სპორტსმენებისა და მსახიობების გარდა, "ქართულ ოცნებას" პოლიტოლოგები ზოგიერთი პარტიის გაშვებასაც ურჩევენ. ამ პარტიებში გოგი თოფაძის "მრეწველებსა" და გუბაზ სანიკიძის "ეროვნულ ფორუმს" გულისხმობენ და ამბობენ, რომ კოალიციაში მათი ყოფნით მმართველ გუნდს არათუ არაფერი ემატება, არამედ აკლდება კიდეც, რადგან ამ პარტიების წარმომადგენლების სკანდალური განცხადებები მთელი კოალიციის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სია სახეშეცვლილი რომ იქნება, ამას უკვე თავად კოალიციაშიც არ უარყოფენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წლებში ყველაზე კურიოზული განცხადებებითა და სანახაობრივი გამოსვლებით, ჩხუბებსა და დაპირისპირებებში ყველაზე ხშირი მონაწილეობით "ოცნების" სპორტსმენმა და ხელოვანმა დეპუტატებმა დაგვამახსოვრეს, თავი გასაკვირი არ იყო ცნობა იმის შესახებ, რომ მომავალ პარლამენტში ისინი ვეღარ მოხვდებიან.
ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა. მისი თქმით, არსებული სიჭარბით მომავალ პარლამენტში მსახიობებსა და სპორტსმენებს აღარ ვიხილავთ."არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.
კითხვაზე, იზიარებენ თუ არა მშვიდად მსგავს მიდგომას მსახიობები და სპორტსმენები, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პოროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას გეგმავენ და დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის.
საპარლამენტო უმრევლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით კი, მომავალ პარლამენტში მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში ეფექტური იქნებიან.
"ყოველთვის უნდა მოხდეს გადახალისება. არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე უფრო საჭირონი იყვნენ პარლამენტში და მის საქმიანობაში. შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. პარლამენტში უფრო სხვა ადამიანები არიან საჭირო", - ამბობს მაღრაძე.
მოგეხსენებათ, სოსო ჯაჭვლიანის, ზურაბ ზვიადაურისა და სხვათა გამონათქვამებისა თუ ქმედების გამო მმართველი გუნდი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გახვეულა. თუმცა, არაპოლიტიკოს წევრებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩენიან. შესაბამისად, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, კოალიციის რიგებში ცვლილება ამ კუთხითაც შევიდეს.
კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გასულ წელს "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძეც იყო, რომელიც საქართველოს საგარეო კურსთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და რუსეთთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური პოზიციისაგან მკვეთრად განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებდა.
განსაკუთრებით ხმაურიანი კი მისი განცხადება აღმოჩნდა იმის თაობაზე, რომ მალე სტალინის პორტრეტი ყველა კაბინეტში დაიკიდება. პარტია "მრეწველები" პარლამენტში 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება "ეროვნულ ფორუმს", პარლამენტში მათ 6 დეპუტატი ჰყავთ. სკანდალური განცხადებებით ნაკლებად გამოირჩევიან, თუმცა პარლამენტში მძინარე გუბაზ სანიკიძის ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი ფოტო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანაც კი დაჰქონდა და სხვადასხვა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენებდა.
სიის გადახალისება რომ აუცილებელია, ამაზე პოლიტოლოგები თანმხდებიან, თუმცა ამას სხვადასხვაგვარად ხედავენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში კოალიციისადმი მაინცადამაინც თბილი დამოკიდებულება არაა. ამიტომ, იგი ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს.
მისი თქმით, მოსალოდნელიც იყო, რომ სპორტსმენები და მსახიობები მომდევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან, ან მინიმალური დოზით იქნებიან წარმოდგენილნი. თუმცა, მიიჩნევს, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არ იქნება.
აქვე იმასაც დასძენს, რომ კოალიციას სიის შესავსებად დიდი არჩევანი არ აქვს და თუ ამას მაინც მოინდომებს, მათ ისეთი ადამიანები სჭირდებათ, რომელთაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს.
