"წინასაარჩევნო დაპირებები გადაჭარბებული იყო", "რუსული პროპაგანდის გაძლიერებით შეშფოთებული ვარ", "პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობაში აღარ უნდა დაისვას"
სალომე სარიშვილი
29.12.2015

 "მომავალი პრემიერის მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან ახალ გუნდს გაცილებით რთული პროცესი ელოდება, ვიდრე 2012 წლის არჩევნები იყო.

"რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან კვირიკაშვილის შესაძლო სამომავლო ურთიერთობას, ეს არც შერიგებაა და არც თბილი ტონი, ეს გახლავთ დაზავება, რომელიც მხოლოდ 1 წელს, არჩევნებამდე გაგრძელდება", - ამგვარია ექსპერტთა ნაწილის შეფასება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებზე, რომელიც მან გუშინ პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრისას გაახმოვანა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ოპოზიციურ პარტიათა შეკითხვებს უპასუხა და დეპუტატებს გარკვეულ საკითხებზე მისი დამოკიდებულება გააცნო. პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე კვირიკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა - მათ შორის რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, 2013 წელს გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებებსა და პრეზიდენტის ინსტიტუტთან მის სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, 2013 წლის საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო. პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრისას კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნებისადმი" ხალხის დამოკიდებულება საარჩევნო დაპირებებით არ განსაზღვრულა და ეს არც ხმის მიცემის მიზეზი გამხდარა.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმ ექსპერტის წინასწარი ანალიზი, რომელიც ჩართული იყო წინასაარჩევნო პროცესში, ზოგჯერ იყო გადაჭარბებული. ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს არ იყო ავანტიურა ჩვენი მხრიდან.

"რაც შეეხება ტარიფების ზრდას, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ დონის, 45%-იანი დევალვაციის პირობებში, შეუძლებელია, მარეგულირებლებმა არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებების გარეშე უბრალოდ ფუნქციონირებას შეწყვეტენ ის სუბიექტები, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატმა ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და თქვა, რომ გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო თავადაც შეშფოთებულია. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას კი - "შეწყვეტს თუ განაგრძობს იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად", კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფება და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას.

"არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ, ცალკეულ პირებს აქვთ უფლება, ამ ტიპის განცხადებები გააკეთონ. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი, ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა და ისიც დაამატა, რომ უშიშროების საბჭოს მომავალ სხდომებს აუცილებლად დაესწრება.

"მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ფიზიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლად დავესწრები უშიშროების საბჭოს სხდომებს, როდესაც ის ჩატარდება", - დასძინა კვირიკაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, კვირიკაშვილის განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, აქ მთავარი როლი მაინც პრაგმატიზმმა შეასრულა, რადგან მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტთან ახალი ფრონტი არ აწყობს.

"რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილმა მარგველაშვილის მიმართ პოზიცია შეიცვალა, ეს არარეალისტურად მიმაჩნია, თუმცა აქ ჩანს სუფთა პრაგმატიზმი - რა მოიგეს მთელი 2 წელი კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნისას? ამით მმართველმა პარტიამ მხოლოდ წააგო, ხოლო პრეზიდენტი სულ უფრო მეტ მორალურ ქულებს აგროვდებდა და საზოგადოებისგან კეთილგანწყობას იმსახურებდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტო რამდენჯერმე დაძლიეს, ამით მას მაინც არ წაუგია, ხალხში ის ყოველთვის იმარჯვებდა.

"ახლაც, როცა თემა მურუსიძის დანიშვნასა და ელისაშვილის ამბებს შეეხო, პრეზიდენტმა საზოგადოებაში მხოლოდ კეთილგანწყობა დაიმსახურა, მთავრობამ კი საპირისპირო მიიღო. ამით მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ახალი პრემიერის მესიჯები მხოლოდ წინასაარჩევნო ჟესტია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტის დემონსტრაციული დაკნინების მცდელობა მხოლოდ ღარიბაშვილისგან არ მოდიოდა.

"არავინ დაიჯერებს, რომ კვირიკაშვილი ივანიშვილის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას ემიჯნება, ეს მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ვინაიდან ახალ გუნდს გაცილებით უფრო რთული პროცესი ელოდება, ვიდრე 2012 წლის არჩევნები იყო", - აცხადებს ცინცაძე და დასძენს, რომ ეს არც შერიგებაა და არც თბილი ტონი, ეს მხოლოდ დაზავება, რომელიც მხოლოდ 1 წელი, არჩევნებამდე გაგრძელდება.

"პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ გადადგა, ახლა ყველაფერი მარგველაშვილზეა დამოკიდებული, თუმცა არ მგონია, რომ მან საკუთარი მორალური თამასის დაწევა გადაწყვიტოს, რადგან პრეზიდენტს ყველაზე ეფექტური გზა აქვს არჩეული - მან ხალხის თვალში საკუთარი ავტორიტეტის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი - მორალური ლიდერობის გზა აირჩია და ეს აბსოლუტურად გამართლებული მეთოდია, ხელისუფლებას კი მისი დამოუკიდებლობა სულაც არ აწყობს.

"თუკი კვირიკაშვილი საკუთარი მესიჯებით პრეზიდენტის ინსტიტუტთან ახალ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა, მაშინ მას უნდა ეთქვა, რომ წინა მთავრობის შერჩეული პოლიტიკა შეცდომა იყო, თუმცა მას ეს არ უთქვამს, ამიტომ ამ თემას მხოლოდ პოლიტტექნოლოგიის ჭრილში განვიხილავ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×