28 იანვარს გარდაბნის გამგებლის თანამდებობისათვის მხოლოდ 2 კანდიდატი იბრძოლებს
ლიკა ამირაშვილი
28.12.2015

 გარდაბანში 28 იანვარს თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი გამგებლის თანამდებობისათვის, სავარაუდოდ, მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოლებს. "ქართული ოცნების" კანდიდატი ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე იქნება, რომელიც გარდაბნის ადგილობრივ არჩევნებში 2012 წელსაც მონაწილეობდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" - კახი კახაბრიშვილი.

არეშიძე აცხადებს, რომ შემოთავაზება "ოცნებიდან" მიიღო, თუმცა, თავისი თანხმობის სანაცვლოდ გარკვეული პირობა წამოაყენა.

"კანდიდატობა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი, თუმცა ჩემი პირობა შევთავაზე. რა პირობა - ეს სალაპარაკო თემა არაა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი კი კახი კახაბრიშვილია", - გვითხრა არეშიძემ.

რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", ისინი გარდაბანში ჩასვლასა და თავისი კანდიდატის ამომრჩევლებისთვის წარდგენას დღეს გეგმავენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნების შედეგების მიხედვით ზოგადად პარტიების რეიტინგზე საუბარი ძნელი იქნება, რადგანაც ლოკალური არჩევნები ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, ეს არჩევნები მასში მონაწილე პარტიებისათვის კარგი "მოთელვა" იქნება 2016 წლის არჩევნების წინ და "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" ერთმანეთისათვის "კუნთების მოსინჯვის", ასევე თავიანთი რეგიონული სტრუქტურების მუშაობის საშუალება ექნებათ.

28 იანვრის არჩევნებისთვის "თავისუფალი დემოკრატებიც" არიან დარეგისტრირებული. თუმცა, როგორც პარტიის გამგეობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო პროცესის დაკვირვებისთვის გაიარეს.

"ამ არჩევნებში კანდიდატი არ გვყავს. საჭიროდ არ ვთვლით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, რადგან საპარლამენტო არჩევნებისთვის ვემზადებით. საარჩევნო რეგისტრაცია მხოლოდ იმიტომ გავიარეთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ. ეს კანონით გვეკუთვნის და გამოვიყენებთ.

"პარტიისათვის ამ არჩევნებს პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ამით არაფერი არ იცვლება. მიზეზი ესაა და არანაირ ბოიკოტს არ ვუცხადებთ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

არასაპარლამენტო პარტიები ამ არჩევნებში არ მონაწილეობენ. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, პარტია გარდაბნის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და იმედი აქვს, რომ სხვა ოპოზიციური პარიტიებიც ასე მოიქცევიან.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამოუცხადებს იმ მოტივით, რაზეც საგარეჯოსა და მარტვილის შემთხვევისას იყო საუბარი. ბოიკოტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას სრული იგნორირება უნდა გაუწიოს.

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ისეთი საკითხია, რომ ოპოზიციასთან კონსენსუსით უნდა გადაწყდეს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. "ოცნება" ოპოზიციისგან საერთოდ გამიჯნულია და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებას მარტო იღებს. ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან საერთოდ არ საუბრობს.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიები არ გამოჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლებას ამ არჩევნებს "გაუპრავებენ", ისევე როგორც საგარეჯოსა და მარტვილის შემთხვევისას. თუ არცერთი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ "ქართული ოცნება" კომუნისტური პარტიის მდგომარეობაში აღმოჩნდება. შესაბამისად, კომუნისტური პარტიის დროშას გადავცემთ.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ გადაწყვეტს, რომ "ოცნება" "გააპრავოს", მისი ეს ქმედება ძალიან სასაცილო და მრავლისმთქმელი იქნება, რასაც ოპოზიციური სპექტრიდან ძალიან მკაფიო შეფასება მიეცემა", - აღნიშნა ახვლედიანმა.

გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას არც "პატრიოტთა ალიანსი" აპირებს. როგორც მისმა წევრმა დავით თარხან-მოურავმა "მთელ კვირას" განუცხადა, სანამ ხელისუფლება დაპირებულ სიტყვას არ შეასრულებს, მანამდე მონაწილეობას პარტია არაფერში არ მიიღებს.

"მარტვილსა და საგარეჯოში არჩევნების გაყალბების შემდეგ ველოდებით, რომ საპარლამენტო ცვლილებები იქნება შეტანილი. სანამ ხელისუფლება არ გაინძრევა და საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს არ შეიტანს, არაფერში არ მივიღებთ მონაწილეობას. თუკი ჩვენს წინადადებას, რაც დაგვპირდნენ, არ მიიღებენ, მაშინ 200 კაციან შიმშილობას დავიწყებთ", - თქვა მან.

როგორც პოლიტოლოგმა, თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, გარდაბნის არჩევნები პარტიების რეტინგის რეალურ სურათს არ მოგვცემს, რადგან ლოკალური არჩევნები ამის საშუალებას არ იძლევა.

"ეს საინტერესო თავად პარტიებისთვის იქნება, იმიტომ, რომ თვითონ შეამოწმებენ, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არიან თუ არა, თუნდაც ადგილორივი სტრუქტურები. გარკვეულწილად მათთვის წინასწარი მომზადების კიდევ ერთი საშუალება იქნება. ამ კუთხით უფრო იქნება საინტერესო იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის წევრობა არც ერთს და არც მეორეს დიდ არაფერს არ ანიჭებს.

"ალბათ აქ გასათვალისწინებელია გარდაბნის სპეციფიკა, რა ტიპის ლოზუნგებს დაუჭერს მხარს და რა ტიპის ამომრჩევლები არიან. ვფიქრობ, კანდიდატების ცნობადობას ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა ექნება", - აღნიშნა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×