"საქართველოს განვითარების ფონდის" წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" ახალი სახეების მოძიებას ვერ ახერხებს, რადგანაც არც ერთ ინტელექტუალ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანს ამ პარტიასთან ურთიერთობა არ სურს.
ამის მიზეზად პოლიტოლოგი ოცნების მართვის პრინციპს მიიჩნევს. მისი თქმით, განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს არ სურთ, რომ ვინმეს გავლენის და მორჩილების ქვეშ მოექცნენ.
ლაგაზიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართულ ოცნებას" ხალხის არჩევნებზე მიყვანის სერიოზული პრობლემა ექნება. ამიტომაც დასავლეთთან უშუალო მოკავშირის - "რესპუბლიკელების" კოალიციიდან წასვლას გამორიცხავს.
მისი აზრით, "ოცნებას" არჩევნებისთვის ეს პარტია ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნო სიებში უფრო მეტი "რესპუბლიკელი" ვიხილოთ.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" პარტიაში ახალი სახეების მოყვანას თუ შეძლებს?
ხათუნა ლაგაზიძე: ეს ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - ახალ სახეებს "ქართული ოცნება" რამდენად პერსპექტიულ ძალად მიაჩნია, მეორე ის, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა დარჩენილი 4 წლის განმავლობაში კოალიცია პოზიციებს და ხომ არ მივალთ შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.
"ოცნების" სამომავლო პერსპექტივა რომ სერიოზული კითხვის ქვეშ დგას, ყველამ კარგად იცის. დღეს ამ პარტიას ძალიან ბერი ცნობილი სახე სიაში ჩასმაზე უარს ეუბნება. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად უპრეცედენტო მოვლენაა.
ამ ხალხს მიაჩნია, რომ მართველი პარტიის მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია. ამიტომაც საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებს საკუთარი მომავლის კითხვის ქვეშ დაყენება არ სურთ. მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი უარს ამბობს, "ოცნებაში" დამკვიდრებული მართვის პრინციპია.
ეს არის თავისუფალი აზრის და ინოვაციის ჩახშობის პრინციპი. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი მომავალი "ქართულ ოცნებას" დაუკავშირონ. პროფესიონალიზმი და თავისუფალი აზრი ამ პარტიაში ვერ ხარობს. ამაში კი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა უფრო კარგად დაგვარწმუნა.
"რ": შესაძლოა, რომ "ქართული ოცნების" სიაში მოქმედ ლიდერთაგან ზოგიერთი საარჩევნოდ ვეღარ ვიხილოთ?
ხ.ლ: "ქართული ოცნება" სავსეა ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანით. ამ პარტიის საფირმო ნიშანი უვიცობა და გაუნათლებლობაა. მათ იმის კვალიფიკაციაც კი არ ყოფნით, რომ ის ადამიანები, რომლებიც უტიფრობის და უვიცობის ნიმუშები არიან, გვერდზე გაწიონ.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერის დახმარებით ამ დაღის მოცილებას შეეცდებიან. რამდენად მოახერხებენ ამას, უკვე დრო გვიჩვენებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გიორგი კვირიკაშვილს საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას რამდენად მიაღებინებენ.
ამჟამად "ოცნების" მთავარ პრობლემას საპარლამენტო სიის დაკომპლექტება წარმოადგენს. თუ ხალხი სიაში ისევ მორჩილების პრინციპით შევა, მაშინ გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება დამარცხებისთვის განწირულია.
"რ": რას იტყვით, ბოლო დროს გავრცელებულ ვარაუდზე, რომ წინასაარჩევნოდ "რესპუბლიკურმა" პარტიამ შესაძლოა "ოცნების" რიგები დატოვოს?
ხ.ლ: "რესპუბლიკური" პარტია "ოცნებასა" და დასავლეთს შორის ერთგვარ საკონტაქტო ხიდს წარმოადგენს, ამიტომაც არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ხალხის კოალიციიდან წასვლა პოლიტიკურად მომგებიანად მიაჩნდეს.
"რესპუბლიკელების" გარეშე ისინი წინასაარჩევნოდ დასავლეთის ნდობისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან. რეიტინგდაკარგულ პარტიას, არ მგონია, რომ კიდევ მსგავსი სახის პრობლემები აწყობდეს.
"რ": თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი "რესპუბლიკური" პარტია საარჩევნო სიებში საკუთარ წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს, ამას "ოცნება" უპირობოდ დათანხმდება?
ხ.ლ: გააჩნია "რესპუბლიკური" პარტიის რეიტინგს. მართალია, მათ დასავლეთთან ექსკლუზიური პარტნიორობის საშუალება და უფლება აქვთ, მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც სიის შემდგენი ითამაშებს.
ხოლო ვინ იქნება ეს, ცხადზე ცხადია, ივანიშვილმა გააკეთა უკვე განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს.
"რ": წინასაარჩევნოდ მთავრობაში რადიკალური ცვლილებები თუ იქნება?
ხ.ლ: რა თქმა უნდა, საარჩევნოდ კიდევ უფრო რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ხელისუფლებას, როდესაც საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი არა აქვს, ის სანახაობას აუცილებლად გამართავს და ყველა იმ ადამიანს მოიცილებს თავიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი სიმპათია არა აქვს.
"რ": როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის არჩევნებზე მიყვანა პრობლემა იქნება?
ხ.ლ: რა თქმა უნდა, საზოგადოებაში, სერიოზული პესიმიზმი და იმედგაცრუება სუფევს. ამ არჩევნებს ის პოლიტიკური ძალა მოიგებს, რომელიც ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანას შეძლებს.