ეკატერინე ბასილაია
26.12.2015

 ვინ მოხვდება და ვინ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში - ამაზე მმართველი კოალიციის შიგნით ვაჭრობა-განხილვა უკვე დაიწყო და როგორც კოალიციის კულუარებში საუბრობენ, ამ მხრივ ყველაზე მეტად "რესპუბლიკელები" აქტიურობენ. კულუარული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა სავარაუდო გასაშვებ მინისტრთა სიაში მოხვედრილი თანაპარტიელი მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი ისევ თანამდებობაზე დატოვონ და პარტიას ახალ კაბინეტშიც ისევ 3 მინისტრი ჰყავდეს. პლუს, საუბარია იმაზეც, რომ "რესპუბლიკელებს" სურთ, როგორც გამოკვეთილ პროდასავლურ ძალას, საგარეო ფლანგზეც მიეცეთ პირველი დიპლომატის სავარძელი.

ინფორმაციას, რომ "რესპუბლიკელები" ახალ მთავრობაში ადგილების შენარჩუნების გარდა კიდევ ერთი მინისტრის სავარძელს ითხოვენ, პარლამენტშიც ადასტურებენ. თუმცა, მათი ინფორმაციით, კოალიცია და ახალი პრემიერი ამას სავარაუდოდ არ დათანხმდებიან, რადგანაც გიორგი კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თავისი ერთ-ერთი მოადგილის წარდგენა სურს.

"რაღაც გვარები განიხილება, მაგალითად ის, რომ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ქუმსიშვილს კი - ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, კვირიკაშვილის ადგილზე მისი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე განიხილება. "რესპუბლიკელები" ძალიან გააქტიურებული არიან, რომ 3-ვე მინისტრი შეინარჩუნონ.

"პაატა ზაქარეიშვილის გაშვება-არგაშვება ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ჭიდაობა მიდის. ასევე ჯერ გადაწყვეტილი არ არის სანიკიძის შეცვლა. თუკი შეიცვალა, მის ადგილზე მისი მოადგილე გიორგი შერვაშიძე განიხილება.

"რესპუბლიკელებს" ასევე სურთ საგარეო საქმეთა სამინისტროში მათი კადრი გავიდეს, მაგრამ ამჯერად, მგონი, არ გამოსდით. არც ერთ სხვა პარტიას არ აქვს მოთხოვნა. ეს არის, რაც კოალიციაში გაჟღერდა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ზუსტად ასე გადაწყდება. ივანიშვილი ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, წინასაარჩევნოდ იმათ დანიშნავს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ის, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციურ მთავრობაში მთავარ ძალად მიიჩნევენ თავს, ამის შესახებ განცხადება ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტზე საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმაც გააკეთა.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" კოალიციურ მთავრობაში მთავარი წამყვანი ძალაა და ამიტომაც იმედოვნებს, რომ ისინი მომავალი მთავრობის შემადგენლობაშიც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

"სენსიტიურები ვართ არა "რესპუბლიკელები", არამედ ის ადამიანები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ იქნება პრემიერი, შეშფოთებულები არიან, თავად სად იქნებიან. მე ამით შემოვიფარგლები. "რესპუბლიკელები" სანდო სუბიექტები ვართ კოალიციის. როგორც საკანონდმებლო, ისე აღმასრულებელ და თვითმმართველ ქალაქებში "რესპუბლიკელები" ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვართ კოალიციური ხელისუფლების. ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ.

"ველოდები, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობაში "რესპუბლიკელების" პასუხისმგებლობა "რესპუბლიკელების" მინისტრებით ისევე იქნება გაგრძელებული, როგორიც ეს იყო ღარიბაშვილის მთავრობაში," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

არის თუ არა პაატა ზაქარეიშვილის მინისტრად დატოვება-არდატოვებაზე საუბარი - ამაზე ღიად არავინ საუბრობს. "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ზაქარეიშვილის გადაყენება განიხილებოდა.

"ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში - ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ორშაბათს მივიღებთ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობას წარმოგვიდგენს. არსად არაფერი საუბარი და ვაჭრობა არ არის. ახლა რაზეც არის საუბარი, მის უკან არანაირი რეალობა არ დგას. ეს არის მარჩიელობა.

"სალომე ზურაბიშვილზე პირველად მესმის. ასე შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილიც დაასახელოთ, ვაცალოთ იმ ხალხს, წარმოადგინოს," - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ზაქარეიშვილზე რაღაც ცნობები სმენია და ახლა პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას ელოდება.

