ევროკავშირისა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველო მორიგი მიგრაციული შოკის წინაშე აღმოჩნდება. თუ ამას ამერიკაც დაემატება, მაშინ, სპეციალისტების გავლით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. ამ ეტაპზე სამშობლოს საზღვრებს მიღმა დაახლოებით 1,6 მლნ ქართველია. რუსეთთან და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი მათ კიდევ 320-400 ათასი თანამემამულე შეემატება.
"20-50 წლის ასაკის ადამიანების (მათი რიცხვი დღესდღეობით 1,624 მლნ-ია) 25%-ს საქართველოდან გრძელვადიან მიგრაციაში წასვლა სურს, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი მათი გაწილი მოახერხებს ქვეყნიდან გასვლას", - აცხადებს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძემ.
ევროპა, რუსეთი, ამერიკა...
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. ბრიუსელში სავარაუდო თარიღად მაის-ივნისს ასახელებენ. ქართველებს მგზავრობისთვის ვიზა არ დასჭირდებათ ევროკავშირის ქვეყანებში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. უვიზო რეჟიმი გავრცელდება ასევე კავშირის არაწევრ ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნა, ნახევარი წლის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღით შეუძლიათ. ამ წესის დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მათი შენგენის საინფორმაციო სისტემაში შეყვანა და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვა.
გარდა ევროპისა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებენ მოსკოვშიც და სავარაუდო თარიღად თებერვალ-მარტს ასახელებენ.
უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ იძლევა. მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელი ნებართვის აღებაა საჭირო. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში დასაქმების მიზნით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზა მაინც დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობას 3 თვეზე მეტს არ აპირებენ.
რაც შეეხება სწავლას, თუკი საუბარია 90 დღემდე ხანმოკლე კურსებზე, ამ შემთხვევაში ვიზის გაფორმება და სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის. იმ შემთხვევაში თუ სწავლის ვადა 3 თვეს აღემატება, გარკვეული დოკუმენტები მაინც გახდება საჭირო.
ევროპისა და რუსეთის შემდეგ კი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს უკვე ამერიკაც დააწესებს, თუმცა ეს უფრო გვიან მოხდება. კარნეგის მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელის პოლ სტრონსკის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი აშშ-სთანაც ამოქმედდება. აღნიშნული განცხადება სტრონსკიმ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მეტი დრო დასჭირდება.
"საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ღირებული პარტნიორი, იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას. იმედი მაქვს, ბევრი ქართველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საგანმანათლებლო, ტურისტული, ბიზნეს ან სხვა საინტერესო მიზნის განსახორციელებლად. ახალი რეჟიმი შესაძლებლობებს აჩენს ადამიანებისთვის და ეს აჩვენებს, რომ ევროპა მართლაც აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას. იმედს ვიტოვებ, გარკვეული დროის შემდეგ და ამას მეტი დრო სჭირდება, უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც", - განაცხადა სტრონსკიმ.
რუსეთისკენ თუ ევროპისკენ?
სავიზო რეჟიმების გაუქმებამ, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყნიდან ხალხის მასობრივი მიგრაცია გამოიწვიოს და საქართველოში მოსახლეობის რაოდენობაც კიდევ უფრო შემცირდეს. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების რაოდენობა დაახლოებით 1 607 744 ადამიანს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009 წ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც ქართველთა რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს. მას მოსდევს უკრაინა (150 ათასი).
საქართველოდან წასული ემიგრანტების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 ათასი), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი) და ა.შ. ყველაზე ცოტა ადამიანია ავსტრალიაში (20), იაპონიაში (100), ყირგიზეთში (200), ლიტვაში (300).
თუ ამ დროისთვის ქვეყანა დაახლოებით საქართველოს 1,6 მლნ მოქალაქეს აქვს დატოვებული, სავიზო რეჟიმების გამარტივების შემდეგ ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო და თანაც მნიშვნელოვნად გაიზარდოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური სიდუხჭირე. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინათ წასული მიგრანტები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებს, ისევ უკან ბრუნდება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული და მიგრაციული შოკი უკვე წლებია არსებობს. უვიზო რეჟიმების დაწესების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გეზს არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ აიღებს. ამის მიზეზად კი, "რუსეთში კარგად მოწყობილ ქართველებს" ასახელებს.
"ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ქვეყანა 720 ათასმა ადამიანმა დატოვა. ძალიან ბევრი ქართველი ახლაც მიდის საზღვარგარეთ და რჩება. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში უფრო ბევრი გავა ქვეყნიდან. სულ ცოტა ხნის წინათ გამოკითხვა ჩავატარე სტუდენტებში, კითხვა იყო ასეთი - აპირებთ თუ არა საზღვარგარეთ წასვლას? გამოკითხულ სტუდენტთა 96%-მა თქვა, რომ სურს წასვლა, ზოგს სასწავლებლად, ზოგს კი სამუდამოდ სურს ქვეყნის დატოვება. ასე რომ, არსებობს სერიოზული საფრთხე საქართველო მოსახლეობისგან დაიცალოს.
ჩემი გათვლებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ქართველების უმეტესობა წავა რუსეთში, რადგან ის ახლოა და თანაც ენობრივი ბარიერის პრობლემაც არ ექნებათ. რაც მთავარია, რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, კარგად ფეხმოკიდებული და აქედან ჩასულს არ გაუჭირდება იქ თავის გატანა და შემდეგ სამსახურის შოვნა", - განაცხადა ანზორ თოთაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტს ნოდარ კაპანაძეს, მისი თქმით, სავიზო რეჟიმების გაუქმების შემთხვევაში, საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპაში წავა.
"საქართველოს მიგრაციული შოკი უკვე მიღებული აქვს, სავიზო რეჟიმის მოხსნით კი, დიდი ალბათობით ეს შოკი უფრო გაძლიერდება. ევროპაში წასვლა კი გაიოლდება, მაგრამ იქ სამსახურის შოვნა გაჭირდება და უფრო გართულდება. დღეს ვინც ევროპაში სამუშაოდ მიდის, უმეტესობა ტურისტული ვიზით მიემგზავრება და შემდეგ არალეგალურად იწყებს მუშაობას, ანუ არღვევს სავიზო რეჟიმს. მომავალშიც ვინც წავა, უმეტესობა არალეგალურად იმუშავებს. ლეგალური დასაქმების თვალსაზრისით უვიზო რეჟიმის გაუქმება არავითარი შეღავათი არ არის.
ბევრიც რუსეთისკენ აიღებს გეზს, რადგან კავშირი ამ ქვეყანასთან ძალიან მჭიდრო აქვს საქართველოს. რუსეთში ამ ეტაპზე ძალიან ბევრია წასული, მაგრამ ევროპისკენ უფრო მეტია მსურველი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.
მისივე თქმით, მიგრაციული მოლოდინის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს, მაგრამ მთავრობა, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს, გარდა ზეპირი დეკლარაციებისა: "თუ არაფერი გაკეთდა, ქვეყანას ბევრი ადამიანი დატოვებს. 20-50 წლის ასაკის ადამიანების 25%-ს საქართველოდან გრძელვადიან მიგრაციაში წასვლა სურს. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი მათი უმეტესობა მაინც მოახერხებს ქვეყნიდან გასვლას", - დასძინა კაპანაძემ.
ბევრმა არ იცის, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში ევროპაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დღეს ქვეყნიდან წასვლაში ხელს მხოლოდ სავიზო პროცედურების გავლა უშლით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დატოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს და თანაც არა 90 დღით, არამედ უფრო დიდი ხნით. ამის გამოცდილება რუსეთის შემთხვევაში უკვე არსებობს, როცა უვიზო მომოსვლის დროს საქართველოდან ჩრდილოეთში სამუშაოდ საკმაოდ ბევრი ქართველი გავიდა. სამომავლოდ კი, როცა რუსეთი კვლავ მოხსნის სავიზო რეჟიმს, დიდი ალბათობით, ანალოგიური პროცესები ისევ გაძლიერდება.