იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სისხლის სამართლის მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. მსგავსი რამ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა. საქმე ეხება მოსამართლე ლილი მსხილაძესა და 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მსხილაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი "მთელ კვირასთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საბჭო მხოლოდ იმ მოსამართლეებს უპირისპირდება, რომლებიც ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იქნენ არჩეული.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ინციდენტი მოსამართლეებს შორის ტელეკომპანია "იმედში" პოლიციის სპეცრაზმის შეჭრისა და 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების სასამართლო განხილვისას მოხდა.
მოსამართლე ლილი მსხილაძე 7 ნოემბრის და "იმედში" შეჭრის საქმეზე კოლეგიის თავმჯდომარე გახლდათ. 2015 წლის ოქტომბრის პროცესზე მოსამართლეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ადვოკატებმა ლილი მსხილაძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
მათი მტკიცებით, მოსამართლე მსხილაძე ვერ იქნებოდა ობიექტური, ვინაიდან ნოემბრის მოვლენების დროს იგი სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუდსმენის დასკვნა 7 ნოემბერის მოვლენებზე.
ადვოკატებმა სხდომაზე ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერიდან ამოღებული ვიდეომასალაც წარმოადგინეს, სადაც მოსამართლე "ნაციონალურ მოძრაობას" და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს.
თავდაპირველად, ვიდეომასალის ჩვენებაზე მსხილაძემ უარი განაცხადა, თუმცა კოლეგიის ორმა წევრმა დაცვის მხარეს უფლება მისცა მასალა დარბაზში ეჩვენებინათ. ამის გამო მოსამართლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
"არაფერი არ მაქვს დასამალი და სიმართლე ვთქვა, მაინტერესებს რა ინფორმაცია მოიძიეთ ჩემზე. მე არ მაშფოთებს ის ინფორმაცია, რაც აქ გაჟღერდება. მე მაშფოთებს ის პრეცედენტი რაც აქ შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ - ჩემმა კოლეგებმა აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა სასამართლოზე სხილაძემ.
ამ განცხადების შემდეგ კოლეგიაში შემავალმა ერთ-ერთმა მოსამართლემ დალი ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ ის საქმიდან თვითაცილებას ითხოვს და თავს მსხილაძის განცხადების გამო შეურაცხყოფილად გრძნობს.
მსხილაძემ სასამართლოს ერთგვარი შოუ უწოდა. მისი თქმით, ეს შოუ მიმართული იყო მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისაკენ.
გასულ პარასკევს ამ ინციდენტის გამო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დისციპლინარულმა კოლეგიამ მოსამართლე მსხილაძის წინააღმდეგ ისტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღძრული დისციპლინარული ბრალდების საქმის განხილვა დაიწყო.
თავად ლილი მსხილაძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მოსამართლის მიმართ სადისციპლინო დევნის დაწყების რეალური მიზეზი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს.
"ფორმალურად ლილი მსხილაძის მიმართ დევნის დაწყების მიზეზი პროცესის მიმდინარეობისას მისი განმარტება გახდა. მან განაცხადა, რომ კოლეგიის ორი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყეტილებას მის აცილებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებოდა. უმაღლესმა საბჭომ დისციპლინური დევნა სწორედ ამის გამო დაიწყო. მისი განცხადება კოლეგების მიმართ უპატივცემულობად ჩათვალა.
"თუმცა, ესაა ფორმალური მიზეზი. რეალურად დევნა სულ სხვა რამის გამო დაიწყო.
"ამ დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სისხლი სამართლის მოსამართლის მიმართ დევნა იწყება. ეს მოსამართლე იმ მოსამართლეთა ჯგუფში არ შედის, რომელიც თავისი ინტერესები გატარებას ცდილობს. მსხილაძე მოსამართლე 2005 წლამდე იყო და ახლა 2015 წელს დაინიშნა.
"შესაბამისად, ეს იმაზე მიუთითებს, ყოველ შემთხვევაში ეჭვებს აჩენს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეების დევნას და დასჯას იწყებს, რომელსაც ის საკუთარი გუნდის წევრად არ მოიაზრებს. ესაა ყველაზე აღმაშფოთებელი და ძალიან ცუდი პრეცენდენტი", - აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
როგორც ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ეთიკის კომისიისგან ყველა ის საჩივრები გამოითხოვეს, რომელიც მსგავსი ტიპის საქმეებს შეეხებოდა, რათა იმის დოკუმენტირება მოეხდინათ, რომ მსგავსი ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
"ამ დაკუმენტების გამოთხოვის შემდეგ ნათელი გახდებოდა, რომ ეს საქმე გამონაკლისია. როგორც მოველოდით, ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ამ დოკუმეტების გარეშეც არაერთი ფაქტი და არაერთი მოსამართლის განცხადება გამხდარა ცნობილი.
"არც ისე დიდი ხნის წინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს, მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა განაცხადა, რომ თავჯდომრის დანიშვნით კორუფციის ნიშნები შეინიშნებოდა. ამ ფაქტზე დისციპლინური დევნა არ დაწყებულა.