"რაღაც ცნობები გამიგია და ახლა ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. კადრების შერჩევის პროცესში არანაირად არ ვარ ჩართული და არ ვიცი, რა გადაწყვეტილებაა. მთავარია, ახალ კაბინეტში ღირსეული პიროვნებები იყონ," - აცხადებს მეჭიაური.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, რომელ პარტიას რა სურს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვინ უნდა წავიდეს და ვინ - დარჩეს, ამას ახალი პრემიერი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

"კოალიციურ რეჟიმში "რესპუბლიკური პარტია" არასდროს არ ყოფილა პასიური. ისინი ყოველთვის ითხოვდნენ პოსტებს და ითხოვენ ახლაც. მათ განცდა აქვთ, რომ თანამდებობებზე მუშაობა შეუძლიათ. ამაში ყველა ეთანხმება თუ არა, ეს სხვა თემაა.

"პოლიტიკურ პარტიას ამგვარი ამბიციისთვის მე ვერ დავზრახავ. აქედან გამომდინარე, არაფერი განსხვავებული ახლა არ ხდება. ასე რომ, არ მიკვირს დღესაც რომ ითხოვენ. რიგ შემთხვევაში რაც ითხოვეს, მიიღეს და დღესაც რაიმეს მოთხოვნაში მოულოდნელს ვერაფერს ვხედავ. კონკრეტულად კიდევ რას ითხოვენ, კულუარული ინფორმაცია არ მაქვს," - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელებს" 3 მინისტრი ჰყავთ და ეს საკმარისია.

"კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება. კი, "რესპუბლიკელები" ჩვენი კოალიციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრები არიან, ეცდებიან საკუთარი კანდიდატურა კიდევ გაიყვანონ, ამის მოთხოვნილება აქვთ ხოლმე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს შესრულებადი იყოს. იმიტომ, რომ "რესპუბლიკელები" კოალიციაში საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილი. ეს საკმარისიცაა და არ მგონია მეტი მიიღონ. დარწმუნებული ვარ ერთი მინისტრის პოსტს კიდევ მოითხოვენ, მაგრამ პირადად მე არაფერი მსმენია," - ამბობს ნიშნიანიძე.

მისი თქმით, "რესპუბლიკელები" განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ალასანიას გუნდმა დატოვა კოალიციის რიგები.

"მათ ჰგონიათ, რომ დასავლური ორიენტაციის პარტიაა, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, რომ დასავლური ორიენტაციის პარტია მხოლოდ "რესპუბლიკელები" არიან და არა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

"მე თავს მედასავლეთედ ვთვლი. მათ შევახსენებ, რომ მარტო ისინი არ არიან. კოალიციაში გამორჩეული ძალა "ქარული ოცნებაა". წინ ჩვენ მივდივართ, შემდეგ "რესპუბლიკელები" და სხვები. მათ სრული უფლება აქვთ კანდიდატურები წამოაყენონ ხოლმე. თუკი ჩვენთვის მისაღებია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამჯერად ვთვლი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმარისად არიან," - დასძენს ნიშნიანიძე.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რა მოთხოვნებიც უნდა იყოს, ყველაფერს საბოლოოდ მაინც ერთი ადამიანი განაგებს. ამიტომ პოლიტიკური დისკუსიები საკადრო პოლიტიკას არ წყვეტს.

"ვნახავთ მხოლოდ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და შემდეგ, რაც უნდა უკმაყოფილო ოყვნენ ამ გადაწყვეტილებით კოალიციის წევრები, მაინც ხოტბებს მოვისმენთ. მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტარებში ნერვიულობა მატულობს და ყველას სურს, რაც დღეს აქვს, ის სავარძლები შეინარჩუნოს. ამიტომ ზედმეტი პრეტენზიები არ იქნება.

"ცხადია ის, რომ ალასანიას გუნდის კოალიციიდან გასვლის შედეგად უფრო მკაფიო ლიდერობა "რესპუბლიკელებს" აქვთ, რადგან კოალიციაში ეს ორი პარტია იყო პოლიტიკური გამოცდილების მქონე. დღეს გამოცდილებაში "რესპუბლიკელებს" კონკურენტი არ ჰყავთ და თუკი მიხვდება ჩვენი კადრებთუხუცესი, რომ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებაა საჭირო, მას სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ ეს ნიშა სავსე იყოს.

"რაც უნდა ამბიციური იყოს ეს პარტია, გულწრფელად ვთქვათ, რომ ისინი იმსახურებენ იმას, რასაც დღეს ფლობენ. თუმცა ისევ თავადვე ვნებენ საკუთარ თავს, როდესაც მათგან ქედმაღლურ გამონათქვამებს ვისმენთ.

"სამთავრობო წრეში რაიმე სერიოზულ ცვლილებებს არ ველი. ალბათ "რესპუბლიკელები" ისევ შეინარჩუნებენ საკუთარ სავარძლებს", - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×