ნინო ქეთელაური
15.01.2016

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. როგორც მინისტრმა განაცხადა, შსს სამინისტრო განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი, შეურიგებელი და ამ გზაზე იქნებიან წარმატებულები.

გიორგი მღებრიშვილმა პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა, მეორე მოადგილედ დავით ვარდიაშვილი, ხოლო მესამე მოადგილედ - დავით მალანია. როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა მოადგილე პიროვნული და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებით შეარჩია.

საკუთარი მოადგილე წარადგინა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამაც. მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი იქნება. როგორც დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გიორგი ლილუაშვილი ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს.

როგორ ფიქრობთ, დაიწყო თუ არა მთავრობის გადახალისების პროცესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "როდისღა უნდა გადაახალისონ?! - ვეღარაფერს მოასწრებენ. ეს არის თვალის ახვევა. დავით ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა და ერთი კაცის გამოცვლით რამე შეიცვლება?!"

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ეს უბრალოდ გავლენების გადანაწილების პროცესია. მოიშორეს ერთი და ჩანააცვლეს მეორე ადამიანით, ვგულისმობ პრემიერ-მინისტრს და ახლა ვის როგორც შეუძლია, ინაწილებს საკუთარ გავლენებს.

მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც საკუთარ პოზიციაზე რჩება და იმყარებს საკუთარ პოზიციებს, "ქართუ ჯგუფის" კადრებს ნიშნავს სხვადასხვა პოზიციებზე. მოკლედ, ეს უბრალოდ მარტივი გავლენის სფეროების გადანაწილეებაა და მეტი არაფერი."

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "მთავრობის გადახალისების პროცესი პერმანენტულად ყოველთვის მიმდინარეობს და ეს არ მიმაჩნია სენსაციებისა და გაკვირვების საგნად. კადრების ცვლა სხვადასხვა მიზეზით მიმდინარეობს.

ზოგჯერ თავად შეატყობს ადამიანი, რომ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზოგჯერ სხვები მიუთითებენ და ცოტა უბიძგებენ, რომ სხვა ადგილზე უფრო გამოგვადგებიო. ყველაფერზე რომ ერთი ამბავი ავტეხოთ - არიქა, გაკოტრდა "ქართული ოცნება" და ჩაძირვა დაწყებული გემის მესვეურები ნელ-ნელა ტოვებენ გემს და იპარებიანო, ეს იქნება ნაჩქარევი დასკვნა.

შევხედოთ ამას კარგი თვალით, ვინც წავა, ხელი მოუმართოს, ვინც მოვა, მასაც ხელი მოუმართოს."

 ირმა სოხაძე  (მომრერალი): "გარკვეულწილად მაგასაც შეიძლება ნიშნავდეს იმიტომ, რომ რა დასამალია და ჩვენი მთავრობა გადახალისებას ნამვილად საჭიროებს. ძირეულ ცვლილებებზე მე ვერაფერს ვიტყვი, მინისტრების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს და ჩემთვის მიუღებელი არც ერთი მინისტრ არ არის, მაგრამ თუ შიგნით უფრო ქმედითუნარიან მოადგილეებს მოიყვანენ, ამაში ცუდი არც არაფერია და შესაძლოა ეს ბევრ სამინისტროს ძალიანაც წაადგეს. თუ მოადგილეები შეიცვლებიან, ბევრ შემთხვევაში ეს ძალიანაც კარგი იქნება."

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  "გადადგილება რატომ ნიშნავს რამე საგანგაშოს? ეს ჩვეულებრივ პროცესად მიმაჩნია. ღმერთმა არ აქნას, ცუდ რამეს ნიშნავდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×