პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავის შემაჯამებელ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტჯერ რომ ეხსენებინა, მადლობა ადრინდელივით გადაეხადა და უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ პუტინის ინიციატივაზეც გაემახვილებინა ყურადღება, დღეს ისევ პრემიერი იქნებოდა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი, ისევე როგორც ირაკლი ალასანია, რუსეთისა და ივანიშვილის გულისწყრომამ იმსხვერპლა.
სწორედ ამით ხსნის იგი პრემიერ-მინისტრის ასე ნაჩქარევ გადაყენებასა და ახლის დანიშვნას, და ამბობს, რომ ეს ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა. როგორც მინიმუმ, რამდენიმე დღით მოცდა, სანამ კვირიკაშვილი ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებდა, ნამდვილად შეიძლებოდა.
მიუხედავად ამისა, "რეზონანსთან" ინტერვიუში ცისკარიშვილი ახალ პრემიერზეც ამბობს, რომ მის მიმართ მხოლოდ დადებითი წარმოდგენა, შთაბეჭდილება და მოლოდინი აქვს.
სოსო ცისკარიშვილი: უპირველესი შთაბეჭდილება, რაც ბატონი კვირიკაშვილის გამოსვლებიდან რჩება, თვითდაჯერებულობაა, რომელიც ამბიციებს კი არა, მის გამოცდილებასა და გავლილ გზას ეფუძვნება. ზოგადად, შემიძლია მშვიდად ვიყო იმის გამო, რომ ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება და არა შემთხვევით შერჩეული პირი, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი მინისტრობისას გახდა.
კვირიკაშვილი თავისი გამოცდილებით, ცხოვრების წესითა და მოქალაქეობრივი თვისებებით იმაში გვარწმუნებს, რომ ის კრიტიკა, რაც უკანასკნელ წლებში მთავრობის მიმართ ისმოდა, შეიძლება წარსულში დარჩეს. არ გამოვრიცხავ, რომ გვიან, მაგრამ დაიწყოს ასრულება იმ ოცნებებისა, რასაც პროფესიონალი ხელისუფლება ჰქვია.
პრემიერის თანამდებობაზე ასეთი ადამიანის დანიშვნა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი მუდმივი კრიტიკა "კადრებთუხუცესისადმი" (სოსო ცისკარიშვილი ინტერვიუს მთელი მსვლელობისას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ამ და სხვა ეპითეტებით მოიხსენიებდა - "რ."). ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც 2 წლით ადრე რომ დამდგარიყო, შეიძლება აქამდე უკვე ოცნებებიც განხორციელებულიყო.
"რეზონანსი": პარლამენტში კვირიკაშვილის ორდღიანი გამოსვლებიდან თუ გამოყოფდით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ან გაჟღერებულ გზავნილს, რომელიც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო?
ს.ც: ყველა კითხვაზე, რომელიც მას ინტერესის გამო თუ შეურაცხყოფის მიყენების სურვილით დაუსვეს, თავდაჭერილად და დამაჯერებლად გასცა პასუხი. მგონი, მის მიმართ უარყოფითად განწყობილი დეპუტატებიც მიხვდნენ, რომ ეს არაა ის ადამიანი, რომელსაც რაიმეს უსაფუძვლოდ შესძახებენ და უკან ადეკვატურ პასუხს არ მიიღებენ. მოხარული ვარ, რომ ბატონი გიორგი პირველსავე გამოსვლებში აბსოლუტურად ადეკვატურია. ბოლოს და ბოლოს ამ თანამდებობაზე მივიღეთ ადამიანი, რომლის წარსულთან და გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს.
მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის თემა მთავრობის მიერ არ უნდა განიხილებოდეს. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინების მუდმივი მცდელობა მასაც აწუხებს.
"რ": ახალმა პრემიერმა მთავრობის კაბინეტი ჯერ-ჯერობით უცვლელი დატოვა. ეს რამდენად ჭკვიანურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ?
