"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლით ქვეყანაში ბევრი არაფერი იცვლება, რადგან არაფორმალური მმართველობა გრძელდება და ძირეული და სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა.
"რეზონანსთან" საუბრისას ის გიორგი კვირიკაშვილის მთავარ გამოწვევად ბიძინა ივანიშვილის გავლენისაგან გათავისუფლებას, მთავარ მისიად კი არჩევნებისთვის მშვიდი გარემოს შექმნის უზრუნველყოფას მიიჩნევს.
ირაკლი ალასანია: ვფიქრობ, ახალ პრემიერ-მინისტრს აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში მიიყვანოს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაში თვისობრივ ცვლილებას, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას არ ველოდები, რადგან ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულება ძირფესვიანად შეიცვლება.
2014-2015 წლებში დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს, ფაქტობრივად, ზურგი აქცია. ამ წლების განმავლობაში კი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო შეგნებული და ჭკუადამჯდარი ადამიანია. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რათა არჩევნების წელს პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდეს და ამ გადამწყვეტ არჩევნებს მშვიდ ატმოსფეროში შევხვდეთ.
ჩვენ კვირიკაშვილს 100 დღე მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე არაა, იმსახურებს შანსს, რომ ამ 100 დღის განმავლობაში საკუთარი თავი გამოავლინოს. მზად ვართ, რომ მას ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევები მივცეთ, თუკი დასჭირდება, რათა გარკვეული პრობლემების მოგვარება სწრაფად დაიწყოს. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ კვირიკაშვილმა იგივე ფიასკო არ განიცადოს, რაც ღარიბაშვილმა განიცადა. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს და დაუჯეროს არა ერთ კონკრეტულ მოქალაქეს, არამედ ხალხს და მასთან ხშირი კონტაქტი ჰქონდეს.
"რეზონანსი": კვირიკაშვილი ორი დღის განმავლობაში გამოდიოდა პარლამენტში. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მისი გზავნილებიდან?
ი.ა: მომეწონა ის, რომ მას უნდა ზიზღის პოლიტიკა დასრულდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურვილი გულწრფელია. მას ვიცნობ და ვიცი, რომ შინაგანად მორალური ადამიანია. ისიც ვიცი, რომ არავის მისცემს საშუალებას იუსტიციის სტრუქტურები, შსს თუ სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენოს.
მეორე მხრივ, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის გზავნილებიდან გამომდინარე მასთან ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს - რატომ არ კეთდებოდა ეს ყველაფერი ბოლო სამი წლის განმავლობაში? რატომ ვერ მოხერხდა მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს იმ პროგრამების განვითარება, რაც ერთობლივად გვქონდა დაგეგმილი სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის?
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან გააჟღერა ის, რის გაკეთებასაც "თავისუფალი დემოკრატები" ვაპირებთ - საპენსიო რეფორმა. რატომ გადაიდო ეს აქამდე? ასე რომ, ამ გარდამავალ მთავრობას მე მთავარ ფუნქციად იმას ვუსაზღვრავ, რომ მშვიდ ვითარებაში არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
"რ": კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის გარდა, თანამშრომლობას "თავისუფალ დემოკრატებთან" და სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც აქტიურად აპირებს. თქვენი აზრით, ეს გამოუვა?
ი.ა: პირველ რიგში, ზიზღმა და ტალახის სროლამ ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს და კონკრეტულ საქმეებზე უნდა გადავიდეთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავრობა მხოლოდ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და არა ხალხს.
ჩვენ კი, "თავისუფალი დემოკრატები", ხალხში დავდივართ და ზუსტად ვიცით, რა განწყობაა - იმედგაცრუებულად და მიტოვებულად გრძნობენ თავს. დებატები იმაზე უნდა გვქონდეს, ვინ უკეთ შეძლებს ხალხისათვის მიცემული დაპირებების შესრულებას, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამით უნდა დავკავდეთ და არა ტალახის სროლით, რაც, სამწუხაროდ, წინა პრემიერისა და ამ ხელისუფლების სამარკო ნიშანი გახდა.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ ახალ პრემიერს ის პროგრამა გადასცა, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ ერთად შევიმუშავეთ და რომლიდანაც დაპირებების დიდი უმრავლესობა არ შესრულებულა. მინდა, რომ ეს პროგრამა მისი სამაგიდო წიგნი გახდეს.
