გარდაბნის რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატად თავდაპირველად ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განიხილებოდა, თუმცა "ოცნებამ" საბოლოო არჩევანი გოჩა ჯამარაულზე შეაჩერა. როგორც არეშიძემ "რეზონანსს" უთხრა გარდაბანში არჩევნების მონაწილეობის სანაცვლოდ "ოცნებას" თავისი პირობა შესთავაზა, რაც მომავალში მის მაჟორიტად წარდგენას გულისხმობდა.
გარდაბნის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარსაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს. "ქართული ოცნების" კანდიდატ გოჩა ჯამარაულს "ნაციონალური მოძრაობიდან" კახაბერ კახაბრიშვილი დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გარდაბანში 2012 წელს "ქართული ოცნებას" მამუკა არეშიძე წარმოადგენდა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დამარცხდა.
არეშიძის თქმით, შემოთავაზება პარტიის გენერალური მდივნის, კახი კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისგან მიიღო. მისი თქმით, შემოთავაზებას თავისი პირობით დათანხმდა.
"გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ჩემი პირობა ასეთი იყო, რომ შემდეგში მაჟორიტარის კენჭისყრაში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც გაირკვა, ეს პირობა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
"ჩემთვის გარდაბნის რაიონს მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ 2012 წელს არჩევნები პრაქტიკულად წამაგებინეს. წაგებულ მაჟორიტარებს შორის ყველაზე მაღალი - 43% მე მქონდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი "ქართული ოცნებისა" და კონკრეტულად ჩემი მომხრე იყო. სურვილი მაქვს დავამტკიცო, რომ არჩევნების მოგება შემიძლია. გარდა ამისა, მოსახლეობასთან დღემდე ძალიან თბილი მოგონება და ურთიერთობა მაკავშირებს", - აღნიშნა არეშიძემ.
უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მამუკა არეშიძის კანდიდატურა გარდაბნის გამგებლის კანდიდატურად არ განიხილებოდა.
"მამუკა არეშიძის კანდიდატურა რატომღაც მედიამ გაავრცელა. მისი კანდიდატურის შესაძლებლობა არ განხილულა, მე ეგ ინფორმაცია არ მაქვს. არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, რადგან ეს ინფორმაცია არ მაქვს. მამუკა ჩემი მეგობარია, კარგი ექსპერტია და მისი კანდიდატურა რამდენადაც ვიცი, არ განხილულა", - აღნიშნა ვოლსკიმ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "რეზონანსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ გარდაბნის არჩევნებში "ოცნების" კანდიდატად მამუკა არეშიძესთან ერთად რამდენიმე ადამიანი განიხილებოდა.
"გარდაბნის გამგებლის ადგილას მამუკა არეშიძის გარდა კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, არჩევანი კი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ბატონ გოჩა ჯამარაულზე შევაჩერეთ. სხვა კანდიდატების შესახებ ვერ ვისაუბრებს, რადგან ჩვენი შიდა სამზარეულოა. მთავარია, ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატი, რომელმაც ძალიან დიდი უპირატესობით უნდა გაიმარჯვოს.
"ბატონი გოჩა მოსახლეობისთვის ცნობილია, როგორც წარმატებული ფეხბურთელი, რომელიც ასევე გარდაბნელია. შესაბამისად, რაიონში მაღალი ცნობადობა აქვს. ის წარმატებულია სხვადასხვა სფეროში. ესაა ის ძირითადი პიროვნული მახასიათებელები, რის საფუძველზეც არჩევანი მის სასარგებლოდ გავაკეთეთ", - აღნიშნა კობახიძე.
მისი თქმით, მაჟორიტარების არჩევნებისთვის პარტიამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო. თუმცა, თუ როდის გახდება "ოცნების" მაჟორიტართა სია ცნობილი, კობახიძემ არ დააკონკრეტა.
"ბუნებრივია, მაჟორიტარული არჩევნები გამგებლის არჩევნებისგან დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. მაჟორიტარი კანდიდატები პარტიის მიერ შეირჩევიან, რაც უკვე დაწყებულია. ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და, საბოლოო ჯამში, მაჟორატართა კანდიდატების ის სია შედგება, რომლითაც ჩვენ 2016 წლის არჩევნებში წარვდგებით.
"რაც შეეხება გამგებლის კანდიდატურას, ჩვენი ამოცანა იყო ისეთი ადამიანი შეგვერჩია, რომელიც დარჩენილი 2 წლის განმავლობაში გარდაბნის პრობლემების მოგვარებაზე და გარდაბნელებზე ზრუნვაზე, იქნებოდა ორიენტირებული, შესაბამისად, არჩევანი ამის მიხედვით გავაკეთეთ", - აღნიშნა კობახიძემ.