2015 წლის იმ არაპოპულარული ფრაზებისა და საქმეების ჩამონათვალი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" რეიტინგს მნიშვნელოვნად აზარალებს და რომელსაც, დიდი ალბათობით, ამომრჩეველი მმართველ ძალას არჩევნებზეც "გაუხსენებს", არცთუ მცირეა. მათ შორის ჯერჯერობით ყველა სხვა ნეგატივს გირგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სამუდამო ვადით მოსამართლედ არჩევის გამო გაღიზიანება წონის და კოალიციის ისედაც შემცირებულ რეიტინგს ეს ფაქტი ალბათ ძალიან დააზარალებს.
"ოცნებას" რომ მურუსიძის გარეშეც მხარდამჭერებში კარგი დღე არ ადგა, ეს წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ რეიტინგებშიც აისახა, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წელს პირველად ლამის გაუთანაბრდა ერთმანეთს "ნაციონალებისა" და კოალიციის მომხრეთა რაოდენობა. თავად "ოცნების" წევრებიც აღიარებენ, რომ მათი რეიტინგი დაეცა, თუმცა არა იმდენად, რასაც ესა თუ ის კვლევა აჩვენებს.
ანალიტიკოსების თქმით, 2015 წელს არაპოპულარული საქმეები და განცხადებები ბევრი იყო, თუმცა, მათგან 2016 წლამდე ამომრჩეველს მხოლოდ ის ნაწილი დაამახსოვრდება, რომელიც ყველაზე გამაღიზიანებლად და მიუღებლად მიიჩნია.
რთული დასავიწყებელი იქნება ის, რომ თანამდებობის პირები ვერაფრით ვერ შეელივნენ დანამატებად გადაკეთებულ პრემიებს და ეს იმ ფონზე, როდესაც წლის დასაწყისიდან ხელისუფლება "ქამრების შემოჭერაზე" აქტიურად საუბრობდა.
"ოცნების" მთავარი შეცდომები
ამას ემატება დეპუტატებისაგან მსჯელობა იმაზე, რომ გამოსაკვებად დღეში ლარი და 18 თეთრი საკმარისია, ან კარგმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, როდის უნდა იყიდოს ბაზარში იაფად ხორცი. ამ ყველაფერს ემატება მომრავლებული ორმოები დედაქალაქის ქუჩებში და ნეპოტიზმი საჯარო უწყებებში.
ლევან მურუსიძის არჩევა სამუდამო ვადით მოსამართლედ; ე.წ. კოკაინის სკანდალი - შეწყალების კომისიისა და პოლიტპატიმრების თემაზე, სადაც ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის სახელები ფიგურირებს; დანამატებად გადაკეთებული პრემიები; ლარის გაუფასურება; გაზრდილი ფასები; დენის ტარიფის გაძვირება; მაჟორიტარული ოლქების გაუქმების გადავადება; პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლებაზე მუდმივი დავა; ნეპოტიზმი საჯარო უწყებებში; პრობლემები დედაქალაქში - ორმოები, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურა, მუდმივი საცობი; საეჭვო ტენდერები; შსს-ს მაღალჩინოსნების ნათესავებზე დარიგებული ე.წ. დარღვევის უფლება - "ნარუშილოვკები; "რუსთავი 2"-ის საქმე; "გაზპრომთან" მოლაპარაკება; მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შეზღუდვის კანონი; პანორამა თბილისის პროექტი; აღქმა, რომ კრიმინალი გაიზარდა; სკანდალი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას... - სპეციალისტთა თქმით, ეს ხელისუფლების მიერ 2015 წელს დაშვებული შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, მურუსიძის მოსამართლედ არჩევა უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იყო. ასევე მცდარი იყო ის პოზიცია, რაც "ოცნებამ" დანამატებად გადაკეთებულ პრემიებზე დაიკავა.
"თითქოს პრემიები მოაგვარა და დანამატების გრაფაში გადაისროლა იგივე თანხა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია და სამართლიანადაც," - აღნიშნავს საყვარელიძე.
ის მიიჩნევს, რომ შეწყალების საქმესთან დაკავშირებული პროცესები უშუალოდ კოალიციას არ უკავშირდება, ამ სკანდალში პარტიის კონკრეტული წევრები არიან ნახსენები, თუმცა, ეს ჯამში კოალიციის რეიტინგზე ცოტათი მაინც იმოქმედებს.
