"თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობდა, ახლა, როდესაც გამყარებულია ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები", - მთავრობის კანცელარიიდან საღამოს 8 საათზე განაცხადა უკვე ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა ქვეყანას, ხალხს და განსაკუთრებით, მეუღლეს, ნუნუკას და ალბათ ერთადერთი ბრიფინგი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობა რატომღაც დაავიწყდა.
დღის განმავლობაში ორჯერ გადადებულ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა დაადასტურა დილით მედიაში გავრცელებული ცნობა გადადგომაზე, რომელიც არა მარტო საზოგადოებისათვის, თავად მისი გუნდის წევრებისათვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.
დილით საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა დეპუტატი აცხადებდა, რომ პრემიერის გადადგომაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ნაწილი ფრთხილად აღნიშნავდა, რომ ამ თემის განხილვა კოალიციაში იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
მით უმეტეს, რომ ორი დღის წინ პრემიერის პოსტზე მყოფმა ღარიბაშვილმა მთავრობის 3-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობის საქმიანობა ძალიან წარმატებული იყო ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. თუმცა ამ განცხადებიდან ზუსტად 2 დღეში წარმატებული პრემიერი "საკუთარი ნებით" გადადგა და არც ცდილა მიზეზის ახსნას.
პოლიტოლოგების ნაწილისა და ოპოზიციის თქმით, ღარიბაშვილი საკუთარი სურვილით არ წასულა და მის გადადგომაში, დიდი ალბათობით, უდიდესი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა. მიზეზი კი ის ხარვეზები იყო, რაც მისი 3-წლიანი პრემიერობისას მთავრობამ დაუშვა, რიც გამოც ხელისუფლებას მხარდამჭერები მოაკლდა - ეს იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ლარის გაუფასურება, ასევე პრემიებთან დაკავშირებული სკანდალები, პლუს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი შეცვლით კი კოალიცია წინასაარჩევნო წლის დასაწყისში რადიკალური განახლების, ახალი ტალღის იმიტაციის შექმნას ცდილობს.
კულუარებში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო წელს ღარიბაშვილის გადაყენება გადაწყვეტილი იყო, ეს იანვრის ბოლოს ისედაც იგეგმებოდა და ამას წინასაარჩევნო რებრენდინგი უნდა დარქმეოდა, სადაც ღარიბაშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიას უნდა ჩასდგომოდა სათავეში. ის საარჩევნო სიის პირველ ნომრად განიხილებოდა, თუმცა მისი წასვლა ამ დღეებში ყველასთვის მოულოდნელად დაჩქარდა და ეს შესაძლოა, მედიაში გავრცლებულ იმ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძეს ღარიბაშვილი ლობირებს. სამართლიანობის აღდგენის პროცესში არსებული დაბრკოლებების გამო საზოგადოებაში ისედაც დიდი იმედგაცრუებაა და ამ ფონზე მურუსიძის ლობირებაზე ცნობა კოალიციისათვის უკიდურესად წამგებიანიად ჩაითვალა.
სად წავა ღარიბაშვილი ან ვინ დაიკავებს მის სავარძელს? ჯერჯერობით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე ღარიბაშვილი პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, ისევე როგორც მთელი კაბინეტი.
იქნება თუ არა, როგორც დაგეგმილი იყო, კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და/ან სიის პირველი ნომერი, ჯერ უცნობია.
ღარიბაშვილის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება და მასზე საუბარი კულუარებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკონომიკის მინისტრობიდან პირველ დიპლომატად დაინიშნა. არაოფიციალურად ასევე სახელდება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, როგორც საზოგადოების თვალში ყველაზე პოზიტიური მინისტრი - საყოველთაო ჯანდაცვისა და ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული უფასო პროგრამის გამო. პლუს სახელდება ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც. სამივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვაა, თუმცა ამ სამიდან ყველაზე მეტად მაინც კვირიკაშვილის კანდიდატურაზეა საუბარი.
"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას და დაადასტურა, რომ პრემიერის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არსებობს სხვა კანდიდატურებიც.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირება ახალ წლამდე მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
"ალბათ პარასკევს ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ... პარასკევს ალბათ ამ საკითხებზე ჩამოვყალიბდებით," - განაცხადა უსუფაშვილმა.
მანამადე კი, მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, როგორც მოვალეობის შემსრულებლები, გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის გამო მთავრობაც გადამდგარად ითვლება და მაქსიმუმ 7 დღის ვადაში პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ახალი პრემიერი უნდა დაამტკიცოს. ამისათვის უმრავლესობა, 76 ხმაა საჭირო, უმრავლესობაში კი 84 დეპუტატია და 76 ხმის მოგროვება პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი მმართველ ძალას წინასწარ ვადამდელი არჩევნები არ აქვს დაგეგმილი.
"პროცედურა ასეთია: საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასახელებს და პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. ყველაფერი შვიდი დღის ვადაში უნდა მოხდეს. შემდგომი შვიდი დღის ვადაში პრემიერის კანდიდატი მთავრობის ახალ წვერებს ასახელებს და კიდევ შვიდი დღის ვადაში პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და ახალ პროგრამას ნდობას უცხადებს. თუ ნდომის გამოცხადება მოხდება, ძველი მთავრობა უფლებამოსილებას წყვეტს. მაქსიმუმ 21 დღეში უნდა გადაწყდეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ჩვეულებრივი უმრავლესობის - 76 დეპუტატის მანდატი სჭირდება," - ამბობს გიორგი გოცირიძე.
კანონით დასაშვებია, რომ ახალმა პრემიერმა მთავრობის იგივე შემადგენლობა დაასახელოს, ასევე შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს გუნდი. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, მთავრობის კაბინეტი რამდენიმე მინისტრმა დატოვოს, მათ შორის სახელდებიან - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და დიასპორის მინისტრი გელა დუმბაძე. გარდა ამისა, თუკი პრემიერი კვირიკაშვილი გახდება, მის ადგილს პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, მაგრამ კითხვაზე, რატომ გადადგა პრემიერი, პასუხი არა აქვთ.
თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ღარიბაშვილის გადადგომაზე არაფერი იცოდა, მაგრამ ჰგონია, რომ ივანიშვილი ინფორმირებული იქნებოდა, რადგან "ირაკლი ფაქტობრივად მისი გაზრდილია".
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ თუკი ასეთი წარმატებული იყო მისი საქმიანობა, მაშინ მკაფიოდ უნდა აეხსნა, ამ წარმატების მიუხედავად, თანამდებობას რატომ ტოვებდა. ყოველივე ეს აშკარად ადასტურებს იმას, რომ ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მის ნაცვლად კი ამგვარ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარდა ვერავინ მიიღებდა.
კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის არაფორმალური მმართველობა გვაქვს, სადაც არაფორმალური მმართველი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას."
"როგორც ჩანს, ის მიახვედრეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. ვთვლი, რომ "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნო წელს ეს მომგებიანი ნაბიჯი არ არის," - აცხადებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე. " - ეს არის იმის დემონსტრირება რომ "ოცნებას" პოზიციები შეერყა და იძულებულია, პრემიერი გაეშვათ."