ნინო ქეთელაური
28.12.2015

საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უცვლელად წარედგინება. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა.

"მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ", - აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარადგენს ახალ კანდიდატს და ეს მიხეილ ჯანელიძე იქნება.

"პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება", - ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

რამდენად წარმატებული იქნება ახალი მთავრობა, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ პრემიერ-მინისტრი იცვლება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "თუ ვისაუბრებთ ამ ახალი მთავრობის პერსპექტივაზე, შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ მათ დრო არ რჩებათ იმისთვის, რომ რადიკალური გარდაქმნები შეიტანონ ქვეყნის ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

"მე არ ვეკუთვნი იმ სკეპტიკოსთა რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ვერაფერი გააკეთა და თითქოს ის ვერ ერკვეოდა თანამედროვეობის ურთულეს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი კაცია და შეიძლება მისი თავმდაბლობის და მყარი მოქალაქეობრივი შეგნების დასტურია მისი ესოდენ იდუმალი გადადგომა.

"რაც შეეხება ახალ პრემიერს, მას კარგად ახასიათებენ და თვითონაც თქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების კარგად დაწყებულ საქმეს გავაგრძელებო. ასე რომ, რაიმე რადიკალური დაპირისპირება ყოფილსა და ახლანდელ მთავრობას შორის არ იქნება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს."

 ნუგზარ კვაშალი  (მომღერალი): "მე მგონია, რომ მთავრობა პრინციპში ყველა ერთნაირია. მე ასაკობრივი ბარიერიდან ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ბევრი მთავრობა მაქვს გამოცვლილი.

"ყველას ჰგონია, რომ მთავრობა არის ცუდი. მთავარია ხალხის ფაქტორი. თქვენ გინახავთ სადმე, სუფრაზე მთავრობის სადღეგრძელოს რომ სვამდნენ? მე სულ რამდენიმეჯერ თუ მინახავს. არადა, რატომ არა? ყველა სუფრასთან უნდა შეისვას ეს სადღეგრძელო, მაგრამ ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, მას ვერანაირი მთავრობა ვერ დააკმაყოფილებს.

"გადასარევი ნათქვამია - "როგორიც ერი, ისეთი ბერი". ადამიანებს კარგი ბუნდოვნად ახსოვთ და ცუდს უფრო იმახსოვრებენ. კარგი არ უნდა დავუვიწყოთ არც ღარიბაშვილს და არც ახალ კანდიდატს, რომელიც უწესიერესი პიროვნებაა და პროფესიონალი. შეიძლება გაუჭირდეს ახალი მინისტრთა კაბინეტის გადაბარება, იქ შეიძლება ვიღაცაც შეცვალოს... ვუსურვებ, რომ როგორც პატიოსან კაცს, ქართველი ადამიანების მიმართ ყველაფერი ისე გაეკეთებინოს, როგორც საკუთარი სინდისი უკარნახებს. "

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ამას დრო გვიჩვენებს. მინისტრთა შემადგენლობა პრაქტიკულად იგივეა და არ ვიცი, დრო სჭირდება, რომ დავინახოთ, რამე შეიცვლება, თუ იგივე მდგომარეობა დარჩება."

 

 

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "რამდენად წარმატებული იქნება, არ ვიცი, მაგრამ თვითონ გიორგი კვრიკაშვილი საოცრად დადებითი პიროვნებაა. ჩვენ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ვიცნობ. ვიცი მისი პიროვნება და ის არის ძალიან დახვეწილი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი კაცი.

"მე მისი წინამორბედის მოქმედებებსაც ძალიან დადებითად ვაფასებ. მან საშინელი ქვეყანა ჩაიბარა და მიიყვანა იქამდე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. ასე რომ, მინისტრები კვირიკაშვილის ხელში სხვა, ახალ ელფერს შეიძენენ და ახალ ჰაერს ჩაისუნთქავენ. თუმცა, მგონია, რომ კვირიკაშვილი ერთ-ორ მინისტრს მაინც შეცვლის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×