"ივანიშვილმა ჯოხი ღარიბაშვილზე გადატეხა"
თაკო მათეშვილი
25.12.2015

 პარტიის "რებრენდინგი", წინასაარჩევნოდ მზადება, დაპირისპირება, კოალიციის დაბალი რეიტინგის გამოსწორება, წარუმატებლობის გამო გაწირვა - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ზემოჩამოთვლილი ვარიანტები ყველაზე აქტუალური და პოპულარულია.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კოალიციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო და პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ მთელი თავისი წარუმატებლობისათვის პასუხისმგებლობა მთავრობის მეთაურს აჰკიდა და თანამდებობიდან გაუშვა. ამით საზოგადოებას გაუგზავნა მესიჯი, რომ პარტიაში სიახლეებია და არჩევნების შემდგომ დაპირებების ასრულებას ახალი გუნდითა და შემართებით შუდგებიან.ყველა, ვისაც "რეზონანსი" ამ თემაზე ესაუბრა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. რომ ღარიბაშვილის წასვლა მისი სტრატეგიული სვლა იყო, რადგან წინასაარჩევნოდ საკუთარი გუნდის იმიჯზე ზრუნავს. არც იმას გამორიცხავენ, რომ "რებრენდინგის" გარდა გარკვეული როლი, შესაძლოა, პირადმა უთანხმოებამაც ითამაშა.

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 23 დეკემბრის საღამოს ამცნო. მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ არაფერი უთქვამს. შესაბამისად, პრესკონფერენციის შემდეგ მთავარი კითხვა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს შემდეგია - რატომ წავიდა ღარიბაშვილი?

პოლიტოლოგები რამდენიმე შესაძლო მიზეზზე საუბრობენ, თუმცა, პირველ რიგში, მაინც წინასაარჩევნოდ პარტიის იმიჯის ფორმირების მცდელობას ასახელებენ.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ არჩევნებამდე 10 თვით ადრე "ქართული ოცნების" რეიტინგი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, მისი აზრით, მმართველ გუნდში მიხვდნენ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, რითაც საზოგადოებას დაარწმუნებდნენ, რომ მალე გარდატეხა მოხდება.

ამისათვის ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯი კი, ნოდიას თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოცვლა იყო. ამით საზოგადოების ნაწილს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც შეიცვალა, სიახლე იქნება, ხელისუფლებას იმ იმედგაცრუებას აპატიებს, რომელიც ამ წლებში განიცადა და ახალი იმედებით აღივსება. იგი ვარაუდობს, რომ მთავრობაში სწორედ ასეთი გათვლა ჰქონდათ.

"ამის გარდა, შესაძლოა ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს უკმაყოფილება ჰქონდა. შეიძლება რაღაც საკითხში იმედი გაუცრუა. გვახსოვს მისი საჯარო კრიტიკა ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნასთან დაკავშირებით. ეტყობა, ამით ღარიბაშვილის პოლიტიკური პოზიციები დასუსტდა", - ამბობს ნოდია.

იგი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ღარიბაშვილს საკუთარი სურვილით არ მიუღია და ამბობს, რომ ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს. პირველ რიგში კი ის, რომ წასვლამდე მას მიზეზებზე არ უსაუბრია. მისი აზრით, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

"ცხადია ეს ივანიშვილმა გადაწყვიტა", - აღნიშნავს ნოდია.

იგივე მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამბობს, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილთან კონსულტაციები აუცილებლად ექნებოდა. აქვე იმასაც იხსენებს, თუ როგორ გააკრიტიკა ივანიშვილმა ტელევიზიის ეთერში ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ხისტი გამოსვლის გამო.

შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ერთგვარ განტევების ვაცად გამოიყენეს და ყველა წარუმატებლობა და შეუსრულებელი დაპირება მას "დაბრალდა".

"შეიქმნა ფონი, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილის დაპირებები ვერ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ "ენდიაი"-ს კვლევები უძღოდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 13% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. შეაბამისად, ვფიქრობ ღარიბაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა იყო. ალბათ წასვლა თავად ივანიშვილმა ურჩია.

"კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ შეიძლება ივანიშვილი მართლაც აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. თუ ეს ასე მოხდა, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, რიგითი მინისტრის თანამდებობას, რა თქმა უნდა, არ დასჯერდება," - აღნიშნავს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილს გადაწყვეტილების მიზეზები დაწვრილებით არ განუმარტავს, პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ ყველაფერი ამის გარეშეც ნათელი იყო. მისი თქმით, ჩვენნაირ ქვეყნებში, არჩევნების წინ სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის ხდება. უმეტესწილად მინისტრების გადაადგილება მიდის, ზოგჯერ კი ეს პროცესი პრემიერ-მინისტრსაც ეხება.

იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი "მანიცადამაინც არ ბრწყინავს", ხოლო არჩევნები კი უკვე კარსაა მომდგარი და საზოგადოებას სჭირდება პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაკეთდა ის, რა დაპირებებითაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, კვესელავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება აუცილებელი იყო.

"ასე რომ, ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი განტევების ვაცია. გამოდის, რომ მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელისუფლებიდან წავიდა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლად და ლიდერად რჩება. პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ამიტომ, ხელისუფლების საქმეებში ერევა. პასუხს საზოგადოება მას სთხოვს და ყოველთვის მას მოსთხოვს. შესაბამისად, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნავს კვესელავა და დასძენს, რომ ეს საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია და ჩვეულებრივ უნდა მივიღოთ.

მისი აზრით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებაში ყველაფერი რიგზე არ იყო. კადრების პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა. საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროები ღირსეული კადრებით ვერ დაკომპლექტდა. არადა სწორედ ახლა, პოლიტოლოგის თქმით, ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, რადან საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებშია.

"საქართველოს მთავრობა ვერც ნეპოტიზმს ასცდა. მაინცადამაინც მეზობელი, ნათესავი და ნაცნობი უნდა იყოს, თანამდებობაზე რომ დაუძახონ და პოსტი ჩააბარონ. ამას ვერც ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა. საკადრო პოლიტიკა მის ერთ-ერთ სუსტ წერტილად მიმაჩნია. მისი გუბერნატორები, ზოგიერთი მინისტრი ძალიან სუსტი იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო კლება "ოცნების" რეიტინგმა. მისმა გარემოცვამ ამაში დიდი როლი ითამაშა.

"ვის უნდა დაბრალდეს ეს, თუ არა ღარიბაშვილს? სწორედ ამიტომ მიმაჩნია სწორად ის, რომ ღარიბაშვილმა ეს თავის თავზე აიღო. ივანიშვილმა ჯოხი ღარიბაშვილზე გადატეხა", - აცხადებს იგორ კვესელავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×