საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის დანიშვნას მისი ყოფილი თანაგუნდელი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე ეხმაურება და ყოფილ თანაგუნდელს გადაწყვეტილებას უწუნებს. ფანჯიკიძის თქმით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზალკალიანის უშუალო ხელმძღვანელი იყო, ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, ევროპული კურსი კვალავაც საფრთხეშია და არ ეთახნმება ზალკალიანს, რომ თითქოს მან მიიღო მყარი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეს. პარტიის სამომავლო გეგმებზე და დავით ზალკალიანის დანიშვნაზე "მთელი კვირა" საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა.
მაია ფანჯიკიძე: დავით ზალკალიანმა "თავისუფალი დემოკრატები" გასული წლის თებერვალში დატოვა, როდესაც გახდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი. ხოლო იურდიულად ჩვენი პარტიის რიგები დატოვა ზაფხულში, როდესაც იგი გავიდა პარტიიდან და გამგეობიდან. აქედან გამომდინარე, მისი ეს გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის "თავისუფალ დემოკრატებთან". მას ამ საკითხზე ჩვენთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია. მან მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ, შეიძლება არა. ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ერთი ადამიანის, დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება და არანაირ კავშირში არ არის ჩვენს პარტიასთან.
"მთელი კვირა": თქვენ პირადად რას ფიქრობთ მის ამ გადაწყვეტილებაზე?
მ.ფ: მე, რასაკვირველია, არ ვეთანხმები, განსაკუთრებით არ ვეთანხმები მის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიიღო მყარი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ჰქონდა და შეეხებოდა ევროპული გზიდან გადახვევის საფრთხეს. მე სხვანაირი შეხედულება მაქვს ამაზე. მიმაჩნია, რომ ევროპული გზა იმაზე მეტია, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკური შესრულება ან ნატოს პაკეტის რომელიმე პუნქტის ნაწილობრივი შესრულება.
ჩემთვის ევროპული გზა არის ღირებულების გზა და ეს ღირებულებები მოიცავს თავისუფალ სასამართლოს, პროკურატურას, მედიას, წესიერ საარჩევნო კანონს და ა.შ. აი, სწორედ ეს არის ჩემთვის ევროპული გზა. და, როდესაც ჩვენ გადადგომა გადავწყვიტეთ ერთი წლის წინ, სწორედ ამ ღირებულებებიდან გადახვევაზე გავაკეთეთ აქცენტი და არა იმაზე, როგორ შესრულდება ევროკავშირთან ან ნატოსთან არსებული რომელიმე სამოქმედო გეგმა.
"მ.კ": ანუ, მიგაჩნიათ, რომ ქვეყნის დასავლური კურსი ისევ საფრთხეშია?
მ.ფ: საქართველო დღეს უარეს მდგომარეობაშია ყველა ამ ღირებულების თვალსაზრისით, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. მაშინ, როდესაც განცხადება გავაკეთეთ, ეს ეხებოდა პოლიტიზებულ პროკურატურას, რომელმაც 5 ადამიანი უკანონოდ დააკავა. ეს არის ჩემთვის ევროპული ღირებულებებიდან გადახვევა და არა ამა თუ იმ გეგმის ნაწილობრივი ან სრული შესრულება. ამ მიმართულებით კი ნამდვილად ვერ ვხედავ წინსვლას, პირიქით, გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ დამტკიცდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ მურუსიძის სასამართლო, პროკურატურის სასამართლო, გავხდით მედიაზე ზეწოლის მოწმეები და მივიღეთ სრულიად მახინჯი საარჩევნო კოდექსი. ამიტომ დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება 1 წლის წინ იყო სწორი და, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ზალკანიანის გადაწყვეტილება სწორი არაა.
"რ": როდესაც დატოვეთ თანამდებობა, თქვენთან ერთად წამოვიდნენ თამარ ბერუჩაშვილი და დავით ზალკალიანი, თუმცა ბოლოს ორივე მათგანი ისევ დაუბრუნდა თავის თანამდებობას.
მ.ფ: ბერუჩაშვილი ჩვენი გუნდის წევრი არასდროს არ ყოფილა, შესაბამისად, მასთან მე არანაირი საუბარი არ მქონია. დავით ზალკალიანი ჩვენი თანამოაზრე იყო და მისგან არასოდეს არ გამიგია, რომ ამას ნანობდა, თუმცა შემდეგ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა. მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან." ასე, რომ ეს უკვე ერთი წლის ამბავია, ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ჩვენთან საერთო არაფერი არ აქვს.
"თავისუფალი დემოკრატები" ვართ ნამდვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც იცავს ღირებულებებს და რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის წინსვლა ჩვენ ოპოზიციური ფლანგიდან ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის წინსვლისთვის და, აი, ასე მივალთ არჩევნებამდე. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის არჩევნებში წარმატებას მივაღწევთ.
"რ": პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის დანიშვნას თქვენი პარტიის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ხომ არ არის მოსალოდნელი კვირიკაშვილისა და "თავისუფალი დემოკრატების" თანამშრომლობა?
მ.ფ: გამორიცხულია "თავისუფალი დემოკრატების" თანამშრმლობა ვინმესთან. დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. რაც შეეხება მთავრობას, ჩვენ მათ მივეცით ასდღიანი ვადა. ასი დღის შემდეგ კი ძალიან გულდასმით შევისწავლით მათ საქმიანობას და ამის შესაბამისად იქნება კრიტიკაც ამ მთავრობისა.
"მ.კ": რას გულისხმობთ?
მ.ფ: იმას, თუ რას გააკეთებს ეს ახალი მთავრობა 100 დღის განმავლობაში, რა ტენდეციები გამოიკვეთება და ა.შ.
"მ.კ": მაგრამ მთავრობის წევრები ხომ არ შეცვლილან?
მ.ფ: მაგრამ ახლა ხომ შეიცვლებიან. თანაც პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მას ძალიან ბევრი მიმართულების მიცემა შეუძლია. 100 დღეში თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ყველაფერი ცხადი გახდება. უკვე არის იმის ნიშნები, რომ არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივეცით გონივრული ვადა და მერე მოვკითხავთ, რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა. იმიტომ, რომ მანაც გასცა დაპირებები, როდესაც იდგა პარლამენტის ტრიბუნასთან.
"მ.კ: და მერე რა იქნება?
მ.ფ: ასი დღის მერე ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ჩვენს ფრაქციას ექნება შეხვედრა და იქ დასვამენ კითხვებს, რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა.
"მ.კ": რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, რას აპირებს პარტია უახლოეს მომავალში?
მ.ფ: ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის. ძალიან მალე უკვე გვეცოდინება, ვინ სად იყრის კენჭს და ა.შ. და ვართ მზად პოლიტიკური ბროძლისთვის, რომელიც აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება 2016 წლის ოქტომბერში.