ია აბულაშვილი
14.01.2016

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, გამარჯვების რა შანსი აქვთ პოლიტიკურ ძალებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, "რეზონანსი" ექსპერტს, პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

"რეზონანსი": ახალ წელს ახალი ძველი მთავრობით და გადაუჭრელი პრობლემებით შევხვდით.

პეტრე მამრაძე: ახალ პრემიერ-მინისტრზე გარდა კარგისა, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეც კარგად წარმოაჩინა თავი, შესანიშნავად ეჭირა თავი პარლამენტშიც და მისმა თავდაჭერამ საზოგადოებას რელიეფურად აჩვენა "ნაცმოძრაობის" უკულტურობა და აგრესიულობის დონე. რაც შეეხება მემკვიდრეობას, მას ერგო მანკიერი, ე.წ. პატრონ-კლიენტური სისტემა, რომელსაც კვირიკაშვილი ვერ შეცვლის, რადგან ეს მის შესაძლებლობებს აღემატება; დღესაც კოლიციაში ივანიშვილი არის მათთვის პოალიტიკური და ფინანსური კეთილდღეობის წყარო და მისი სიტყვა გადამჭრელია. ამ მანკიერ სისტემაში ცალკეული თანამდებობის პირი, თუნდაც პრემიერი ბევრს ვერაფერს შეცვლის.

თუმცა კვირიკაშვილს აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი და ასევე ზომიერია თავის გამოსვლებში, ამით შეიძლება მან პატივისცემა და ნდობა დაიმსახუროს როგორც გუნდის შიგნით, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში. რაც შეეხება მასშტაბურ რეფორმებს, რომლის გატარებაც აუცილებელია ერისა და სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარებისათვის, ცალკეული პიროვნებისათვის ჭარბი მნიშვნელობის მინიჭება არასწორია.

"რ": ახალ წელს თავის ეშხს მატებს საშემოდგომო არჩევნები და არჩევნებამდე ათი თვით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, თუნდაც გავიხსენოთ ალასანიას ბოლო განცხადებები.

პ.მ: ალასანიას გუნდთან დაკავშირებით დიდი ხანია ჟონავს ინფორმაცია, რომ გუნდი პრაქტიკულად დაშლილია და მის წევრებს მიაჩნიათ, რომ თანამდებობის დატოვება შეცდომა იყო, რომ ამით ვერაფერი მოიგეს და, პირიქით, წააგეს. სხვა საქმეა, რამდენად გამოიყენებენ ღარიბაშვილის წასვლას საბაბად, რომ დაბრუნდნენ კოალიციაში და რამდენად მისაღები იქნება ეს მმართველი დაჯგუფების ლიდერებისათვის. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მე პირადად ვერ ვხედავ შანსს, რომ ალასანიას ჯგუფმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს 2016 წლის არჩევნებში და მეეჭვება, რომ საერთოდ ბარიერი გადალახონ.

"რ": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ "რესპუბლიკელები" კარგა ხანია ემზადებიან პოსტივანიშვილის რეალობისათვის და აქვთ შანსი, თავაზიანად გაემიჯნონ მმართველი ძალის არაპოპულარულ ნაბიჯებს.

პ.მ: რესპუბლიკური პარტია ახლა განსაკუთრებულ სიტუაციაშია. ის ივანიშვილის წყალობით მოხვდა პარლამენტში და იმის გამო, რომ ალასანიას გუნდმა დატოვა უმრავლესობა, ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მათი ხმების გარეშე პრობლემურია მინისტრების დანიშვნა, რთულია მთავრობისთვის ნდობის მიღება და ა.შ. ყველას გვახსოვს, შარშან როგორი დარწმუნებით განაცხადა ღარიბაშვილმა, რომ მხოლოდ 2 მინისტრი შეიცვლებოდა, მაგრამ ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ შეიცვლებოდა სამი მინისტრი და მესამე იქნებოდა თინა ხიდაშელი. ეს გამართლდა კიდეც.

მოგვიანებით უსუფაშვილმა საჯაროდ თქვა, რომ მან თვითონ "შესთავაზა" ღარიბაშვილს, "რესპულიკელებისთვის" მინისტრის ორი სავაძელი მიეცა. ცხადია, "ოცნებამ" ეს შეთავაზება მიიღო იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა. ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ მაშინვე გავრცელდა ხმა, რომ აპირებდნენ ზოგიერთი მინისტრის შეცვლას, მათ შორის პაატა ზაქარეიშვილის, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ "რესპულიკელებმა" იქით მოითხოვეს კიდევ ერთი სავარძელი. ამ ინფორმაციის სიზუსტეს ვერ დავადასტურებ, მაგრამ ლოგიკური ნამდვილად არის.

დღეს "რესპულიკელებს" პარლამენტში უჭირავთ მნიშვნელოვანი პოზიციები, აქვთ რეალური ბერკეტები და იყენებენ მათ.

"რ": მოხდება თუ არა "ოცნების" პარტიული სიის მნიშვნელოვანი გადახალისება?