ს.ც: ეს იმ ადამიანს მოჰკითხეთ, ვინც პრემიერ-მინისტრების შეცვლა გადაწყვიტა. როცა ადამიანს გარდაცვლილი დედა უსვენია სახლში და შენ ეუბნები, რომ მაინცადამაინც იმ დღეს პრემიერი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, არაა ნორალური. თითქოს ორი დღის მერე რომ ყოფილიყო ეს ცვლილება, ქვეყანა დაინგრეოდა. ასეთ სიტუაციაში, ასე უცებ, ბუნებრივია, ვერც კვირიკაშვილი გადაწყვეტდა რომელი მინისტრი უნდა დარჩეს და რომელი წავიდეს. ამ ცვლილების გამტარებელს რამდენიმე დღე მოეთმინა და ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
აცადონ ორი კვირა და ყველაფერი ნათელი გახდება. კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებას არც გამორიცხავს. რატომ უნდა გადაეწყვიტა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დედის დაკრძალვის დღეს? არასერიოზული იქნებოდა ეს ასე ნაუცბათევად გაეკეთებინა. არსად არ ეჩქარება. არც ერთი სექტორი არაა ისე ჩამოქცეული, რომ არსებულმა მინისტრმა საქმიანობა რამდენიმე დღით ვერ გააგრძელონ.
"რ": რომელი მინისტრის შეცვლას ურჩევდით ახალ პრემიერს?
ს.ც: თუ მასთან პირადი საუბრის საშუალება მექნებოდა, ბუნებრივია, ჩემ აზრს გამოვთქვამდი, მაგრამ მედიის საშუალებით მასთან საუბარს არ ვაპირებ. გარშემო ისედაც ბევრი მრჩეველი ეყოლება. მის მსოფლმხედველობას ვენდობი და ახალი კანდიდატების მიწოდებისაგან თავს შევიკავებდი. მითუმეტეს, ძნელად დასაჯერებელია, რომ "კადრებთუხუცესი" ამ საკითხში აქტიურობაზე ხელს აიღებს.
"რ": რომელი სამინისტროს საქმიანობაა, თქვენი აზრით, სხვებთან შედარებით ნაკლებად ეფექტური?
ს.ც: დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მუდმივი წარმატების შესახებ საუბრის მიუხედავად, ქართული მედიცინა და მკურნალობის ხარისხი ძირს დასცა. ეს მინისტრის ბრალი არ გახლავთ, ეს ინსტიტუციური ზიანია, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროების შეერთებით მოგვადგა. ჯანდაცვის მიმართ ყურადღება შემცირდა, რადგან მინისტრი საპენსიო, სადაზღვევო და სხვა ორგანიზაციული საკითხებითაა დაკავებული. მედიცინა კი განზე რჩება.
რაც უფრო მალე გაიყოფა ეს სამინისტრო, ან ჯანდაცვა გამოეყოფა და დანარჩენი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, მით უკეთესი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხების გადაწყვეტა ბევრად მარტივადაც ხელეწიფება. სოციალური დაცვა არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ავადმყოფებს უნდა ეხებოდეთ. ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო დანერგილი და წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრებმა იგი წარმატებით დაამხეს.
"რ": ჯანდაცვის სამინისტროს გარდა კიდევ რომელს გამოყოფდით?
ს.ც: ჩვენი სამინისტროების უმეტესობა გასაძლიერებელია. თავის დანიშნულებას, ყველაზე უკეთ ჯერჯერობით კულტურის სამინისტრო ასრულებს. უფრო ძლიერი მხარდაჭერა უნდა დიასპორის სამინისტროს. ამ თემას გააქტიურება სჭირდება და არა სამინისტროს დახურვაზე ფიქრი მხოლოდ იმიტომ, რომ მინისტრმა გაზპრომთან დაკავშირებით თავისი აზრი გულწრფელად გამოთქვა. ამის მცდელობა ყოფილ პრემიერს ჰქონდა.
"რ": ირაკლი ღარიბაშვილმა ისე დაგვტოვა, რომ არც მას და არც ვინმე სხვას მისი გადადგომისა თუ გადაყენების მიზეზები არ განუმარტავს. რამდენად ნორმალურია ეს?
ს.ც: ის კი არ გადადგა, გადააყენეს. როგორც ჩანს, ამ გადაყენების ავტორს მოსახლეობა გონებასუსტი ჰგონია. ვინ დაიჯერებს, რომ ომახიანი შემაჯამებელი მოხსენების გაკეთების შემდეგ სახლში წასული კმაყოფილი პრემიერი, გაუგებარი მიზეზების შედეგად, მეორე დღეს გადადგომას მოინდომებდა? თან ამას ჯერ 12 საათზე გეგმავდა, მერე ორზე, მერე ექვსზე და ბოლოს რვაზე მოახერხა. ვინ დაიჯერებს, რომ ეს მისი სურვილი იყო? და თუ მისი სურვილი იყო, რატომ არავინ უთხრა, არ გადადგეო? პრინციპში, არავის არაფერი უთქვამს იმიტომ, რომ ყველა დარწმუნებული იყო - ეს გადაწყვეტილება ღარიბაშვილს არ მიუღია.
