ლიკა ამირაშვილი
26.12.2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. 11 წევრიდან მის კანდიდატურას მხარი 10-მა დაუჭირა. ლევან მურუსიძეს 2016 წლის აპრილში ეწურებოდა მოსამართლეობის ათწლიანი ვადა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, საბჭოს ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეების თქმით, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

როგორ აფასებთ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): "მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა გამართლებულად არ მიმაჩნია. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრებაა საჭირო."

 

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): "ხელისუფლების მხრიდან საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. ერთი მხრივ, ჩვენ ის პერიოდი გვახსოვს, როდესაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ხელისუფლების მხრიდან მურუსიძის გადაწყვეტილება მკაცრად იყო დაგმობილი. ახლა კი მურუსიძის დამცველად სწორედ ის ადამიანები გვევლინებიან, ვინც ადრე მას აკრიტიკებდა.

"პრეზიდენტის განცხადებაც უცნაურად მეჩვენება იქიდან გამომდინარე, რომ კითხვის ნიშნები თუ უნდა გაჩნდეს, ეს პირველ რიგში ნინო გვენეტაძის და პაატა ტურავასადმი უნდა გასჩენოდა, თუმცა არ გასჩენია."

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): "მე ვიტყოდი, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისადმი სულში ჩაფურთხებას ნიშნავს. სახელმწიფო თავისი კანონებით უნდა მოქმედებდეს და არა ე.წ. "ნაციონალური" მოსამართლეების მიერ იმართებოდეს. ფაქტობრივად ამ ხალხმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დღევანდელ დღესაც იმას იმეორებენ, რაც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას არ დააკლეს. ვფიქრობ, საქართველოში მართლმსაჯულება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას."

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მურუსიძის დანიშვნა მთელი ქართული საზოგადოების გამოწვევას ნიშნავს. მოსამართლეთა იმ ნაწილმა მურუსიძის მხარდაჭერით თავისი თავი ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს დაუპირისპირა. რაღაცები ფორმალურადაც რომ იყოს გამართლებული, საზოგადოებრივი აზრს ანგარიში უნდა გაუწიო.

"მგონია, რომ ამ ფაქტით საზოგადოების დიდ ნაწილში სასამართლომ ნდობა დაკარგა. ძალიან დიდი შეცდომა მოხდა, რომელიც ხვალ და ზეგ ცუდად ჩვენ მოგვიბრუნდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×