მიიჩნევს, რომ თუ სია ისეთი ადამიანებით იქნება სავსე, რომლებიც შესაძლოა, მართლაც ძალიან განათლებულები, მაგრამ საზოგადოებისათვის უცნობები იქნებიან, კოალიცია იმხელა მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რაც პროპორციული სიით დეპუტატების პარლამენტში გაყვანისთვისაა საჭირო.
"მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კოალიციაში შემავალ პარტიებს შორისაა, წინასაარჩევნოდ მისი დაშლა მართებული არ მგონია. შესაძლოა კვოტები სხვაგვარად გადანაწილდეს, მაგრამ დაშლა, ან გამოყოფა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორი. ამ კოალიციამ, ასე თუ ისე, იმუშავა და არ მგონია, ამომრჩეველი პარტიებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დაეკარგათ. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება და სიტუაციის შესწავლაა საჭირო. საკითხავია, რა უფრო მეტ შედეგს მოუტანს კოალიციას - დაშლა თუ ერთად ყოფნა?
"შესაძლოა, ამ პარტიებს, ცალ-ცალკე აღებულს ბევრი მხარდაჭერი არც ჰყავდეთ, მაგრამ აქ შედეგს ერთობა იძლევა. როცა ძალა ერთიანია, საზოგადოებას მისდამი სხვა დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე პარტიისადმი. სწორედ ესაა მთავარი.
"ამიტომ, თუ კოალიციას რომელიმე პარტია გამოეყოფა, ბუნებრივია, ის ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლებს და ხმები უბრალოდ დაიქსაქსება. შესაძლოა, "ფორუმმა" ან "მრეწველებმა" იმდენი ხმა ვერ აიღონ, რომ ბარიერი გადალახონ, მაგრამ კოალიციას ეს ხმები მაინც მოაკლდება", - ამბობს ძაბირაძე.
გარდა ამისა, მისი თქმით, თუკი კოალიციიდან რომელიმე პარტიის გაშვებას აპირებდნენ, ეს შემოდგომაზე, სექტემბერში უნდა გაეკეთებინათ. ახლა დაშლას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომ, ეს ყველაფერი, ძაბირაძის აზრით, ასაწონ-დასაწონია. მისი თქმით, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ კოალიციის დაშლა მოინელონ და ახალი რეალობაც შექმნან.
კოალიციის პროფესიონალებისაგან, ყველა თაობის მეცნიერებისაგან დაკომპლექტებას მოითხოვს პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და ამბობს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ. თუკი იქ შედიან, ნათელია, რომ პირადი მიზნები ამოძრავებთ - საკუთარ ბიზნესს ლობირებენ და ა.შ.
"ეროვნულ ფორუმსაც" პატივს ვცემ და "მრეწველებსაც", მაგრამ ფაქტია, რომ ცალკე ვერცერთი მათგანი ვერაფერს მიაღწევს. ეს პარტიები ბიძინა ივანიშვილს მიეტმასნნენ. მათი იდეოლოგია სხვადასხვაგვარია. ეს კი დაპირისპირებასა და მუშაობის პროცესში წინააღმდეგობებს იწვევს.
"ამიტომაც მიმაჩნია, რომ თავად პარტია "ქართული ოცნება" უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და პარტიის სახე და ხასიათი მიიღოს. მერე კი დამოუკიდებლად იმოქმედოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იგი.
აქვე კვესელავა იმასაც დასძენს, რომ ამ პარტიების კოალიციიდან გასვლას "ოცნებისათვის" არანაირი უარყოფითი შედეგი არ ექნება, რადგან მათი რეიტინგი დაბალია. "მათი მხარდამჭერების რაოდენობა 10 ათასს ალბათ არც აღემატება. ეს კი პროცენტულად არაფერს ნიშნავს. იმის გამო, რომ "მრეწველები" და "ფორუმი" კოალიციაში არ იქნებიან, ხელისუფლება 10 ათას ხმას დაკარგავს, მაგრამ 50 ათასს მიიღებს", - აცხადებს პოლიტოლოგი.