თაკო მათეშვილი
14.01.2016

 პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ თურქეთში ტერორისტული აქტები გაგრძელდება. ამბობს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საკმარისზე მეტი მტერი ჰყავს, ამიტომ ამის გამკეთებელი ბევრია.

მისი შეფასებით, თურქეთში ვითარება კრიტიკულია. აქ ერთმანეთს არაერთი ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის ჯგუფი უპირისპირდება. მეტიც, არეშიძის თქმით, ერთმანეთს საქართველოში მცხოვრები თურქებიც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი.

მოგეხსენებათ, 2 დღის წინ ქალაქ სტამბულის ცენტრში, სულთან აჰმედის ისტორიულ მოედანზე მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

ოფიციალური ვერსიით, 27 წლის სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სტამბულის ტურისტულ ცენტრში, აია სოფიას ტაძრისა და ცისფერი მეჩეთის მიმდებარედ, ტრამვაის გაჩერებასთან აიფეთქა. თურქულმა ჟანდარმერიამ ადგილზე მისი სხეულის ნაწილებიც აღმოაჩინა და მისი ასაკი და წარმომავლობა სწორედ ამის მეშვეობით დაადგინეს.

ტერაქტის შემდეგ სტამბულში რეიდები დაიწყო და 60-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის სამი რუსეთის მოქალაქეა. ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

მამუკა არეშიძე: თურქეთი უაღრესად რთულ მდგომარეობაშია როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, ერთი მხრივ, ქურთულ მუშათა პარტიასთან და, მეორე მხრივ, სირიის პროცესშია ჩართული.

ტერაქტის მომწყობი უამრავი შეიძლება იყოს - როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური ნიშნის მატარებელი ჯგუფები. ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ ქურთებსაც და სირიელებსაც. როგორც გაირკვა, ამჯერად სირიელმა აიფეთქა თავი, თუმცა არავინ იცის, იგი ასადის მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე.

ერდოღანის ამბიციურმა პოლიტიკამ თურქეთს სერიოზული დესტაბილიზაცია მოუტანა და ეს ტერაქტიც სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

"რეზონანსი": მომხდარ ტერაქტში სავარაუდო კავშირისათვის რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე?

მ.ა: ეს ტერაქტი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ რომ არ გამოეყენებინათ, გამიკვირდებოდა კიდეც. ერთმანეთთან კონფლიქტში ჩაბმულ სახელმწიფოებს ასეთი რამ ახასიათებთ. მსოფლიო ისტორიამ ამის უამრავი მაგალითი აჩვენა. არავინ იცის, მართლაც არიან დაკავებულები ტერაქტთან კავშირში თუ არა, ან მართლაც არიან თუ არა "ისლამური სახელმწიფოს" წევრები. თურქეთი რუსეთის მოქალაქეებით სავსეა. დარწმუნებული ვარ, თურქული მედია ამ ტერაქტში რუსეთს დაადანაშაულებს. ეს დაპირისპირებული ქვეყნების ჩვეულებრივი პოლიტიკური ტაქტიკაა.

"რ": რა განწყობა მოსახლეობაში? როგორც ვიცით, ხელისუფლებისა და კონკრეტულად ერდოღანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ძლიერდება..

მ.ა: მეც ვიცი, რომ ასეა. თურქეთის ხელისუფლების მიმართ სერიოზული პროტესტია. თუმცა, რუსეთის მიმართაც ასეა.

"რ": რა შეიძლება თურქეთის ხელისუფლებამ ტერაქტების თავიდან ასარიდებლად გააკეთოს?

მ.ა: იმ ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც ერდოღანმა დაანთო, რთულია. მან მოახერხა და ყველა გადაიკიდა - მტერიც და მოყვარეც. საახალწლოდ თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღლუსა და გენშტაბის უფროსს ნატო-ს ჯარების ამერიკელ სარდალთან ანკარაში შეხვედრა ჰქონდათ. როგორც მერე ითქვა, ამერიკულმა მხარემ ბევრი საყვედური მიიღო იმ პოლიტიკის გამო, რომელიც ქურთებთან ურთიერთობის დალაგებასა და ანტიასადურ პოლიტიკაში მათ გამოყენებაზეა ორიენტირებული.

