სამი ქვეყნის კომბინაციით ვითარება წარმოუდგენლად ჩაიხლართა
მაკა ხარაზიშვილი
12.01.2016

 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო "გაზპრომთან" ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს. ამასთანავე, "გაზპრომს" სურვილი აქვს, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს ფული გადაუხადოს. ამ დროს ჩვენ ქვეყანას ბუნებრივი აირი უფრო მეტად სჭირდება. რუსულ გაზთან დაკავშირებული რებუსები ნელ-ნელა იხსნება და პოლიტიკური შანტაჟის სურათი კიდევ უფრო მეტად იკვეთება.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებები ტრანზიტის საფასურის გადახდის დეტალებზე იმართება, არადა ცოტა უფრო ადრე ხელისუფლება ამბობდა, რომ მათი სურვილი იმპორტის დივერსიფიკაცია იყო და "გაზპრომს" ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემოტანაზე ესაუბრებოდნენ. კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში საიდუმლოდ ხვდება და ამას ქართული საზოგადოება უცხოური მედიით კარგა ხნის შემდეგ იგებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაურკვევლობასა და საკითხის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას ქმნის.

კახა კალაძე ამ საკითხის გააქტიურებას ხელოვნურად შექმნილ "ტრაგედიას" უწოდებს. "რა ტრაგედიასაც "გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა და დასძინა, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია.

"ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, რომ შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ანუ გატარებული 10-პროცენტიანი მოცულობის ნაცვლად, გადაგვიხადონ თანხა. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე - მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ირწმუნება, რომ "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა და ტრანზიტის საფასურის გადახდის საკითხები განიხილება.

"არსებობს გარკვეული ვალდებულება თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტრანზიტის ანაზღაურება და შესაბამისად, ანაზღაურების პარალელურად ეს მოლაპარაკება მიმდინარეობს დანარჩენ ტექნიკურ დეტალებზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველო წლის განმავლობაში "გაზპრომისგან" ტრანზიტის საფასურად დაახლოებით 200 მლნ კბ/მ გაზს იღებს. დღესდღეობით ქვეყანას გაზი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ფული, ვინაიდან მუდმივად საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანს გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, 200 მლნ კბ/მ გაზის დაკარგვა ქვეყანას ხელს ნამდვილად არ აძლევს. თუკი ასეთი მოთხოვნა რეალურად არსებობს, არ არის გამორიცხული, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელობა შანტაჟის მეთოდს მიმართავდეს.

მინისტრის ინფორმაციით, "გაზპრომთან" საბოლოო შეთანხმება არ შემდგარა. მოლაპარაკება გამჭვირვალეა და მისი სამსახური ამასთან დაკავშირებით მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "გაზპრომის" ხელმძღვანელობასა და კალაძეს შორის მოლაპარაკების თაობაზე, ძირითადად, უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას. ახლახან გაირკვა, რომ 27 დეკემბერს ციურიხში ენერგეტიკის მინისტრი და "გაზპრომის" წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვა შეხვდნენ ერთმანეთს.

ქართველების მსგავსად ასევე გაურკვეველ ვითარებაშია აზერბაიჯანული მედია. მეზობელი ქვეყნის მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ერთია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურ კონკურენციას ქმნის, რათა აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის გაიაფებაზე დაიყოლიოს. იწერება ისიც, რომ საქართველოს "სოკარის" ბაზრიდან განდევნა სურს და ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოთხოვნილების ზრდაზე საუბარი გადაჭარბებულია.

აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდ.აზ"-ი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები რაც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებრობებსა და მთელ რიგ შეკითხვას აჩენს.

"საინტერესოა მიზეზები, რომელთა გამოც ქვეყანა, რომელიც არანაირ პრობლემას არ განიცდის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, ასე ისწრაფვის. რატომ უნდა დაირღვეს კავშირი ისეთ სანდო პარტნიორთან და მომწოდებელთან, როგორიც ბაქოა? ვინ უფრო მეტად წააგებს ასეთი პოლიტიკისგან - თავად საქართველო თუ აზერბაიჯანი?" - წერს "ტრენდ.აზ"-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაუგებარია რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს ხელმძღვანელ პირებს, რადგან "სოკარს" საკუთარი ვალდებულებების შესრულების პრობლემა არ აქვს. "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვმი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს გრძელვადიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი ნაკისრ ვალდებულებას სრულად ასრულებს", - წერს აზერბაიჯანელი მიმომხილველი და ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რეალური კავშირი მიმდინარე მოლაპარაკებებსა და მზარდ მოხმარებას შორის.

გამოცემის აზრით, თბილისს სურს საქართველოს ბაზარზე მოჩვენებითი კონკურენცია შექმნას და აზერბაიჯანს გაზის ღირებულების შემცირება აიძულოს. "საქართველოს მიერ ასეთი პოლიტიკის წარმოების ყველაზე სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ თბილისს სურს რუსეთთან მოლაპარაკებებით შექმნას მოჩვენებითი კონკურენცია გაზის ბაზარზე, რათა აიძულოს "სოკარი" შეამციროს ფასი მიწოდებულ გაზზე, რომელიც ისედაც საკმარისად იაფია", - წეოს გამოცემა და აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1000 კუბურ მეტრზე 190 დოლარია, რეგიონებში კი - 170-დან 210 დოლარამდე.

აზერბაიჯანელი პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი მუბარიზ აჰმედოღლუ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში კი აღნიშნავს, რომ "გაზპრომი" საქართველოს 10-დან 5%-მდე შეუმცირებს სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურს. ამასთანავე პოლიტოლოგი ირწმუნება, რომ რუსეთს ტარიფის შემცირება ყოველთვის უნდოდა, თუმცა აქამდე ამას ვერ ახერხებდა.

"ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მითმა "აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობის შესახებ" ამ საკითხში ცვლლილება განაპირობა. "გაზპრომმა" ეს საკუთარ ინტერესებისთვის გამოიყენა. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, როდის და რა პირობებით დასრულდება დამოუკიდებელი თამაში. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი, სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურს 10%-დან 5%-მდე შეამცირებს", - აცხადებს აჰმედოღლუ.

მისი აზრით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი "გაზპრომის" ერთ-ერთ აქციონერია, ამიტომ მას სურს, ტრანზიტის საკითხი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს.

აჰმედოღლუ ასევე აღნიშნავს, რომ ირანის გაზის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის, ტშპუს-ის გენერალური დირექტორის, ალირეზა კამელის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ ირანულ და ქართულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავი მოლაპარაკება არ შემდგარა. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს თავისი განცხადებებით "აზერბაიჯანის დასჯა უნდოდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×