დიდი უკაყოფილების ტალღას, მისი აზრით, ნარმანიას მოქმედებები თუ უმოქმედობა იწვევს.
რამაზ საყვარელიძე: "უარყოფითად მოქმედებს თბილისში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგების გაჭიანურება. გაჭიანურებული და არასწორი ტენდერები შეიძლება საზოგადოებისთვის გასაგები არ იყოს, მაგრამ ზოგადად ორმოები თუ ქალაქის სხვა მოუგვარებელი პრობლემები არსებობს და ეს ნარმანიას პასუხისმგებლობაა, მერე უკვე არასრულფასოვანი ტენდერები წვეთწვეთობით დაემატება და დიდ უკმაყოფილო ტალღად იქცევა.
"პანორამა თბილისის პროექტიც არაპოპულარულია, თითქოს საზოგადოების დიდი ნაწილი ნეიტრალურია, მაგრამ ისეთი განცდაა, რომ არქიტექტურასთან დაკავშირებით იგივე გრძელდება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
"სრულიად გაუგებარი და არაპოპულარულია მარჯვენასაჭიანი მანქანების კანონი. ტრიალებს შეფასება, რომ კრიმინალი გაიზარდა და ეს შეფასება საკმაოდ მძიმე გავლენის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს".
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ლევან მურუსიძის საკითხი ყველა სხვა შეცდომას გადაწონის, რითაც "ქართული ოცნების" რეიტინგი ბევრად დაზარალდება.
"საქართველოში ნებისმიერი ახსნა მიუღებელი იქნება, ერთადერთი შანსი ამ შემთხვევაში საგარეო ურთიერთობები იქნება, თუ "ოცნებამ" დააჯერა პარტნიორები, რომ ამით სასამართლოს დამოუკიდებლობას მისცა საფუძველი. ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ვერც მე მივიღებ მურუსიძესთან მიმართებაში ნებისმიერ ახსნას," - მიიჩნევს გამზარდია.
იგი "ქართული ოცნების" საქმიანობაში დღემდე შეცდომებად ასახელებს დედაქალაქის მერიის მუშაობას - ორმოებსა თუ მოუგვარებელ ინფრასტრუქტურას.
"აღმასრულებლებიდან მეტნაკლებად კრიტიკულად გამოვყოფდი პაატა ზაქარეიშვილის საქმიანობასა და გამოხატულებას ზოგიერთ საკითხზე; "ქართულ ოცნებას" შეცდომებად ჩავუთვლიდი შუალედური არჩევნების არარაფინირებულად ჩატარებას, საარჩევნო კანდიდატის პარტიული მხარდამჭერების მხრიდან კი ოპონენტების მიმართ არაერთ არაეთიკურ ქცევა-გამოხატულებას.
"ყველაზე მეტ სისუსტედ "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო წარმომადგენლობაში ადამიანურ სისუსტეებს ჩავუთვლიდი, პარტია "ქართული ოცნების" განუვითარებლობას ინსტიტუციური თვალსაზრისით.
"ყველაზე მეტი სისუსტე ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. ამის გამო არაერთი ისეთი თემა, რომელიც კრიტიკულად არ უნდა ასახულიყო "ქართული ოცნების" საქმიანობაზე, მაინც საზოგადოებრივი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, იქნება ეს ე.წ. კრიმინალის თითქოს გაზრდა, "რუსთავი 2"-ის საქმე, ლარის დევალვაცია და ა.შ. ამ და სხვა თემებში ხელისუფლების მიერ აქტიური მზაობისა და საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობის შემთხვევაში ხელისუფლებას ნაკლები რისკი ექნებოდა პოზიტიური რეიტინგის შემცირების მიმართულებით," - ამბობს გამზარდია.
განცხადებები, რომლებმაც "ოცნების" რეიტინგი შეამცირა
"თუ პური არ აქვთ, ფუნთუშა ჭამონ" - ეს ციტატა ჟან-ჟაკ რუსოს "აღსარებიდანაა". თუმცა, ითვლება, რომ ეს სიტყვები საფრანგეთის დედოფალმა, ლუი ყქ|-ის მეუღლე მარია ანტუანეტამ თქვა, როდესაც უთხრეს, რომ ფრანგებს პური არ აქვთ.
რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ჭკუის დარიგება იმაზე, როგორ შეიძლება ეკონომიურად ვიცხოვროთ მაშინ, როდესაც თავად 5-ნიშნა ხელფასები აქვთ, ისეთივე ცინიკურია, როგორც ეს სიტყვები ფუნთუშებზე და საზოგადოების ყველაზე დიდი ნაწილისათვის წლის ყველაზე მიუღებელ ფრაზებადაც რიმა ბერაძისა და გუგული მაღრაძის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს. შემდეგ ადგილებს კი პაატა ზაქარეიშვილი, თამაზ მეჭიაური და სოსო ჯაჭვლიანი იკავებენ.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატი რიმა ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, "რადგან მასში თავიდან ბოლომდეა გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა".
მისივე თქმით, საჯარო მოხელეს 24-საათიანი მუშაობა უწევს და დანამატებს იმსახურებენ.
გუგული მაღრაძემ კი ქუცნაშვილის იმ ინიციატივაზე კომენტარისას, რომლის მიხედვითაც სახელფასო დანამატების პრაქტიკაზე უარი უნდა ეთქვათ, განაცხადა, რომ "სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია ხელფასი, არ ჩერდებიან".
მისივე განცხადებაა ის, რომ ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდის უნდა გავიდეს ბაზარში, რომ იყიდოს პროდუქტი იაფად.
გოგი თოფაძის განცხადებებიდან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ის, რომ სტალინის სურათი მალე ყველას კაბინეტში დაიკიდება და ასევე ის, რომ ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც კარგად ვიქნებით.
პაატა ზაქარეიშვილის გამონათქვამებს შორის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ "დღეს გალში უფრო თავისუფლად სუნთქავენ" და პუტინი მტერი არ არის - "ადამიანი, პიროვნება, თუ გინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი... პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?"
"ლარის კურსის მიმართულებით არის საგარეო შოკები, ხოლო შიდა მოვლენები, "ნაციონალური მოძრაობის" სახით, არიან "შოკუნიები", - ეს ფრაზა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკუთვნის.
თამაზ მეჭიაურის გამონათქვამებიდან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის მისამართით ნათქვამი: "სოროსელი ენჯეოშნიკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოს უფლებით აღჭურვა".
ასევე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო პარლამენტის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის მიერ საგანგებოდ მომზადებული განცხადება "იბიარდზე": "ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა, ბრძანა რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, რომ სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ"-ო.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ფრაზაც - "დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არის", იმ არაპოპულარულ გამონათქვამად ჩაითვალა, რაც ისევ ხელისუფლებაზე აისახება ნეგატიურად.
გამონათქვამებს შორის კი ხელისუფლებისათვის ყველაზე უარყოფითად ის განცხადებები ჩაითვალა, რაც პატრიარქის სურვილს მოჰყვა, რომ პრეზიდენტის გარდა მასაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
პარლამენტარების და მინისტრების ნაწილი ამ სურვილს დაეთანხმა, ხოლო უკვე ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადებით პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართა.
არჩილ გამზარდიას თქმით, არაპოპულარულ განცხადებებში გამოყოფდა პაატა ზაქარეიშვილის, გოგი თოფაძის, თამაზ მეჭიაურის, რიმა ბერაძისა თუ გუგული მაღრაძის გამოსვლებს ზოგიერთ საკითხზე და "ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენლების არაერთი წევრის გაუგებარ განცხადებებს.
"მათ არასაკმარისად სწორი ფორმულირებისა თუ თავად განცხადებისა და ხედვის სიმცდარის გამო დარტყმა მიაყენეს "ქართულ ოცნებას," - მიიჩნევს პიარის სპეციალისტი, თუმცა, მისივე თქმით, რეიტინგის კლება უფრო რთული თემაა და ეს მარტო არაპოპულარული განცხადებებისა თუ საქმეების გამო არ მომხდარა.
"ხელისუფლებას რეიტინგის კლება, ერთი მხრივ, ამ და სხვა დაშვებულმა შეცდომებმა, სისუსტეებმა მოუტანა და მათ შორის მაინც განსაკუთრებულად საზოგადოებასთან არასაკმარის ურთიერთობას დავასახელებდი. მეორე მხრივ კი, დავასახელებდი თავად მედიისა და არასამთავრობო სექტორის ხშირ არაადეკვატურ გამოხატულებებს და ასევე რეალობასთან შეფარდებაში საზოგადების მხრიდან ჭარბ მოლოდინს," - ამბობს გამზარდია.
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოსახლეობისათვის გამაღიზიანებელია ის, რაც მის პოზიციას უპირისპირდება, ხოლო რაც მის პოზიციას ეთანხმება, ის არ აღიზიანებს, რაც უნდა ალოგიკური ან სიმართლის მხრივ გამართული არ იყოს.