დავითოღლუმ ამერიკელებს პირდაპირ უთხრა, რომ ეს ყველაფერი თურქეთში მცხოვრებ ქურთებს, რომლებიც ოფოციალურ ანკარასთან საომარ რეჟიმში არიან, სტიმულს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთებით დასახლებული 13 რაიონიდან ხელისუფლება მხოლოდ რვას აკონტროლებს. დანარჩენ რაიონებში კი სამოქალაქო დაძაბულობა იმდენად მაღალია, რომ კონტროლს აღარ ექვემდებარება.

საქართველოშიც კი დღეს თურქეთის მოქალაქეები, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულები. ამას ქართული საზოგადოება ვერ ამჩნევს, მაგრამ ჩვენ, საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა ვიცით, რომ ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე თურქები ერთმანეთს საქართველოშიც კი ებრძვიან. სხვათა შორის, ამისთვის ხშირად ქართულ პრესასაც იყენებენ. წარმოიდგინეთ, თავად თურქეთში რა ხდება.

ამიტომაც ვამბობ, რომ თურქეთის ხელისუფლებას ამ ცეცხლის ჩაქრობა ძალიან გაუჭირდება. ახლა იგი ცდილობს, ინვესტიციები მოიზიდოს და ამას მიაღწია კიდეც - საუდის არაბეთიდან 600 მილიარდამდე საინვესტიციო პაკეტს ელოდება. ეს თურქული ეკონომიკისათვის სერიოზული დახმარება იქნება, რომელიც რუსეთზე დიდწილად იყო ჩამოკიდებული.

გარდა ამისა, თურქეთმა საერთო ენის გამონახვა დაიწყო პაკისტანთან, რომელსაც რეგიონში ირანის აქტიურობა მაინცადამაინც არ მოსწონს. ასე რომ, შეიძლება ახალი კავშირებისა და ინვესტიციების მეშვეობით ერდოღანმა ქვეყანაში არსებული შინაგანი აგრესია ცოტა ჩაახშოს, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდება.

"რ": ანუ, ტერორისტულ აქტებსა და არეულობას თურქეთში მომავალშიც ელით?

მ.ა: რასაკვირველია, ეს აუცილებლად მოხდება. ერდოღანს იმდენი მტერი ჰყავს, რომ ტერაქტების მატებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.

"რ": რამდენად იმოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენზე, როგორც მეზობელ ქვეყანაზე?

მ.ა: აქ საქმე მხოლოდ ტერორისტულ აქტებში არაა. სამეზობლოში დესტაბილიზაცია ქვეყნის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. გაიხსენეთ, როგორ იმოქმედა საქართველოზე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ჩეჩნეთის ომმა, ან ყარაბაღის კონფლიქტმა. უამრავი ლტოლვილის მიღება მოგვიწია და ა.შ.

საკმარისია, სამოქალაქო დაპირისპირება თურქეთშიც გამწვავდეს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური აქტივობა შემცირდება და ყოველთვის საფრთხის ქვეშ ვიქნებით, რომ ამ დესტაბილიზაციამ ჩვენთანაც შეიძლება შემოაღწიოს. მდგომარეობა თუ გართულდება, ჩემი აზრით, ეს მოხდება.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალაფიტების (ვაჰაბიტების) ნაკადი საქართველოშიც ხვდება. აქ არიან ჩრდილოეთკავკასიელები, აზერბაიჯანის მოქალაქე სალაფიტები, რომლებიც თურქეთში მიდიან, საქართველოს მოქალაქეებიც. ეს ადამიანები, პრაქტიკულად, არა მხოლოდ სირიაში იბრძვიან, არამედ თურქეთშიც საკმაოდ აქტიურები არიან რადიკალური ისლამის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

რადიკალური ისლამის გაღვივებას ერდოღანიც ცდილობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამ პროცესის მართვა შეეძლო. თავად ერდოღანის მთავრობაც ისლამისტური შეფერილობისაა, ოღონდ ზომიერი. რადიკალური ისლამის შეჩერება კი ძალიან გაუჭირდება, რადგან ამის მომხრეთა რიცხვი თურქეთში, განსაკუთრებით კი პერიფერიაში, დღითიდღე იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×