ელზა პაპოშვილი
26.12.2015

 მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც თავის დროზე სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმე განიხილა, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა, რასაც საზოგადოების, უფლებადამცველებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან სამართლიანობის იმედი დაკარგა.

მისი თქმით, გუშინ მიღებული ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისა და პრეზიდენტის დაცინვა იყო, რომელმაც მურუსიძის არჩევის წინა დღეს სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

მეტრეველი განსაკუთრებით იმითაა იმედგაცრუებული, რომ მურუსიძის დანიშვნას "ქართული ოცნების" მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად დანიშნულმა ადამიანებმაც დაუჭირეს მხარი.

ია მეტრეველი: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აღარ მჯეროდა, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშნავდნენ. საზოგადოებამ ნახა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. ამიტომაც ჩემსავით ალბათ ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ის მოსამართლე ვეღარ გახდებოდა.

ეს ადამიანი იმდენად ცინიკოსია, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა. ყველას თვალებში უყურებდა და იძახდა, რომ მართალი იყო და თითქოს გირგვლიანის საქმეზე ხელი მას არ მოუწერია.

ენუქიძისთვის გადაცემულ ორდენს არანაირი ფასი აღარ აქვს. იმ ხალხმა, რომლებმაც მურუსიძეს ხმა მისცეს, პრეზიდენტსაც და მთელ ქართულ საზოგადოებას დასცინეს. ეს არის ირინა ენუქიძის და ყველა შვილმკვდარი დედის აბუჩად აგდება, რომლებსაც შვილები წინა სისხლიანმა რეჟიმმა დაუხოცა. ეს ადამიანი ხომ მათი დანაშაულის გამართლებასა და დაფარვას ხელს უწყობდა. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მოსამართლე გირგვლიანის საქმის მსგავსად კვლავ უკანონო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს? თუკი მას წინა ხელისუფლება იყენებდა, ახლა რა გარანტიაა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის კვლავაც არ გამოიყენებენ?

"რეზონანსი": თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან მურუსიძის დანიშვნის უკან, შესაძლოა, ვინმეს პირადი ინტერესები იკვეთებოდეს?

ი.მ.: როდესაც ადამიანი ამხელა აჟიოტაჟის შემდეგაც არ ამბობს უარს თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, ყველას უჩნდება ლოგიკური კითხვა - ამ ადამიანს ვინმე ხომ არ აგულიანებს? აბა, საიდან ამხელა გამბედაობა და თავდაჯერებულობა?

მან, როგორც ჩანს, ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი დანიშვნა აუცილებლად მოხდებოდა. ამიტომაც ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

სასამრთლოს მიმართ ნდობა ამის შემდეგ საერთოდ დამეკარგა. ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ იუსტიციის საბჭოში მას 10-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ ერთი წავიდა წინააღმდეგი.

სასამართლო კვლავ იმ მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა სააკაშვილის დროს უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. მათმა არასწორმა და არასამართლიანმა განაჩენებმა უამრავ ადამიანს ცხოვრება დაუნგრია.

პირადად ჩემი საქმის მოსამართლის მიმართაც ნდობა აღარ მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის საქმის მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის იმედი დავკარგე.

"რ": იუსტიციის საბჭოში "ქართული ოცნების" მიერ არამოსამართლე წევრებად დანიშნულმა სამმა წარმომადგენელმა ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რას ფიქრობთ, რატომ მიიღეს ამ ადამიანებმა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ეს ხელისუფლება გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების პირობით მოვიდა?

ი.მ.: ყველაფერი ისე აირდაირია, რომ უკვე ვერაფერს ვფიქრობ. ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი და გასაკვირია. არ ვიცი, რა არგუმენტებს ასახელებენ ან რა უნდა დაასახელონ იმისთვის, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გაამართლონ. დასკვნის გამოტანა მართლა ძალიან მიჭირს. შეიძლება ამის უკან კიდევ სხვა რაღაც იმალება.

ბევრი რამ ჩარჩოში ვერ ჯდება და ლოგიკური ახსნა არ აქვს. არ ვიცი, არ მინდა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება სააკაშვილის მსგავსად ასეთი ხალხის კვლავ გამოყენებას აპირებს. სხვაგვარად ვერაფერს ვერ ვხსნი, ამ წინასაარჩევნოდ მურუსიძის დანიშვნა "ქართულ ოცნებას" რაში უნდა აწყობდეს.

"რ": ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მურუსიძის დანიშვნით სასამართლო სისტემის გაკონტროლება სურს?

ი.მ.: არ ვიცი, ამის დაჯერება არ მინდა. მაგრამ ამაზე ეჭვები ნამდვილად ჩნდება. თავიდან, მთავრობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლება მართლაც თავისუფალი იყო, მაგრამ არ იყო თავისუფალი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რადგანაც სასამართლოში კვლავ მათ დროს დანიშნული მოსამართლეები იმყოფებიან.

ჩვენ ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა ნათლად დაგვარწმუნა. ამიტომაც ამის თქმა მიჭირს, მაგრამ დრო აჩვენებს, არაფერი არ იმალება. ამ ამბის გარშემოც თუ რაიმე იმალება, აუცილებლად გასკდება.

"რ": ამ გადაწყვეტილებას როგორ გააპროტესტებთ, პერნამენტული აქციების მოწყობას ხომ არ აპირებთ?

ი.მ.: ეს გადაწყვეტილება, როგორც უკვე აღვნიშნე, საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ საზოგადოებამ ხმა აუცილებლად უნდა აიმაღლოს და არ უნდა გავჩუმდეთ.

უბრალოდ, მე არ მინდა, რომ ამ ბიჭების თემა კვლავ ვიღაცებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. რა თქმა უნდა, არ უნდა გავატაროთ და ამ უსამართლობაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, თორემ რაც გამოვიარეთ, სწორედ იმის შედეგია, რომ ერი ერთსულოვანი არ იყო.

"რ": საზოგადოების ერთსულოვნებაში რას გულისხმობთ, როგორ უნდა გააპროტესტონ იუსტიციის საბჭოს წევრების გადაწყვეტილება?

ი.მ.: როცა საჭიროა, აქციებიც უნდა გაიმართოს და საზოგადოებამ თავისი ნება უნდა გამოხატოს. ხელისუფლებაა თუ სხვა, უნდა ვაიძულოთ, რომ საბჭოს დაშლა მოხდეს და ახალი წევრები ავირჩიოთ. ფაქტია, რომ ეს ხალხი სანდო არ არის. სწორედაც რომ შესაძლებელია ამ ხალხის სახლში გაშვება პერნამენტული აქციების მეშვეობით მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×