პ.მ: ივანიშვილს ეს ნამდვილად უნდა. მამუკა არეშიძემ უკვე განაცხადა, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა და საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზები ელისო. ვნახოთ. ივანიშვილს შეუძლია, უპრობლემოდ მოიშოროს "მრეწველები" და "ფორუმი", სპორტსმენებიც და მსახიობებიც და მიიწვიოს ის, ვინც მას უნდა, მაგრამ ერთადერთი პრობლემა არის "რესპულიკელები".

"რ" თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ გადადგომიდან ორი წლის შემდეგ საგრძნობლად გაფერმკრთალდა მისი ერთპიროვნული გავლენა, თანაც საარჩევნო წელს თავადაც არ არის მზად ქირურგიული ჩარევისთვის და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებსო.

პ.მ: ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდება, მაგრამ არაფორმალურად დღესაც მისი გუნდის წევრები უყურებენ როგორც "ხაზეინს", როგორც ადამიანს, რომელიც წყვეტს დანიშვნებს და საპარლამენტო სიის შემადგენლობას და ა.შ. შეიძლება ითქვას, ის არაფორმალურად, მაგრამ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. მე პირადად სიებს არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვინაიდან არ ველი, რომ სიაში მოხვდებიან ის პიროვნებები, ვინც შეძლებს მართვის მანკიერი სისტემის შეცვლას და რეფორმების გატარებას.

"რ": იმასაც ამბობენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ღარიბაშვილიც, რომელმაც შეიძლება ახალი პარტიაც კი შექმნას.

პ.მ: ღარიბაშვილი თავისი ნებით ამას არასდროს გააკეთებს, ხოლო ივანიშვილი არ დაავალებს, ვინაიდან ღარიბაშვილის ახალი პარტია მხოლოდ დააბნევს საზოგადოებას და ამომრჩეველს.

"რ": "ნაციონალებიც" ძალიან იმედიანად არიან და აცხადებენ, რომ არჩევნების გზით გაისტუმრებენ ამ ხელისუფლებას.

პ.მ: "ნაციონალებს" ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ; "ქოცების" დახმარებით მათ შეინარჩუნეს ორგანიზაციის და ფინანსების დიდი ნაწილი და მცირე (დაახლოებით 10%-იანი), მაგრამ აქტიური ელექტორატი.

"რ": ანუ, მომავალ არჩევნებში "ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ეყოლება?

პ.მ: ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ "ოცნებას" მართლაც მაღალი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს, მიუხედავად კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა. "ოცნების" ხელშია ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი და ამას მაქსიმალურად გამოიყენებს, ისე, როგორც გამოიყენეს ჯარი საგარეჯოში და ახლა უკვე პროტესტი ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჯარის გამოყენებას აპირებენ ქვემო ქართლში ვადამდელ არჩევნებზე.

ცხადია, ქართველი ბიზნესმენები ვერ გაბედავენ სხვა პარტიების დაფინანსებას "ოცნების" გარდა და, მეორე მხრივ, საქართველოში დღეს არ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ მოიპოვონ საერთო-სახალხო მხარდაჭერა და შეებრძოლონ "ოცნების" ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს. ასევე მაჟორიტარულ სისტემაში მოსალოდნელია, "ოცნების" წარმომადგენლებმა ტოტალური გამარჯვება მოიპოვონ და, შესაბამისად, "ოცნება" შექმნის უმრავლესობას პარლამენტში.

"რ": პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს რა ბედი ელით, მათი გაერთიანება ხომ არ მოხდება?

პ.მ: ჩვენთან ყველაფერი მოსულა, გაიხსენეთ ნინო ბურჯანაძის გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატებთან" და კუკავას "მემარჯვენეებთან". პარლამენტს გარეთ დარჩენილი ცნობადი სახეები და მათი მცირე ჯგუფები შეიძლება ნებისმიერ კონფიგურაციაში გაერთიანდნენ, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ რაიმე სერიოზული ძალა შეიქმნას. აქ ვგულისხმობ ბურჯანაძის პარტიასაც, ალასანიასაც, "პატრიოტთა ალიანსსაც" და სხვებსაც.

"რ" ანუ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და "ოცნება" უძლეველია?

პ.მ: ჩვენი განვითარების დღევანდელი დონიდან გამომდინარე, ხელისუფლების ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მორევა შეიძლება მაშინ, როდესაც ხალხი იმდენად მწარდება, რომ იწყება საერთო-სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინააღმდეგ; ასეთ დროს დიდ რიცხვთა კანონით ყოველთვის მოიძებნება ქარიზმატული ლიდერი, რომელიც საერთო-სახალხო მხარდაჭერით სარგებლობს. ასე მოხდა "ვარდების რევოლუციის" დროს 2003 წელს, ასე მოხდა 2012 წლის შემოდგომაზე, ციხის კადრების ჩვენების შემდეგ. წელს მსგავსი რამ ნაკლებად არის მოსალოდნელი. ამბოხი შეიძლება მხოლოდ ფინანსურმა კოლაფსმა გამოიწვიოს. მადლობა ღმერთს, დღეს ამის ალბათობა მაღალი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×