"ასევე დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ 2015 წელი შეაჯამა, ამის საპასუხოდ ფოთის საქალაქო სასამართლომ წერილობით განცხადება გააკეთა, რომ მისი შეჯამება ამორალური იყო და სხვა მსგავსი ეპიტეთებით მოიხსენია ბატონი ახვლედიანი. არცერთ შემთხვევში დევნა არ დაწყებულა, არავინ არ დასჯილა. ეს ერთადერთი შემთხვევა და გამონაკლისია, რაც საშიშ ტენდეციაზე მიუთითბს.
"ვფიქრობთ, რომ ეთიკის კომისია სწორ გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს და სათანადოდ არ შეაფასებს, ძალიან ცუდი ფაქტების წინაშე დავდგებით.
"ეს შემთხვევა ქართულ მართლმსაჯულებაში კიდევ უფრო უარეს შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მოსამართლეთა წარმომადგენლობას განვახორციელებთ და ვეცდებით, რომ ის, რაც იუსტიციის საბჭოს აქვს განზრახული, არ მოხდეს და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცეს. შემდეგი განხილვა 21 იანვარს იქნება", - აღნიშნა ჩოფიკაშვილი.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა, შესაძლოა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ესა თუ ის ნორმა არ ირღვეოდეს და ამის პრეცედენტიც არ არსებობდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ არ შეძლება მოხდეს.
"ეს შემთხვევა მოსამართლეთა კორპუსისთვის საკმაოდ ხმამაღალი და საჯარო დაპირისპირება იყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკის ზღვარზე გაკეთებული განცხადებებიც მახსოვს.
"რაც შეეხება დიციპლინურ დევნას და პრეცენდეტებს, შესაძლოა ასეთი პრეცენდენტი არ არსებობდეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ამით რაიმე დასკვნას ვერ გავაკეთებთ.
"ახლა დეტალების გახსნება, რა განცხადებები გაკეთდა და რა გარემოებები იყო, გამიჭირდება. თუმცა, მახსოვს ეს შეეხებოდა კოლეგიურ ორგანოში ერთ-ერთი მოსამართლის მიმართ აცილებას, რომელიც მისმა ორმა კოლეგამ დააკმაყოფილა. შემდეგ მოსამართლემ პოლიტიკის ზღვარზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თავისივე კოლეგებს საჯაროდ დარბაზში არ დაეთანხმა. როგორც მახსოვს ერთ-ერთმა კოლეგებამ უპასუხა კიდეც მოზომილად და ამით დამთავრდა. მეტი კონფლიქტი საჯარო სივრცეში, რამდენადაც მახსოვს, არ ყოფილა. ეს საკმარისი რამდენად შეიძლება იყოს, ამას ვერ გეტყვით.
"აქ სისწორეზე საუბარი რთულია, რადგან არსებობს საადვოკატო ეთიკა, სამოსამართლეო, აუდიტორიული, პროკურორთა და ა.შ., რომელიც გარკვეულ ზღრუბლებს აწესებს. იმ კორპორატიული ერთობის შიგნით რა არის მისაღები და რა არა, იქ დგინდება.
"როგორც ჩანს, ეს ეთიკის ნორმების დარღვევად ჩაითვალა. ეს ყველაფერი სწორია თუ არა, ამაზე ვერ გიპასუხებთ მანამ, სანამ თვითონ ის პროფესიული ერთობა არ იტყვის თავის გადაწყვეტილებას, - ჩავთვალეთ, რომ ჩვენ მიერ დადგენილი წესები დაირღვა. ჩვენ შეგვიძლია უკვე ეს წესები შევაფასოთ", - აღნიშნა ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, თავად განსახილველი საქმის შინაარსი პოლიტიკური იყო და მოსამართლეების განცხადებებსა და პოზიციებსაც პოლიტიკური შეფერილობაც ამიტომ მიეცა.
"ეს ჩვეულებრივი საქმე არ იყო, სწორედ ამიტომაც იყო პოლიტიკის ზღვარზე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ აცილების პროცესში შესაძლოა მოსამართლე ემოციებს აჰყვა, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, მისთვის კონკრეტული გარემოება რთულად გადასატანი იყო.
"იმ გარემოში, სადაც ეს საქმე განიხილებოდა, ამ ინციდენტს თავიდანვე პოლიტიკური მნიშვნელობა იმიტომ მიეცა, რომ პოლიტიკური საქმე განიხილებოდა.
"ახლა, რაც უპირობოდ შემიძლია ვთქვა ისაა, რომ კანონით და კონსტიტუციით მოსამართლეებს, მიუხედავად იმისა ისინი იხილავენ თუ არა საქმეს, პოლიტიკის მიღმა ყოფნა ევალებათ. სწორედ ამაში მდგომარეობს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლობა და გამიჯვნა. ამას ემატება ეთიკური ნორმებიც და ალაბთ ამ კუთხით წარიმართება მსჯელობა დისციპლინური სამართალდარღვევის დროს", - აღნიშნა ალაფიშვილმა.