ასაკის, სქესისა და პროფესიის მიუხედავად მთელი საქართველო ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად გაერთიანდა - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ისტორიული შანსი აქვს, რომ ნბა-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვდეს.
"ოლ სთარში" მონაწილეობის მისაღებად "დალას მევერიქსის" ცენტრი ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის არჩევნებში საუკეთესო სამეულში უნდა მოხვდეს. ხმის მიცემის პროცესმა კი მთელი საქართველო გააერთიანა. საბოლოო შედეგები 18 იანვარს გამოქვეყნდება.
ქართველ გულშემატკივარს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად რამდენიმე საშუალება აქვს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით ზაზა ფაჩულიას ყოველ 24 საათში ერთხელ სპეციალური საჯარო სტატუსით მხარი დაუჭიროს. ამის გარდა, ქართველს ქომაგს შეუძლია კიდევ ერთი ხმა NBA.com-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით მისცეს.როგორც კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად კოტრიკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველ მოთამაშეს "ყველა ვარკვლავში" მოხვედრის შანსი გაუჩნდა.
"ხმის მიცემა 18 იანვრამდე გრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზაზა ფაჩულიას მხარი დაუჭიროს.
"ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციას აღმოსავლეთ და დასავლეთის ორი კონფერენცია აქვს, სადაც გუნდები თამაშობენ. მთელი წლის განმავლობაში ეს გუნდები რეგულარულ ჩემპიონატში ერთმანეთს ხვდებიან.
"ამის შემდეგ, პირველ 8 ადგილზე გასული დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები წყვილებს ქმნიან, რომლებიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩემპიონობისათვის ერთმანეთს ფლეი-ოფში ეჯიბრებიან. საბოლოოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩემპიონი გუნდები ერთმანეთს ფინალში ხვდებიან, რის შედეგადაც ნბა-ს ჩემპიონი გამოვლინდება.
"ამის პარალელურად, სეზონის შუაში, თებერვლის შუა რიცხვებში "ოლ სთარის" მატჩი ტარდება, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის საუკეთესო მოთამაშეები ხვდებიან ერთმანეთს.
"თითოეულ ჯგუფში 12 მოთამაშეა, საიდანაც 5-ს მაყურებელი ირჩევს, დანარჩენ 7 მოთამაშეს კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული მწვრთნელები.
"ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი კალათბურთელი შესაძლოა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე აღმოჩნდეს. ესაა საჩვენებელი თამაში, რომლის შედეგსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მასში მონაწილეობა დიდი პატივია.
"ამ თამაშის ანგარიშს არანაირი სპორტული ინტერესი არ აქვს, მაგრამ იქ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეები იკრიბებიან, ამიტომ ზაზა ფაჩულიას მოხვედრა ძალიან კარგი იქნება. იმისათვის, რომ ზაზა ფაჩულია "ყველა ვარსკვლავის" გუნდში მოხვდეს, იმ სიაში, სადაც მერვე ადგილასაა, სამეულში უნდა გადაინაცვლოს," - განაცხადა კოტრიკაძემ.
ხატია ცარციძე (ჟურნალისტი, 25 წლის): "ზაზა ფაჩულია შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის საუკეთესო მაგალითია. სამწუხაროდ, "ყველა ვარსკვლავის" კამპანიასთან დაკავშირებით ქართველების არაჯანსაღი შეფასება მესმის, თითქოს ის ამერიკას ემსახურება, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.
"ზაზა ფაჩულია ყოველი თავისი მოძრაობით, ბურთთან ყოველი შეხებით, მთელი სულით და გულით საკუთარ ქვეყანას ემსახურება.
ჩვენ ყველას ერთად გვაქვს საშუალება ქართული სპორტის ისტორია დავწეროთ და მერე თაობებს მოვუყვეთ, რომ ამ ისტორიაში მონაწილეობა მივიღეთ. იმის წარმოდგენაც, რომ ზაზა მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ითამაშებს, განსაკუთრებული ემოცია მეუფლება. ზაზა ფაჩულია "ყველა ვარსკვლავის" თამაშზე თუ მოხვდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ ჩვენს ქვეყანას სპორტი უყვარს. საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშგასაწევი გახდება."
ირაკლი კუპრაძე (სტუდენტი 21 წლის): "ზაზა ფაჩულიას მიმართ ქართველების გულშემატკივრობამ მართლაც უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ნომერი პირველი არ არის.
ჩემი მხრიდან ზაზას გულშემატკივრობა სხვადასხვა სუბიექტური მოტივებითაა გამოწვეული. პირველი - სეზონი, რომელსაც ის ახლა ატარებს, მომწონს, ზაზა ფაჩულიას ჩვეულზე უფრო საუკეთესო სეზონი აქვს. შესაძლებელია მცირე ნაციონალური სოლიდარობის მომენტიც მქონდეს, რაც უარყოფით მოვლენად სულ არ მიმაჩნია.
ზოგადად კონკურსი სწორედ სუბიექტური მოტივებით გადაწყვეტილების მიღებას ითვალისწინებს. სწორედ ეს არის კონკურსის თავისუფლება, თორემ საპირისპირო რომ ყოფილიყო, შეარჩევდნენ 10 საუკეთესო სპეციალისტს და "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მოთამაშეებს სწორედ ასე კვალიფიციურად გამოარჩევდნენ.
ზაზა ფაჩულია ნბა-ში უკვე 12 წელია თამაშობს, თუმცა აქამდე არასდროს არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ მას "ყველა ვარსკვლავის" თამაში უნდა ეთამაშა."
თამილა სალბიშვილი (პედაგოგი, 42 წლის): "კალათბურთის გულშემატკივარი არ ვარ და ყოველდღე არ ვუყურებ, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ზაზას იქ მოხვედრა დიდი პატივია.
ძალიან მინდა, რომ ზაზამ საქართველო ასახელოს. ასეთი პატარა ქვეყნის შვილი, რომ "ყველა ვარსკვლავში" მოხვდება, ძალიან კარგია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ თუ შესაძლებელობა აქვთ და სოციალური ქსელით სარგებლობენ, ზაზა ფაჩულიას მხარი დაუჭირონ."
თორნიკე აბაშვილი (სტომატოლოგი 36 წლის): "ვისაც როგორ შეგვიძლია, ზაზა ფაჩულიას მხარი უნდა დავუჭიროთ. ძალიან გამიხარდება "ყველა ვარსკვლავის" თამაშზე ქართველი თუ მოხვდება. მართლაც ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებულ საქმეში ჩემი წვლილი შემაქვს. მისთვის ხმის მიცემა ყოველდღიურ საქმიანობად მექცა."
სოფიო ბიჭიაშვილი (დიასახლისი, 26 წლის): "ძალიან მინდა ზაზა ფაჩულია "ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვდეს. ხმას ყოველდღე ვაძლევ. იმედია, ჩვენი გულშემატკივრობა შედეგს გამოიღებს და სამეულში მოხვდება."
გვანცა კაკაურიძე (იურისტი, 30 წლის): "ზაზა ფაჩულიას მხარს არა მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართველია, არამედ ის საკმაოდ ძლიერი მოთამაშეცაა. მოხარული ვიქნები, თუ ასეთი მსოფლიო დონის თამაშზე ქართველ მოთამაშეს ვიხილავ."