რუსეთში მიგრანტთა ერთ-ერთ ცენტრში უყურადღებობისა და სათანადო პირობების არარსებობის გამო ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა
თიკო ოსმანოვა
16.01.2016

 რუსეთში, არალეგალ მიგრანტთა განთავსების ერთ-ერთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში მოქალაქე ყარამან ხეჩიკაშვილი გარდაიცვალა. ტრაგედიის, მიზეზი, ერთის მხრივ თავად ცენტრში არსებული სიტუაცია და, მეორე მხრივ, ბიუროკრატიული გაუგებრობა გახდა - დროულად ვერ გაირკვა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო გარდაცვლილი, რათა რუსეთიდან მისი დეპორტაცია მომხდარიყო.

რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც საქართველოს იუსტიციიის სამინისტროსგან დასტურს ელოდებოდა, რომ ქვეყანაში ჩამოსულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აღმოაჩნდა, რის გამოც მისი ჩამოყვანა არ განხორციელდა.

მომხდარის შესახებ ადგილობრივ მედიას ასევე მიგრაციის ცენტრში მყოფმა სომხეთის მოქალაქემ აცნობა, რომელმაც ცენტრში არსებულ არაადამიანურ პირობებზეც ისაუბრა.როსტოვი ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკში მდებარე მიგრაციის ცენტრში ყარამან ხეჩიკაშვილი 14 იანვარს საღამოს 6 საათზე გარდაიცვალა. როგორც სომხეთის მოქალაქემ ერთ-ერთი ადგილობრვი გაზეთის რედაქციაში დარეკვისას თქვა, საქართველოს მოქალაქე კუჭის წყლულს უჩიოდა, თუმცა მას სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს. მისი თქმით, ცენტრში ექიმები არ ჰყავთ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას კი დაცვის თანამშრომლები მხოლოდ ექსტრემალური სიტუაციის დროს იძახებენ.

მისივე თქმით, ექიმი ცენტრში მხოლოდ ხეჩიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ მივიდა და მათ ცენტრიდან ერთ-ერთი მძიმე უკრაინელი ავადმყოფიც წაიყვანეს. ხოლო ამჟამად ადგილზე 100 ადამიანი რჩება დეპორტაციის მოლოდინში.

"ხეჩიკაშვილის დასახმარებლად საკონსულო თავის დროზე ჩაერთო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ანუ, იუსტიციის სამინისტროში რომ გადმოაგზავნეს შესაბამისი მიმართვა, გაირკვა, რომ ეს პიროვნება ეროვნებით ქართველია, თუმცა არ აქვს მოქალაქეობა. საკონსულო კი კანონს ვერ დარღვევს და მოქალაქეობის არმქონე პირზე ვერ გასცემს დროებით დაბრუნების მოწმობას. ხოლო რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, ეს უკვე საკონსულოს გამოსაძიებელი არ არის", - უთხრეს "რეზონანსს" ჯანელიძის უწყებაში.

რუსეთში მცხოვრებ ეროვნებით ქართველის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო აგვარებს. მისივე თქმით, რუს კოლეგასთან შეხვედრისას ასეთ თემებზე არ საუბრობს.

"ეს არის საგარეო უწყების, საელჩოების და საკონსულო სამსახურების პრეროგატივა. მე და ჩემი რუსი კოლეგა პრაღაში განვიხილავთ მხოლოდ იმ ადამიანების ბედ-იღბალს, ვისაც ჯაშუშობის ბრალდება აქვს წაყენებული. ყველა საკითხს ჩვენ იქ ფიზიკურად ვერ განვიხილავთ, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა.

"მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ჩვენი ინტერსების სექცია არსებობს და კონკრეტულად ასეთ თემებზე მუშაობენ. სამწუხაროდ, ასეთი პრობლემები რუსეთში ბევრია. დიდი ქვეყანაა და შესაბამისად, ასეთი შემთხვებებიც ხშირია. თუმცა, პრაღის ფორმატში მხოლოდ სპეციფიკური კუთხით ხდება ასეთი შემთხვევების განხილვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, საზღვაგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევები ხშირია და, როგორც წესი, ასეთ პრობლემებს მინისტრის ჩაურევლად საკონსულოები აგვარებენ.

"ჩემი მინისტრობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი საკონსულოების საშუალებით მუდმივად ცდილობდა საზღვაგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. არ მახსენდება ისეთი პრობლემური დავა და შემთხვევა ჩვენს მოქალაქებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩემი უშუალო ჩარევა დასჭირვებოდა.

"ისე, ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი ქვეყნიდანაა გარდაცვალების და დაკავების შემთხვევები. საელჩოები და საკონსულოები მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებოდნენ ასეთ ფაქტებს და ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს", - გვითხრა ფანჯიკიძემ.

"რუსეთის მიგრაციის ცენტრში ვერ იქნება ნორმალური პირობები გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა არ არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე", - ამ განცხადებას კი ა/ო "მიგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი აკეთებს და 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეებს მასობრივ დეპორტაციას იხსენებს.

"რუსეთში მიგრაციის ცენტრში ადამიანებს რა პირობებში უწევთ ყოფნა, ნამდვილად არ ვიცი. იქ პარტნიორული ორგანიზაციებიც კი არ გვყავს, რომ რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ. რუსეთთან დაკავშირებით გვაქვს ყველაზე მწირი ინფორმაცია, რაც კი შეიძლება გვქონდეს. ზუსტად არც ის ვიცი, თუ რამდენ ხანს უწევთ ყოფნა, თუმცა, 3-4 დღეში რომ არ მოხდება, ნადვილად ვიცი, ამას გარკვეული დრო სჭირდება", - გვითხრა გოგიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის ცენტრში დეპორტაციის მოლოდინში მყოფი ადამიანის გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

2007 წელს 1 იანვარს საქართველოს მოქალაქე 38 წლის ზურაბ მუზოშვილი გარდაიცვალა. ამას კი წინ უძღოდა 2006 წლის ცნობილი მასობრივი დეპორტაცია ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტებით და საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალება. ამასთან დაკავშირებით საქართველომ სტარბურგის სასამართლოში რუსეთს დავაც მოუგო, რის შედეგადაც ჩრდილოელ მეზობელს ქართველებისთვის კომპესაციის გადახდა დაეკისრა.

სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მასობრივი დეპორტაციიდან 7 წლის მერე გამოცხადა, დადგინდა, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეების დევნის კოორდინირებული პოლიტიკა განხორციელდა. "სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოდევნის კოორდინირებული პოლიტიკა, რაც ადმინისტრაციული პრაქტიკის ტოლფასია", - ნათქვამი იყო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×