ლიკა ამირაშვილი
16.01.2016

 "თავისუფალი დემოკრატები" გავრცელებულ ხმებს მმართველ კოალიციაში მათი შესაძლო დაბრუნების შესახებ გადაჭრით უარყოფენ. პარლამენტარ ნინო გოგუაძის თქმით, სანამ "ოცნება" არაფორმალური მმართველობის ქვეშ იქნება, მანამდე "თავისუფალი დემოკრატები" ამ ხელისუფლების ოპოზიციაში დარჩებიან.

მისი თქმით, "დუმოკრატების" დამოკიდებულება მმართველი კოალიციის მიმართ პრემიერის შეცვლის შემდეგ არ შეცვლილა.

ნინო გოგუაძე: ჩვენ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს პიროვნულად ძალიან დადებით ადამიანად ვახასიათებთ. მისთვის სიძულვილის ენა უცხოა და მიგვაჩნია, რომ მას სურვილი არ აქვს, რომ საზოგადოებაში სიძულვილი გააღვივოს. საერთოდ კომპეტენტური ადამიანია, მაგრამ რაც შეეხება "ოცნებასთან" ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის დანიშვნით ეს ურთიერთობა არ შეცვლილა.

ღარიბაშვილთან, როგორც პიროვნებასთან კი არ გვქონდა პრობლემა, ირაკლი ღარიბაშვილის ოპოზიციაში კი არ ვიყავით, არამედ ვიყავით და ვართ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპოზიციაში.

იმ ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, რომელმაც სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზირება მოახდინა, ისევე როგორც ეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. ამ ხელისუფლების პერიოდში მივიღეთ პოლიტიკური პროკურატურა, მურუსიძის სასამართლო, მართვის არაფორმალური პრინციპი. ეს ყველაფერი ჩვენ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს მშენებლობასთან გვაშორებს, რომლის იდეითაც ჩვენ მაშინ გავერთიანდით და რითიც ხელისუფლებაში მოვედით. ასე რომ, ღარიბაშვილის შეცვლით ეს პრობლემები არ დაძლეულა. ჩვენ ვართ "ოცნების" ხელისუფლების პრინციპულ და ღირებულებით ოპოზიციაში.

"რეზონანსი": თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციაში დაბრუნდნენ.

ნ.გ.: ამ შესაძლებლობას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ჩვენ ღირებულებების და პრინციპების ერთგული გუნდი ვართ. სწორედ ამ პრინციპების გამო დავუპირისპირდით ხელისუფლებას.

ჩვენ ვართ ოპოზიციაში და არანაირი მოლაპარაკება ჩვენ შორის არ იქნება. "თავისუფალი დემოკრატები", როგორც დამოუკიდებელი გუნდი, არჩევნებში მონაწილეობას ისე მივიღებთ.

"რ": გიორგი კვირიკაშვილთან ყოველთვის კრგი ურთიერთობა გქონდათ. იგივე ურთიერთობა თუ შენარჩუნდება?

ნ.გ.: კვირიკაშვილთან ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ჭიქა ყავაზე ვხვდებოდეთ. ჩვენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. პიროვნულად ვახასიათებთ დადებითად. საერთოდ, არ გვჩვევია ადამიანებისთვის იმის დაბრალება, რისი ღირსიც არ არიან, მაგრამ არანაირი პიროვნული ურთიერთობა ჩვენ შორის არ ყოფილა.

"რ": რა უნდა შეიცვალოს, რომ "ქართულ ოცნებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" დაახლოება მოხდეს?

ნ.გ.: პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს გამოვრიცხავ, რადგან ყველა სტრატეგიულ და პრინციპულ გადაწყვეტილებას როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში ბატონი ბიძინა იღებს. სანამ ეს პრინციპი შენარჩუნდება, ჩვენ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში ვიქნებით.

გუშინ მოვისმინეთ კიდეც, რომ ბატონ ბიძინას უთქვამს - სიების დაკომპლექტების დროს იმ დეპუტატებს, რომელთა პროფესიონალიზმი შესაბამის სიაში მოხვედრისას საკმარისი აღარ იქნება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დავასაქმებო. თქვენ ხედავთ, ბატონი ბიძინა ყველაფერში რა დონეზე ერევა. ეს რა თქმა უნდა, მისი ფუნქცია არ არის.

რა თქმა უნდა, არაფერი შეიცვლება და ისევ არაფორმალური მმართველობა იქნება, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×