საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები "ენ-დი-აი"-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს უნდობლობას უცხადებენ. "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვა რამდენიმე საკითხს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.
"ციფრებში გამოხატულ პარტიულ რეიტინგებს სანდოობის კუთხით არ შევხედავდი", - ეს განცხადება "ენ-დი-აი"-ს კვლევებზე უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
კვლევებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც განაცხადა, რომ კვლევებთან დაკავშირებით მისი პოზიციები არ იცვლება იმის მიუხედავად, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში.
კვლევების ჩატარების მეთოდოლოგია დააყენა ეჭვქვეშ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც, რომლის თქმითაც, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია კვლევების მიზნები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი აღნიშნულ კვლევებზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვეს.
როგორ ფიქრობთ, "ენ-დი-აი"-ს კვლევებს ხელისუფლება რატომ უცხადებს უნდობლობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ამ კვლევებს, ხელისუფლების გარდა, მე ვფიქრობ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიც უნდობლობას უცხადებს. ვერ ვიჯერებ მათ შედეგებს და, სიმართლე გითხრათ, მე ამერიკელების საერთოდ არაფერი მჯერა".
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "პირადად ჩემი პოზიციაა, რომ არც მე ვენდობი ამ კვლევებს, იმიტომ, რომ ასეთი კვლევები არასოდეს ასახავს რეალურ სურათს. ხელისუფლებას კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს, არ ვიცი, მაგრამ ჩემს უნდობლობას იწვევს ის, რომ როგორც წესი, "ენ-დი-აი" და მისი მსგავსი ორგანიზაციები პოლიტიკური სუბიექტებისა თუ პარტიების ინტერესებს წარმოადგენენ".
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "უნდობლობის მიზეზია ის მრავალწლიანი ტყუილები, რომელიც "ენ-დი-აი"-ს მხრიდან გვესმის. ასევე, არასწორი, არაადეკვატური მაჩვენებლები, რომლებსაც ისინი დებენ.
ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" დროს როგორ იდებოდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასარგებლო პროცენტული მაჩვენებლები. 9 წელი საკმარისი იყო და ცხადია, ამან გააჩინა ეს უნდობლობა. მე მიმაჩნია, რომ "ენ-დი-აი" უკვე ნერვების მომშლელი ფაქტორიც კი გახდა. როდესაც მათ წარმომადგენელს ტელევიზორში ვხედავ, სხვა არხზე ვრთავ, იმიტომ, რომ ვიცი, წამოვა ტყუილების კორიანტელი.
ეს ორგანიზაცია დღესაც ძალიან კარგად მუშაობს იმ ხალხთან, ვისაც სულაც არ უხარია საქართველოს დღევანდელი წინსვლა და კეთილდღეობა. მე მიმაჩნია, რომ "ენ-დი-აი" საერთოდ გასაძევებელია ქვეყნიდან. უბრალოდ, გასაგებია, რომ ეს მთავრობა ცდილობს, არ გააღიზიანოს დასავლელი პარტნიორები, თორემ ეს დიდი ხანია უკვე, რაც გასაკეთებელია".
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): "ხელისუფლების უნდობლობას 2 ფაქტორი იწვევს. პირველი ის, რომ არ მოსწონთ რეზულტატი და, ბუნებრივია, ეძებენ მიზეზს, რომ არ ენდონ და მეორე - ის, რომ რელურად მათ აქვთ ნეგატიური გამოცდილება, "ენ-დი-აი"-ს რეიტინგებში დიდი ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ დაბალი მაჩვენებელი, რის შემდეგაც უცებ მოიგეს არჩევნები.
თუმცა, არჩევნებს ისეთი მოვლენები უძღოდა წინ, რომ სულ თავისუფლად შეიძლება ავხსნათ მათი რეიტინგის ასეთი სწრაფი ცვლილება. ამის ახსნა შეიძლება იმ ცნობილი ამბებით, რაც წინ უძღოდა არჩევნებს და შესაბამისად, "ენ-დი-აი"-ს კვლევებს შეგვიძლია ვედნოთ მაშინაც და ახლაც.
მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ან უნდა დადოს ალტერნატიული კვლევის შედეგები და, ამით გაამართლონ საკუთარი უნდობლობა, ან აღიარონ, დაიჯერონ ეს შედეგები და ამის გათვალისწინებით დეგეგმონ საკუთარი ნაბიჯები. მე ამ უკანასკნელს ვურჩევდი, რადგან ჩემი აზრით, ეს შედეგები ძალიან ახლოსაა რეალობასთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე