თიკო ოსმანოვა
23.12.2015

 "ქართული ოცნების" დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია გაზეთ "ქრონიკა %"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. უმრავლესობის წევრები ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებენ, რომელიც გაზეთში "შეწყალების სკანდალის" შემდეგ გამოქვეყნდა. საუბარია, ე.წ. კოკაინის საქმეზე დეპუტატების მხრიდან ალეკო ელისაშვილზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.

ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ელისაშვილმა პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა და "ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან ერთ-ერთ საქმეზე არაჯანსაღი ინტერესის არსებობაზე ისაუბრა.

ელისაშვილს მაშინ სახელები არ დაუკონკრეტებია და საქმის გამოძიება პროკურატურას მიანდო, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ელისო კილაძემ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია იყვნენ.

ამასთან დაკავშირებით გუშინ კილაძემ მორიგი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "მანანა კობახიძის ექვსი მესიჯი ალექსანდრე ელისაშვილს". გაზეთში გამოქვეყნებულია ტელეფონის ის ნომერი, რომლიდანაც 2014 წლის აპრილში შეწყალების კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა, რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. გაზეთის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი, რომელმაც ელისაშვილს კონკრეტული პატიმრების შეწყალების ხელშეწყობა მოსთხოვა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეა.

გუშინ, გვიან საღამოს, ეს ინფორმაცია ალეკო ელისაშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით, ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებით პარლამენტის დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე იყვნენ დაინტერესებულები და მათი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

"ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო რამდენიმე დეტალს ვიტყვი. 2013 წლის 26 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ დავინიშნე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. დანიშვნის დღიდან ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ინტერესდებოდნენ მხოლოდ ერთი საქმით, ეს იყო ე.წ. კოკაინის საქმე და ამ საქმის ფიგურანტებით. მათ არც ერთი სხვა საქმე არ აინტერესებდათ. ათასობით მსჯავრდებულია ციხეში, თუმცა მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას არც ერთის ბედი არ აინტერესებდათ "კოკაინის საქმის" ფიგურანტების გარდა. ხან მირეკავდნენ, ხან მესიჯებს მიგზავნიდნენ, ხან მათი სახელით ადვოკატი მოდიოდა. ეს საქმე პირველ ჯერზე ავტომატურ უარში მოხვდა, რადგან კრიტერიუმებს ვერ ექვემდებარებოდა. მათი დაპირებული დასკვნები და შუამდგომლობები დაგვიანებით გამოიგზავნა, ამიტომ დეკემბრის შეწყალებაში ისინი უარში მოხვდნენ. ამის შემდგომ, სააღდგომო შეწყალების წინ, არნახული ინტერესი იყო ბესელიას და კობახიძის მხრიდან. მათ არც ერთი მსჯავრდებულის საქმე არ აინტერესებდათ, მათ აინტერესებდათ მხოლოდ ე.წ. კოკაინის საქმის ფიგურანტები," - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კობახიძეს და ბესელიას სურდათ, რომ განსაკუთრებული წესით გაეტანა ეს საქმე შეწყალების კომისიაზე, დადებითი რეკომენდაცია მიეღო და გადაგზავნილიყო პრეზიდენტთან დადებითი რეკომენდაციით. "ანუ, უნდოდათ ციხიდან გათავისუფლება ამ ადამიანების. ეს იყო ისტერიული და კატეგორიული მოთხოვნა", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ბესელია და კობახიძე ამას უარყოფენ და ელისო კილაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის შეწყვეტას არ აპირებენ. ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებზე იწვევს.

თავად ჟურნალისტი კი სამართლებრივი დავისთვის მზად არის, თუმცა პროცესზე არც წყაროს დასახელებას აპირებს და არც სასამართლო გადაწყვეტილების დამორჩილებას, რადგან დარწმუნებულია, რომ საქმე "რუსთავის 2"-ის საქმის მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს გადაეცემა, რომელიც მის მიმართ გამატყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ურთმელიძის გარდა სხვა მოსამართლეს არ ანდობენ და ცხადია, სააპელაციოში გავაგრძელებ დავას. თუ ყველა ინსტანციის სასამართლო იქნება მიკერძოებული და ჩემგან, როგორც "ქრონიკა %"-ის მთვარი რედაქტორისგან, მოითხოვს იმას, რომ უარვყო გავრცელებული ცნობები, აქვე საჯაროდ ვაცხადებ, არ ვაპირებ ამ გადაწყვეტილების შესრულებას. მიმაჩნია რომ კობახიძის მისამართით გაკეთებული ჩემი შეფასება არის რეალური. მზად ვარ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ელისო კილაძე და დასძენს, რომ სასამართლო პროცესზე წყაროს არავითარ შემთხვევაში არ დაასახელებს.

მოგვიანებით, "რუსთავი 2"-ის ეთერში კობახიძის ადვოკატმა დავით ლანჩავამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ მოითხოვს არც წყაროს დასახელებას და არც ზიანის ანაზღაურებას.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკრატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითაა აღძრული, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი კი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ კომისიაში მისი მუშაობის პერიოდში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ფულის სანაცვლოდ კონკრეტულ პატიმართა შეწყალებას სთხოვდნენ და ამის გამო მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×