გია მაისაშვილის აზრით, საქართველოს პარტნიორებთან მაღალი ნდობა არ აქვს პოზიციის ხშირი ცვლის გამო
სალომე სარიშვილი
19.01.2016

 "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას მაღალი კვალიფიკაცია, კომპეტენტურობა და ენერგეტიკის სფეროში კარგი გამოცდილების ქონაა საჭირო, რათა საქართველომ გარიგების უკეთესი მხარე მიიღოს, სხვა შემთხვევაში ეს ურთიერთობა სიკეთის მომტანი ვერ იქნება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლიდერთა სკოლის ხელმძღვანელი და ეკონომისტი გია მაისაშვილი.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია ქვეყანას მომარაგების დივერსიფიცირებული წყაროები ჰქონდეს, რათა მხოლოდ ერთ პარტნიორზე დამოკიდებული არ ვიყოთ.

ეკონომისტის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება უსაფრთხო და დაზღვეული უნდა იყოს, თუმცა ამის წინაპირობას მაისაშვილი ბევრი ფაქტორის გამო ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამ თემაზე საზოგადოების არაინფორმირებულობა გარკვეულ უნდობლობასა და ეჭვს იწვევს.

გია მაისაშვილი: ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ასეთი ძირეული ცვლილებები ხდება, ვგულისხმობ პრემიერის მოულოდნელ გადადგომას, ეს ასე აუხსნელად არ უნდა ჩატარებულიყო. ეს ზრდის ეჭვებს, მომავლის ბურუსით აღვსილობას, რაც არც ეკონომიკისთვის და არც იმედიანობისთვისაა კარგი. იმედის გარეშე კი არც ინვესტიცია იქნება ხარისხიანი და არც ეკონომიკა.

ამგვარი აუხსნელი ცვლილებებით საზოგადოებას მთავრობისადმი ნდობა ეკარგება, რაც მათივე რეპუტაციისთვისაა ცუდი. ამ საკითხის დეტალებს არ ვიცნობთ, რადგან შიდა სამზარეულოს შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ალბათ გონებადაბინდული უნდა იყო ადამიანი, ვერ ხვდებოდე ბიძინა ივანიშვილის ამ პროცესში და ზოგადად, მიმდინარე მოვლენებში ჩართულობას.

"რეზონანსი": ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური თემა "გაზპრომთან" ჩვენს ურთიერთობას უკავშირდება. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის "გაზპრომთან" მოლაპარაკება?

გ.მ: ურთიერთობა ყველასთან შესაძლებელია, თუმცა მთავარია ამ პროცესს თავად როგორ წარმართავ. უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს მთავარი კარტი სწორად უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ამას ძალიან მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, რათა "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში საქართველომ გარიგების უკეთესი მხარე მიიღოს. ამის ბერკეტი საქართველოს ნამდვილად აქვს.

ჩვენი ამოცანაა ქვეყანას მომარაგების დივერსიფიცირებული წყაროები ჰქონდეს, თუმცა ეს უსაფრთხო უნდა იყოს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ყველაფერს მაღალი კომპეტენცია სჭირდება, რასაც ვერ ვატყობ ვერც ეკონომიკის სფეროში მომუშავე პირებს და ვერც ენერგეტიკაში. ეს ძალიან სათუა პროცესია, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება, პრაქტიკა, კომპეტენტურობა და ენერგეტიკული გარიგებების წარმოების უნარი სჭირდება.

ვინ აწარმოებს ამას? - სახელმწიფო ბიუროკრატები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს ენერგეტიკული ბაზარი. ეს ყოველივე კი ეჭვებისა და საშიშროების საფუძველს იძლევა. მითუმეტეს, რომ ეს ურთიერთობა ბურუსით მოცულია და ვერცერთ კითხვაზე პასუხს ვერ ვიღებთ.

აქედან გამომდინარე, ჩემი, როგორც მოქალაქისა და საერთაშორისო ენერგეტიკის სფეროში გამოცდილების მქონე პირის ნდობა, ძალზედ დაბალია.

"რ": ექსპერტულ წრეებში ითქვა, რომ ამ პროცესმა შესაძლოა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთანაც შეგვიქმნას პრობლემა. თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრების შესახებ?

გ.მ: როდესაც არაკომპეტენტურად იქცევი, რასაკვირველია ამან შესაძლოა აზერბაიჯანელ პარტნიორებთანაც შეგვიქმნას პრობლემა. მითუფრო მაშინ, როდესაც სიურპრიზებს უცბად სთავაზობ, შესაძლოა ნდობის ფაქტორმა დაიწიოს. თუმცა ჩვენ აზერბაიჯანელ პარტნიორებთანაც უნდა გვქონდეს გამჭრიახი პოზიცია, რუსეთთანაც, ევროპელებთანაც, ირანთანაც და ყველასთან.

ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა კარგი მომწოდებელი გყავდეს, მხოლოდ მასზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, რადგან დივერსიფიცირებული მოწოდება უნდა გაგვაჩნდეს და ვიღაცის კეთილ ნებაზე დაყრდნობილი არ უნდა დავრჩეთ. ამას კი სჭირდება მოთამაშეები, რომლებმაც თამაში კარგად იციან, ანუ, ე.წ გარიგების კარგი შემქნლები, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა და ამ საკითხის დეტალები იციან.

"რ": როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეუქმნის ეს პროცესი საფრთხეს ჩვენს ევროპულ კურსსა და დასავლეთთან ურთიერთობას? მითუფრო იმ ფონზე, როცა რამდენიმე თვეში ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნის შედეგები უნდა გავიგოთ...

გ.მ: ვფიქრობ, საქართველოს ინტერესები ამ შემთხვევაში ყველა პარტნიორმა უნდა გაითავისოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან თამაშს დამსგავსებული ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კავშირი ამერიკასთანაც გაგვიწყდება, ევროპასთანაც და ყველა სხვა პარტნიორთან. ჩვენი მიზანია გვქონდეს მაღალი ნდობა, რადგან ასეთ დროს ადვილია კარგი გარიგების მიღწევა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მაღალი ნდობა არცერთ ჩვენს პარტნიორთან, რადგან ყოველ დღე აზრს ვიცვლით, ეს კი არასერიოზული და ჩამოუყალიბებელი ხალხის პოზიციაა. გარიგების შემქმნელები ასე არ იქცევიან. ევროპელებს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა გვიჭრდება, რაშიც მათი დახმარება მნიშვნელოვანია.

თუ ჩვენ პირს დავაღებთ და თავად ვერ ავუხსნით მათ რა არის ჩვენი მიზანი, თუ ყოველდღიურად პოზიციას შევიცვლით - დღეს ერთს ვიტყვით, ხვალ კი უცბად ბრიფინგს მოვაწყობთ და პრემიერი გადადგება, რა თქმა უნდა, ევროპა არასანდო პარტნიორად ჩაგთვლის.

"რ": ზოგადად, საგარეო კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე რას ფიქრობთ?

გ.მ: რასაკვირველია ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება ძალიან პოზიტიურია, თუმცა ამას კარგი გამოყენება სჭირდება, რათა დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციას მივაღწიოთ. ერთადერთი პროგრესი საქართველოსთვის მხოლოდ ასე თუ მიიღწევა, რადგან ქართველი ხალხის კეთილდღეობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თუმცა საამიდისოდ საჭიროა თავად გავერკვეთ ჩვენ რა გვინდა და ევროპას შემდეგ ველაპარაკოთ.

დასავლური კურსი კი არაა საბოლოო მიზანი, არამედ საქართველოს კეთილდღეობა და ამ კურსის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენებაა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენსავე საზოგადოებას ვერ ვუხსნით რატომ გვინდა დასავლეთი და რატომაა ეს ჩვენთვის კარგი, ეს ხალხს მკაფიოდ უნდა დავანახოთ.

რატომ გვინდა დასავლეთის ნაწილი გავხდეთ? იმიტომ, რომ ადამიანის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური აღმავლობის დინამიზნის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების გზა სწორედ აქეთ მიდის. ამიტომ გვინდა მათთან ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსაწონი არ იქნება, თუმცა ეს ყველგან ასეა. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ რელიგიურ ფანატიზმსა და ნაციონალურ შოვინიზმში არ გადავარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×