ლიკა ამირაშვილი
23.12.2015

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ.

"საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს - გირგვლიანის საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმის ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი.

"მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებელს და გირგვლიანის ოჯახის ყოფილ ადვოკატს, დავით ჯანდიერს, მისი თქმით, გირგვლიანის საქმე იყო და რჩება საზოგადოების ღირსების საქმედ.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გადალახავს წითელ ხაზს, რომლის იქით მას პრეტენზია სამართლიანობაზე ვეღარ ექნება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს - ადამიანის სიცოცხლის უფლებას," - აღნიშნა დავით ჯანდიერმა.

ნიშნავს თუ არა ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან გირგვლიანის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნინო ჩხობაძე (ეკოლოგი): ევროსასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც ნათქვამია, რომ გირგვლინის საქმეში პროცედურულად ძალიან სერიოზული დარღვევები იყო, მათ შორის სასამართლოში. ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამით ზოგადად საქართველოს პრესტიჟი კი არ შეილახა, არამედ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრესტიჟი შეილახა. ვფიქრობ, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): პირველი, რაც თავში აზრად მომდის, ისაა, რომ ეს საზოგადოების მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს. აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა და მთელი საზოგადოება ვიყავით ჩართული. ახლა კიდევ ამ მოსამართლის ასე აღზევება სწორად არ მიმაჩნია. მისი დანიშვნა არჩევნების წინა პერიოდში ამ ხელისუფლებას დააზარალებს.

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  ჩემი ინფორმაციით, მურუსიძე მოსამართლედ არ დაინიშნება, თუმცა შესაძლოა, ვცდები. იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაინიშნა, შესწავლილი უნდა იყოს, განიცდიდა თუ არა ხელისუფლების მხრიდან ზეგავლენას, უნდა გაირკვეს, ასევე, იყო თუ არა მისი სასამართლო პროცესი ანტისაზოგადობრივი, ჩაიდინა თუ არა მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელი და ა.შ. თუმცა, ვფიქრობ, მურუსიძის მიმართ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ასეთი ყურადღება გადაჭარბებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×