ვანო მთვრალაშვილი: მსოფლიოში ნავთობი კიდევ გაიაფდება, ხოლო საქართველოსკენ დამატებითი ინვესტიციები წამოვა
ელზა წიკლაური
15.01.2016

 ირანი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებისთვის ემზადება. თეირანში ამბობენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყანა მეორე კვირიდანვე მსოფლიო ბაზარს დღიურად დამატებით 500 ათას ბარელ ნავთობს მიაწვდის. სანქციების შესაძლო მოხსნაზე საუბრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც. დასავლეთში პირდაპირ ამბობენ, რომ ირანი ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება.

თეირანისთვის სანქციების მოხსნა მსოფლიოს კიდევ უფრო გაიაფებულ ნავთობს, საქართველოს კი დამატებით ინვესტიციას მოუტანს, - ასეთ დასკვნას აკეთებს საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე და ირან-საქართვლოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ირანმა და "ექვსეულმა" (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) ხელშეკრულებას ხელი გასული წლის ზაფხულში მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე.

ოფიციალურმა თეირანმა პირობა დადო, რომ ურანს 15 წლის განმავლობაში 3,67%-ზე მეტად აღარ გაამდიდრებდა და ურანის გასამდიდრებელ ქარხანა "ფორდოს" ტექნოლოგიურ ცენტრად გადააქცევდა.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ ირანში მუშაობა უკვე დაასრულა და როგორც თეირანში ვარაუდობენ, საბოლოო დასკვნას უკვე დღეს, 15 იანვარს გამოაქვეყნებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაგჩი აცხადებს, რომ უკვე შემდგომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მორეგინი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

არაგჩის თქმით, სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ირანი ნავთობის ექსპორტის დღიურ ნორმას 500 ათასი ბარელით გაზრდის, ეს კი სანციების მოხსნიდან მეორივე კვირას მოხდება. სანქციების მოხსნისთანავე ირანი გაყინულ აქტივების წვდომას მიიღებს, რომელიც ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით, 50 მლრდ დოლარს შეადგენს.

თეირანის ანალოგიურად სანქციების მოხსნას პროგნოზირებენ დასავლეთშიც. "ირანი დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან დადებული პირობის ძირითადი ნაწილი შეასრულა.

"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაცნობა, რომ რეაქტორიდან გამოდევნილია პლუტონიუმი და მომდევნო რამდენიმე საათში იგი ბეტონით გაივსება და განადგურდება", - განაცხადა ჯონ კერიმ.

დასავლური მედიის ცნობით, ირანმა დადებული პირობის შესაბამისად უკვე შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოთხოვნა და შეამცირა ცენტრიფუგების რაოდენობა.

რამდენიმე დღის წინ სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. მისი თქმით, შეთანხმების განხორციელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ირანის საწინააღმდეგო სანქციები საკმაოდ მალე გაუქმდება.

ირანისთვის სანქციების მოხსნის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის შემცირებას ვარაუდობს საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე და ირან-საქართვლოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი ვანო მთვრალაშვილი.

"ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ირანი არის მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა. გარდა ამისა, ბუნებრივი აირის დადგენილი მარაგებით, ირანი ითვლება ნომერ პირველ სახელმწიფოდ, რუსეთზე უფრო მეტი რესურსი გააჩნია მას. როდესაც საუბრია სანქციების მოხსნაზე, ეს გულისხმობს ნავთობზე ემბარგოს მოხსნას, მათ შორის, ექსპორტზე.

იმ პირობებში, როდესაც ნავთობზე ფასი არის ძალიან დაბალი და მიწოდება აჭარბებს მასზე მოთხოვნას, ცხადია, დამატებითი ნედლეულის მიწოდება ფასს აუცილებლად შეამცირებს. რამდენად შემცირდება ირანზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ ნავთობის ფასი, რთული საქთმელია, თუმცა, ცხადია, რომ იგი დაიკლებს", - განუცხადა "რეზონანსს" მთავრალაშვილმა.

ირანისთვის სანქციების გაუქმებით საქართველოც "იხეირებს". ირანელებს უკვე შეეძლებათ საქართველოში ინვესტიციები თავისუფალ რეჟიმში განახორციელონ. საქართველოში ბიზნესის დაწყებით კი ბევრი ბიზნესმენია დაინტერესებული.

"თუკი ეს სანქციები საბოლოო გაუქმდა, საქართველო შეიძლება განხილონ ტერიტორია, რომლის საშუალებითაც ირანი განახორცრელებს გაზის და ნავთობის ტრანსპორტირებას ევროპაში. გარდა ამისა, ირანელების ინტერესი უკავშირდება სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, სამშენებლო ბიზნესს, სანქციების მოხსნის შემდეგ მათ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. საქართველო მათი გაგებით აღქმულია როგორც თავისუფალი, ლიბერალური ბაზრის მქონე ქვეყანა, სადაც კორუფცია არაა. დაინტერესება არსებობს ჩვენი გეორგაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებითაც", - დასძინა მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×