"რ": რომელი მინისტრების შეცვლას მიიჩნევთ საჭიროდ?
ი.ა: ეს მისი გადასაწყვეტია. ხალხი მეკითხება - თუ არაფერი შეიცვალა, რითი იქნება ივანიშვილის წინა მთავრობა ივანიშვილისავე დღევანდელი მთავრობისაგან განსხვავებული? რითი იქნება ახალი მთავრობა უკეთესი? შეიძლებოდა ეს შეკითხვები არ გაჩენილიყო, თუკი ახალი პრემიერი თვისობრივ ცვლილებებს მოახდენდა. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხსნაცა და დანიშვნაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყო. ამიტომაც, ჩვენი ქვეყნის მართვაში არაფერი შეიცვლება, ვიდრე 2016 წლის არჩევნებით ხელისუფლება თვისობრივად არ განახლდება.
"რ": წინა პრემიერმა ისე დაგვტოვა, რომ გადადგომის მიზეზი არ უთქვამს.
ი.ა: ეს აბსოლუტურად არანორმალურია. დემოკრატიული მართვის პირობებში წარმოუდგენელია პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტოვებდეს. შემდეგ კი ერთი სახის გარდა არავინ იცვლებოდეს. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან დემოკრატიული კი არა, არაფორმალური მართვაა. ის ცვლილება, რაც ხალხს უნდა, ვერ განხორციელდება. არ შეიძლება მხოლოდ ერთმა მოქალაქემ იცოდეს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ ის საზოგადოებას მოწყვეტილია.
"თავისუფალი დემოკრატები" ხალხში იმიტომ დავდივართ, რომ მათი პრობლემები მოვისმინოთ, გავიგოთ, რა უჭირთ. ამიტომაც შევთავაზეთ კვირიკაშვილს ჩვენი მხარდაჭერა - შეგვიძლია მას ხალხის ხმა გავაგებინოთ. მე მასში ამის სურვილს ვხედავ და რამდენად გაართმევს თავს, რამდენად შეინარჩუნებს პრინციპულობას, უახლოეს 100 დღეში გამოვლინდება. ამ დროში მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ველოდებით.
"რ": წლის ბოლოა და როგორ შეაფასებთ განვლილ 2015 წელს? რა მოხდა ამ წელს ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ი.ა: 2015 წელი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური დაღმასვლით გამოირჩეოდა. ხალხს არ უნახავს არც ერთი პროექტი, რომელიც გაუუმჯობესებს ან შეუმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც მათ თუნდაც ბანკის ვალების სახით ადევთ. ამიტომ 2015 ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერება როგორც ეკონომიკურად უმძიმესი წელი.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის, რის მიღწევაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით - ევროკომისიამ დადო ისეთი დასკვნა, რაც მომავალ წელს ევროპაში თავისუფლად სიარულის საშუალებას მოგვცემს. მეამაყება, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გუნდმა, რომელიც მთავრობაში მუშაობდა, სხვა პროგრესულ ძალებთან ერთად ამაში სერიოზული წვლილი შეიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ქართულ საზოგადებას ვულოცავ.
მინდა, რომ მომდევნო წელი ჩვენი გამოუყენებელი შესაძლებლობების გამოყენების წელი იყოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი მიმართულებით გვქონდა კარგი წამოწყება, ჩავდეთ მარცვალი, რომელსაც გაღვივება სჭირდებოდა. 2016 წელს უამრავი ახალი ინიციატივა უნდა დავიწყოთ, რათა ეკონომიკის გაუმჯობესებას მივაღწიოთ.
მინდა მოქალაქეებს ოპტიმიზმი დაუბრუნდეთ. ახალ თაობაზე დიდ გათვლას ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ისინი ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენი თაობა. აქედან გამომდინარე, უკეთესი ხვალინდელი დღის მწამს. მინდა, რომ ეს განწყობა ყველას გადავდოთ. 2016 წელი რწმენისა და ოპტიმიზმის დაბრუნების წელი უნდა იყოს.
"რ": საზღვრების გახსნის შანსი არა მხოლოდ ევროპასთან, რუსეთთანაც მოგვეცა. რას მიაწერთ ამას და რამდენად ადეკვატური იყო ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქიცა?