"მოსახლეობისთვის ჭკუის დარიგება იმაზე, თუ როგორ იცხოვრონ ეკონომიურად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ხუთნიშნა შემოსავალი აქვთ, გამაღიზიანებლად მოქმედებს. გოგი თოფაძის განცხადებამ დაძაბულობა გამოიწვია, მაგრამ შეფასება მიჭირს, თუნდაც იმიტომ, რომ ამას წინათ ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში კარგა მოზრდილი სტალინის სურათი ეკიდა კედელზე.
"რამდენადაც მართალი არ უნდა იყოს მეჭიაური, უხეში განცხადებები ყოველთვის აყენებს ზიანს ამ განცხადების ავტორებს, ამ შემთხვევაში მთლიანად პარტიას ვგულისხმობ. ასევე დიდი ხარვეზის მომტანია პარტიისათვის სოსო ჯაჭვლიანის განცხადება იბიარდის თემაზე იმ ფორმულის გამო, რომ ასეთი დონის დეპუტატები ჰყავს მმართველ ძალას და ეს მთლიანად ორგანიზაციის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.
"ზაქარეიშვილის განცხადებები ჯერ მას და შემდეგ კოალიციას აყენებს ძალიან დიდ ზიანს.
"პატიმრების შეწყალების უფლება პარტიარქს უნდა მიეცესო - ამ განცხადებამ ძალიან ცუდი სამსახური გაუწია პარტიას იმიტომ, რომ პატრიარქს დადებითად აღიქვამენ რელიგიურ, სულიერ კონტექსტში და მას თაყვანს სცემს ქართული საზოგადოება, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციების გადატანა საპატრიარქოს სტრუქტურებში, ამის მომხრე ქართული საზოგადოება ვერ იქნება. თეოკრატიული მმართველობა, ირანის რეჟიმი ქართველებისთვის საოცნებო არ არის. ეს კი თეოკრატიისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი იყო და ამიტომაც არ შეიძლებოდა, ამას დადებითი რეაქცია გამოეწვია," - მიიჩნევს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არანაკლებთ მნიშვნელოვანია, რას დაჰპირდა, რა შეეძლო და არ გააკეთა "ოცნებამ" ისეთი, რაც მის რეიტინგზე აისახა. ასეთი კი, მისი შეფასებით, უპირველესად სამართლიანობის აღდგენა, ტარიფების შემცირება, ეკონომიკური წინსვლა და ლარის გაუფასურების პრობლემაზე არაადეკვატური ქმედებები თუ განცხადებებია.
"შესაძლოა, ლარის გაუფასურება ბოლომდე ამათი ბრალი არ არის, მაგრამ მათ შეეძლოთ, მოსახლეობასთან გაეზიარებინათ ეს პრობლემა. ეთქვათ, რომ თქვენც გიჭირთ და ჩვენც და ვეცადოთ, ერთად დავძლიოთ ეს კრიზისი. მოსახლეობა ამ დამოკიდებულებას მიიღებდა და არ გაღიზიანდებოდა ხელისუფლებაზე. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ყოველი კვირის დასაწყისში იძახის, რომ ლარი გაჩერებულია, ყველაფერი კარგად იქნებაო და კვირის ბოლოს ისევ გაუფასურებულია...
"მეორეც, გვეუბნება, უნდა გავიჭირვოთ და ქამრები შემოვიჭიროთო - ეს გამაღიზიანებელია მაშინ, როდესაც მოსახლეობას არ აქვს იმის განცდა, რომ თავად ხელისუფლებამ შემოიჭირა ქამრები. დანამატებზე უარი არაფრით არ თქვეს. ალექსანდრე მაკედონელი უდაბნოში რომ მიდიოდა ლაშქართან ერთად და ჩაჩქანით წყალი მიაწოდეს, გადაღვარა - ჩემი ჯარისკაცები წყურვილისგან იხოცებიან და მე წყალი როგორ დავლიოო. ასეთი მხედართმთავრისთვის ჯარისკაცი თავს წირავს. ჩვენთან კი სრულიად საპირისპირო სვლებს აკეთებს ხელისუფლება," - აცხადებს საყვარელიძე და თვლის, რომ სწორედ ამ არასწორი საქმეების გამოა ხელისუფლების რეიტინგი თავდაღმართში და ამ "საქმეების" დიდ ნაწილს ამომრჩეველი ოქტომბერში გაიხსენებს.