოუწევს, ხოლო კურსის მორიგი დაცემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზარალი კიდევ გაიზრდება, თუ გამყარდა, პირიქით, შემცირდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.
მისივე თქმით, საქართველოს მსგავს მაღალდოლარიზებულ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სავალუტო კურსის არასტაბილურობა, ეს არის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა, თუ მას ხელი არ შეუწყო ეროვნულმა ბანკმა.
"ეროვნულ ბანკს გააჩნია სავალუტო რეზერვები და როდესაც ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას უჭირს, ის ფული მათი სტაბილურობისთვის უნდა გამოიყენოს. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არა მარტო მაღალდოლარიზებულია, არამედ მთლიანად არის დამოკიდებული იმპორტზე, ნებისმიერი სავალუტო რყევა იწვევს ცვლილებას ინფლაციის მიმართულებით. ასევე თესავს პანიკას მოსახლეობასა და ბიზნესში. 2016 წლის სავალუტო კრიზისის შედეგად მსესხებელთა საკრედიტო დავალიანება უცხოურ ვალუტაში, რა თქმა უნდა, გაიზარდა.
ინფლაციის შედეგად გაძვირდა ის კრედიტებიც, რომლებიც ლარში იყო აღებული. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობაზე და მთლიანად ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს", - დასძინა ელიავამ.
ლარის გაუფასურებამ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც გაზარდა. სებ-ის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 56,2%-ითაა გაზრდილი და 393,2 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 251 654 000 ლარს შეადგენდა, ნოემბერში ეს რაოდენობა 393 108 000-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას ახლა დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბანკის დავალიანება დროულად ვერც დაფაროს.
იანვართან შედარებით, ნოემბერში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თითქმის 118%-ით გაიზარდა. თუკი წლის პირველ თვეს უცხოურ ვალუტაში აღებული ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 120 მლნ ლარს შეადგენდა, ნოემბერში ის უკვე 261,4 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხალხის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და ზოგიერთი ფენა უკვე სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ადამიანებს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ. გამორიცხული არ არის, პრობლემა საბანკო სექტორსაც შეექმნას და მას ფინანსური სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ბანკების მიერ გაცემულ მთლიან სესხებში ნეგატიურად კლასიფიცირებული სესხების მოცულობა 3%-ს არ აღემეტება, ეს კი არ არის საგანგაშო.
"ცუდი და დამაფიქრებელი ისაა, რომ ასეთი სესხების მოცულობა მუდმივად იზრდება - წლიურად უკვე 50%-საც კი გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ კომერციული ბანკების პორტფელი მთლად ჯანსაღი არ არის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაშიც ვერ არის საქმე კარგად. ეს მოსალოდნელიც იყო. ყველამ ვიცოდით, რომ დევალვაცია სესხების სრულფასოვან მომსახურებაზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენდა", - აცხადებს თუთბერიძე.
მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მოსახლეობა საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის აღების თხოვნით სულ უფრო ხშირად მიმართავს. მსესხებლები საკმაოდ ინტენსიურად მიმართავენ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებსაც. გადამეტებულ ყურადღებას იჩენენ კომერციული სტრუქტურები იმ მსესხებლების მიმართ, ვინც ჯერ კიდევ არ "გაშავებულა". მათ ხან სამომხმარებლო სესხს უმტკიცებენ, ხან საკრედიტო ბარათებს სათავზობენ, ხან კი განვადებას. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ "მახეში" ებმება, შესაბამისად, კრედიტორების რიცხვიც მუდმივად იზრდება.