ი.ა: რუსეთმა დაინახა - ევროპისაკენ სერიოზულად გადავდგით ნაბიჯი. ევროკავშირმა საქართველოს დამსახურებები აღიქვა და სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამას მოჰყვა რუსეთის ინიციატივაც.
ჩემი აზრით, ეს ვითარება - რუსეთისა და ევროპის კუნკურენცია საქართველოსთან ურთიერთობისათვის, უნდა გამოვიყენოთ. ყველა ნაბიჯს მივესალმები, რომელიც მოქალაქეებს ბარიერს მოუხსნის. რაც მეტ ქვეყანაში შეეძლებათ მათ ჩასვლა, მით უკეთესი იქნება ჩვენი ინტერესებისათვის. ეს ყველაფერი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღსადგენად უნდა გამოვიყენოთ.
"რ": რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება რამდენად წაეხმარება 2016 წლის არჩევნებზე პრორუსულ ძალებს?
ი.ა: ღრმად მწამს იმის, რა ტენდენციაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვიდრდა. ერის სურვილია, რომ ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის ნაწილი იყოს, სადაც თითოეული მოქალაქე უკეთ იცხოვრებს, მათი სოციალური თუ სამოლქალაქო უფლებები გარანტირებული იქნება. ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით 70% ამ კურსს უჭერს მხარს. პოსტსაბჭოთა, ევრაზიული სივრცისკენ ამის რაიმე ფორმით შემობრუნება ვერ წარმომიდგენია. ახალ თაობას გადაავლეთ თვალი, მათი ამ მიმართულებით მობრუნება წარმოუდგენელია.
თუმცა, ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ამას მიზანმიმართული გაგრძელება სჭირდება იმ პოლიტიკის, რასაც ევროპისაკენ სვლა ჰქვია. ხომ ხედავთ, ჩვენმა ამ მცდელობამ შედეგი უკვე რუსეთთან მიმართებაშიც მოიტანა. ამ გზაზე წინ უფრო თამამად უნდა ვიაროთ.
"რ": რამდენად წარმატებული წელი გვქონდა, თქვენი აზრით, თავდაცვის კუთხით. რამდენად წარმატებული იყო ახალი მინისტრის საქმიანობა? ფიქრობთ თუ არა, რომ განვლილ სამიტზე მეტის მიღწევა შეიძლებოდა?
ი.ა: ჩვენ შარშანდელ სამიტზე ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ, როცა საქართველომ ნატო-ს არსებითი პაკეტი მიიღო. ამ სამინისტროს ახლა ამ პაკეტის ზედმიწევნით სწორად შესრულება ევალება. სამინისტროს ყველა თანამშრომელს დიდ პატივს ვცემ. განსაკუთრებით სამხედროებს. მწამს, რომ მათ აქვთ ამ პაკეტის შესრულების შესაძლებლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შეიარაღებული ძალების თითოეულ წევრს მივულოცო ახალი წელი. დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ჩვენს მშვიდობას იცავენ.
"რ": თქვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებებია საჭირო. რას გულისხმობდა ის და რის გაკეთებას აპირებთ ამ კუთხით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოხვედით?
ი.ა: ჩვენ საყოვეთაო ჯანდაცვის სისტემას მთლიანად განვაახლებთ, მთავარი აქცენტი ხარისხის ამაღლებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე გაკეთდება. ყველგან, სადაც დავდივართ, გვესმის პრობლემა, რომ პენსიონერები წამალს ვერ ყიდულობენ. ზოგიერთი წამლის ფასი 200 პროცენტითაც კი გაიზარდა. ასე რომ, ჩვენ მთავარი აქცენტი მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე გვექნება.
"რ": რის ხარჯზე?
ი.ა: იმის ხარჯზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველას ხარჯებს არ დაფარავს. ეს ფული იმაზე არ უნდა დაიხარჯოს, ვისაც საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფა შეუძლია. საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარი თავის შენახვა შეუძლია. მას მაღალი ხელფასი აქვს და ეს ფული შემწეობის არმქონე ხალხს აკლდება.
ამიტომ გვინდა, დღეს არსებული სისტემა სამართლიან სისტემად გადავაქციოთ. სწორედ ამ გამოთავისუფლებული თანხებით მოვახერხებთ ხარისხის გაუმჯობესებასა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. დეტალებს კი საზოგადოებას ჩვენი პროგრამის წარდგენის დროს გავაცნობთ.