იმაზე მსჯელობა, თუ რატომ გადაწყვიტა ეს ჩვენმა "კადრებთუხუცესმა" და "არსთა გამრიგემ", მოულოდნელად გადაყენებულ მინისტრებს შორის პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს. ეს მინისტრები ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი არიან.
ალასანიას შემთხვევაში გადაყენება იმას გამოიწვია, რომ ჩვენი "დაუძინებელი მეგობარი" რუსეთისათვის საჰაერო თავდაცვის იმ ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანა, რომელზეც ალასანიას ხელი ჰქონდა მოწერილი, მიუღებელი იყო. ცხადია, რომ მოსკოვიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზიით დაბღვერილიც კი გამოვიდა და ბრძანა - "ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენებასო"? ეს კითხვა უპასუხო დარჩა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - თურმე ალასანიას დაუქცევია ყველაფერი.
ეს ფაქტი ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს "კადრებთუხუცესს" რუსეთთან საურთიერთო ერთადერთ არხად აბაშიძე-კარასინის დუეტი არ აქვს. მას ამის ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. ჩემი მოსკოველი კოლეგებისაგან ისიც ვიცი, რომ კრემლში ჩვენი "არსთა გამრიგეთიც" უკმაყოფილოები არიან.
ახლა მოგახსენებთ, თუ რა მოხდა ღარიბაშვილთან დაკავშირებით - 17 დეკემბერს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებდნენ. ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისათვის კარგია. თავის საათნახევრიან გამოსვლაში ღარიბაშვილმა ევროკავშირსა და ნატო-ზე გაუთავებლად ისაუბრა, რუსეთი კი საერთოდ არ ახსენა. ზოგადად ახსენა, რომ ქართველებს ევროკავშირის გარდა სამეზობლოშიც შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება. მისი მხრიდან რუსეთის მიმართ არანაირი რევერანსი არ ყოფილა, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მიმართ. არანაირი ხოტბა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერი სწორედ ამ მიზეზით გადაეყენებინათ.
პარალელურად, პუტინი, რომელიც უვიზო მიმოსვლაზე საუბრობდა, შეღავათიან ვიზაზე ალაპარაკდა. აი, ასეთი მეტამორფოზის მოწმეები გავხდით.
18 დეკემბერს რეგიონალურ უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოსკოვიდან ჩამოსულმა კოლეგამაც დარწმუნებით გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით რუსეთთან უვიზო რეჟიმი იანვარში უნდა შემოღებულიყო. ახლა უკვე ეს რეალობა აღარაა და იქ ჩასასვლელად ვიზის სხვა ნაირსახეობა უნდა ვეძიოთ.
"რ": ანუ, თქვენი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილს თავის შემაჯამებელ მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილი მეტჯერ რომ ეხსენებინა, მადლობა გადაეხადა და პუტინის ინიციატივაზეც ყურადღება გაემახვილებინა, დღეს ისევ პრემიერი იქნებოდა?
ს.ც: ნამდვილად. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ადამიანთან მივარდნა, რომელსაც დედა ჰყავს დასასაფლავებელი - გინდა თუ არა პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეო, ქართული ცნობიერებისათვის წარმოუდგენელია. შეიძლება ჩემი ვარაუდი რეალობისაგან შორსაა, მაგრამ იმაზე შორსაც არა, რასაც საკუთარი დუმილით ჩვენი "კადრებთუხუცესი" გვთავაზობს.
ერთი დღის მოცდით რა ფუჭდებოდა? ე.ი. მყისიერი ქმედება უნდა ყოფილიყო. ფაქტია, რომ ეს საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა.
"რ": ანუ, პუტინისა და ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა?
ს.ც: არ მგონია, სატელეფონო ხაზზე თავად პუტინი ყოფილიყო. მას ბევრად მეტი სადარდელი აქვს. თუმცა არხის მოძებნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა, რომლითაც საკუთარი განწყობის გადმოსაცემად ისარგებლებდა.